"მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო ჩვეულებრივი მოღალატეობრივი განცხადება და ის შეიცავს დანაშაულის ნიშნებს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო ჩვეულებრივი მოღალატეობრივი განცხადება და ის შეიცავს დანაშაულის ნიშნებს"

"2007 წელს რა განცხადებაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, ეს იყო ჩვეულებრივი მოღალატეობრივი განცხადება და ის შეიცავს დანაშაულის ნიშნებს",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა ჯერ მომხდარი არ არის საზღვრის დელიმიტაცია -დემარკაცია და ამ დროს ქართველი მესაზღვრეები უკან იხევენ, ხოლო პრეზიდენტი აცხადებს, რომ სიმაღლეებს უთმობს აზერბაიჯანს, ეს ქვეყნის ინტერესების ღალატია.

"ის ამბობს ასეთ რამეს, რომ სიმაღლეს დაიკავებენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, თუმცა, მონასტრები დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, თუ სიმაღლეს დაიკავებენ და ქედს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, ეს ორი მონასტერი უდაბნო და ჩიჩხიტური ავტომატურად ხვდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და იქ მისვლა მხოლოდ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ნებართვით არის შესაძლებელი. როცა ჯერ მომხდარი არ არის საზღვრის დელიმიტაცია -დემარკაცია და ამ დროს ქართველი მესაზღვრეები უკან იხევენ და პრეზიდენტი აცხადებს, რომ სიმაღლეებს უთმობს აზერბაიჯანს, ეს ქვეყნის ინტერესების ღალატია და სხვას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ,"- განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება დავით დარჩიაშვილის პროკურატურაში დაბარებას, როგორც სუბარი აცხადებს, მასთან რაიმე პრეტენზიები არ არსებობს, ხოლო თუ დარჩიაშვილს ამ საკითხზე რაიმე ინფორმაცია აქვს, კითხვებს უნდა უპასუხოს.

"დავით დარჩიაშვილი არის ჩემი კურსელი და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები. როცა მე გარეჯში ვმსახურობდი, ის ჩამოდიოდა ჩემთან და ის მაშინ იყო ხელისუფლებაში და თუ რამე იცის ამ საკითხზე, რასაკვირველია, კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს. კონკრეტულად რა კითხვებია მის მიმართ მე არ ვიცი", - განაცხადა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"