"ჩემი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი 30 ლარი რომ ავი­ღე, წა­ვე­დი და ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს რა­ღაც ვუ­ყი­დე" - კვირის პალიტრა

"ჩემი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი 30 ლარი რომ ავი­ღე, წა­ვე­დი და ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს რა­ღაც ვუ­ყი­დე"

მართალია, ბავშვობიდანვე იცოდა, მომავალში რა საქმის კეთება სურდა, მაგრამ უმაღლესი განათლება რადიკალურად განსხვავებულ სფეროში მიიღო. სამაგიეროდ, ეს გამოცდილება შვილის აღზრდისას გამოადგა - იცის, რომ პროფესიის არჩევისას ბავშვს საკუთარ აზრს თავს არ მოახვევს... რაც მთავარია, დღეს მაინც სწორედ იმ საქმეს აკეთებს, რაც თავად სურს."ახალი შაბათის შოუს" მსახიობი და სცენარისტი ციაკო ფიფია საკუთარი "საქმიანი" გამოცდილების შესახებ ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

- ფულის საჭიროება სკოლის მოსწავლეობიდანვე გავიაზრე: დავინახე, ბავშვები ბუფეტში რაღაცას ყიდულობდნენ. მივხვდი, საჭირო იყო, ხურდა მქონოდა, რომ რაღაც მეყიდა. მაშინ ყვითელი 50-თეთრიანები იყო - ყველაზე მეტად მიყვარდა! მამაჩემი რომ მაძლევდა, მეგონა, მთელ სკოლას ვიყიდდი (იცინის).

- საკუთარი შემოსავლის მოთხოვნილება როდის გაგიჩნდა?

- მეათე-მეთერთმეტე კლასში. ჯიბის ფული ყოველთვის მქონდა: მამა ყოველთვის მაძლევდა, დედაც, ბაბუც, ბებოც... მიუხედავად ამისა, სულ მინდოდა, საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული მქონოდა. მუშაობის დაწყება მსურდა... დაახლოებით მერვე კლასში ვიყავი. ინგლისურ ენაში მასწავლებელთან ვემზადებოდი. ჩემს მეზობლად 10-11 წლის ტყუპი ბავშვი ცხოვრობდა. ისე მოხდა, რომ ინგლისურში მეცადინეობისას დახმარება სჭირდებოდათ. რამდენჯერმე დავეხმარე. მერე მათმა მშობელმა მითხრა: - გვინდა, ბავშვები კვირაში 3 დღე ოფიციალურად მოამზადოო. თავდაპირველად შემრცხვა, მაგრამ დაიჟინა, - ვხედავ, რომ მთელი გულით ამეცადინებო... მოკლედ, ჩემი პირველი ხელფასი 30 ლარი იყო, რომელსაც თვის ბოლოს ველოდი ხოლმე (იცინის). არადა, შეიძლებოდა, ხელფასის წინადღეს ბაბუაჩემს 50 ან 100-ლარიანი ეჩუქებინა, მაგრამ ჩემს კუთვნილ ჰონორარს ყოველთვის სხვანაირად აღვიქვამდი.

- გახსოვს, პირველი ჰონორარი რაში დახარჯე?

- როგორ არ მახსოვს?! ბლოკნოტიც მაქვს, სადაც ჩემი ბავშვობიდან რაღაცები აღწერილი მაქვს... მოკლედ, ჩემი შრომით მოპოვებული პირველი 30 ლარი რომ ავიღე, წავედი და ოჯახის ყველა წევრს რაღაც ვუყიდე: ბაბუს და მამას - წინდები, ჩემს დას - პატარა თოჯინა, ბებოს - საყურე, დედას - ბეჭედი, ჩემს მცირეწლოვან ძმას - საჩხრიალო, ჩემთვის კი - ლამაზი ფერადი წინდები შევიძინე.

- ამ ყველაფრისთვის 30 ლარი გეყო?

- კი, ხურდაც დამრჩა. მახსოვს, ოჯახის წევრებმა მითხრეს კიდეც: - ყოჩაღ, ცია, რამდენი რაღაც გიყიდია, როგორ შეძელიო?!.

- დღესაც ასე გონივრულად ანაწილებ შემოსავალს?

- ხომ იცი, რაც უფრო ცოტა გაქვს, მით უფრო ეკონომიურად და ჭკვიანურად ხარჯავ. ნელ-ნელა რომ იზრდები, შემოსავალიც მეტი გაქვს და გგონია, უფრო მეტის დახარჯვის უფლება შეგიძლია მისცე თავს. მოკლედ, რაც უფრო მეტია, მეტს ხარჯავ, ასე არაა? პანდემიის დაწყებამდე ოჯახის თითქმის ყველა წევრი ვმუშაობდითი. ახლა ისე მოხდა, რომ მხოლოდ მე ვმუშაობ, ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში, ასე ვთქვათ, შემომტანი მე ვარ. შესაბამისად, თანხა სწორად უნდა გავანაწილო, სხვა გზა არა მაქვს. ყოველ შემთხვევაში, თვიდან თვემდე ნორმალურად გვყოფნის. თან, ფულის გადადება მიყვარს. ასეთ დროს უფრო მშვიდად ვარ. ჰოდა, ფულის გადადებაც მოვახერხე.

- მას შემდეგ, რაც ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ, კრიზისული პერიოდი გქონია?

- ძალიან დამოუკიდებელი არასოდეს ვყოფილვარ, რადგან დედა ყოველთვის ყველანაირად მეხმარება, მათ შორის - ფინანსურად.

- დედა რას საქმიანობს?

- ამერიკაშია. წინათ, როგორც ყველა ქართველი იწყებს მუშაობას, ბავშვების მომვლელი იყო... ბევრი შრომის, წვალების, ჯაფის შემდეგ, დღეს კაფეს ერთ-ერთი მეწილეა. ამ კაფეში მუშაობა თავად დაიწყო... საერთოდ, დედა ისეთია, რასაც ხელს მოჰკიდებს, არ არსებობს, არ გამოუვიდეს... იხილეთ სრულად