"დედას რობიკო სტურუასთვის უთხოვია, ის ბორბლებიანი კუბო, იქნებ მე მაჩუქო, ჩემი შვილები ისეთი ოხრები არიან, დაეზარებათ ჩემი დასაფლავება და..." - კვირის პალიტრა

"დედას რობიკო სტურუასთვის უთხოვია, ის ბორბლებიანი კუბო, იქნებ მე მაჩუქო, ჩემი შვილები ისეთი ოხრები არიან, დაეზარებათ ჩემი დასაფლავება და..."

ამ ოჯახის თითოეული წევრი იუმორის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა: მამა - ბიძინა ფერაძე, დედა - თინა ჟორჟოლიანი, შვილები - ილიკო და გია. მათ შორის ყველაზე პოპულარული - რუსთაველის თეატრის მსახიობი გია ფერაძე იყო, რომლის გარდაცვალებიდან 25 წელზე მეტი გავიდა. მის გასახსენებლად მხოლოდ ორი როლის დასახელებაც საკმარისია: სპექტაკლი "კავკასიური ცარცის წრე" და ფილმი "არასერიოზული კაცი".თაობა, რომელიც მას არ იცნობდა, გაიზარდა და მსახიობი ფილმებითა და მასზე მომზადებული გადაცემებით შეიყვარა. "ფეისბუკზე" გია ფერაძეზე რამდენიმე გვერდია შექმნილი, სადაც სისტემატურად დებენ ახალ-ახალ ფოტოებს. რამდენიმე წლის წინ, მსახიობის მხურვალე გულშემატკივარმა რუსთაველის თეატრის წინ, ცარცით შექმნა გია ფერაძის "ვარსკვლავი" და სახელის გვერდით გულიც მიახატა.

80 წელს გადაცილებული ილიკო ფერაძე ამაყობს ოჯახით და იმით, რომ ძმის მეგობრები მას "ბიძინიჩს" ეძახიან. გთავაზობთ ბატონი ილიკოს მოგონებებს.

არტისტული პედაგოგი

- მამა - ბიძინა ფერაძე მრავალი წლის განმავლობაში ჩემი გაოცების საგანი გახლდათ. ინგლისური ენის მასწავლებელი იყო, შემდგომ განათლების სამინისტროში მუშაობდა სკოლების სამმართველოს უფროსის მოადგილედ. არასოდეს ეკავა დიდი თანამდებობა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, სულ ახალ-ახალი ადამიანები ჩნდებიან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ბატონი ბიძინა ან მათ, ან მათ მშობლებს ინგლისურს ასწავლიდა და დიდი სიყვარულით იგონებენ პედაგოგს. მამამ თავისი მიდრეკილება მსახიობობისკენ შესანიშნავად გამოიყენა პედაგოგობაში. ძალიან არტისტულად ატარებდა გაკვეთილებს. იგონებდა მაგალითებს და შედარებებს, რათა მოსწავლეებს ადვილად აეთვისებინათ უცხო სიტყვები და ყველაფერს ძალზე ხატოვნად წარმოადგენდა.მახსენდება, მე-7 ვაჟთა სკოლაში მესამე კლასში ვიყავი, როცა მამა ჩემს კლასსაც ასწავლიდა. იგი პირველივე გაკვეთილიდან იპყრობდა მოსწავლეთა ყურადღებას. მამა-მასწავლებლის პირველი სიტყვები მეც და ჩემს მეგობრებსაც კარგად დაგვამახსოვრდა: "მე მოვედი, რომ ინგლისური ენა შეგასწავლოთ, მაგრამ რა უნდა გასწავლოთ, როდესაც თქვენ უკვე კარგად იცით ეს ენა. ყველამ იცით სიტყვა - "ფუტბოლ", "ფუტ" არის ფეხი, "ბოლ" არის ბურთი. იცით აგრეთვე "კორნერი", ეს ინგლისურად კუთხეს ნიშნავს. იცით "ოფსაიდი", "პენალი", "ბასკეთ-ბოლი" და სხვა"... მამამ უამრავი მაგალითი მოიყვანა გავრცელებული ინგლისური სიტყვებისა და გაკვეთილის ბოლოს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლა გრძნობა, თითქოს მართლაც ვიცოდით ინგლისური ენა და მისი დაუფლება არ გაგვიჭირდებოდა. ასევე იყო სხვა გაკვეთილებზეც და მოსწავლეები სულ გასუსულები ისხდნენ. სკოლაში "ძნელი კლასი" მამასთვის არ არსებობდა. იგი საოცარი უნარით პოულობდა საერთო ენას ყველანაირ მოწაფესთან და ყველაზე რთული კლასიც კი ადვილად "მოთვინიერებული" ჰყავდა. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მკაცრად გახედავდა კლასს, მარჯვენა წარბს ასწევდა, რაც უკვე განგაშის მოახლოებას ნიშნავდა და კლასიც წყნარდებოდა.

ჯანსუღ კახიძის ძეობა

- მამას უბნელი და ახლო მეგობარი იყო ვანიჩკა - ჯანსუღ კახიძის მამა. როდესაც ჯანო დაიბადა, სულ მთლად ქათქათა თეთრი იყო, თითქმის ალბინოსი. არც მერე ყოფილა მაინცდამაინც შავტუხა... მამაჩემს ძეობაზე საჩუქრად მუქი ზეწრები მიუტანია: ბავშვი ლოგინში არ დაგეკარგოთ და დაფერთხვისას, ზეწარს თან არ გააყოლოთო...

"ჩემოდანში მოყოლილი ცხვირი"

- დედამ - თინა ჟორჟოლიანმა ბავშვობა თბილისსა და ოზურგეთში გაატარა. ცელქი ბავშვი ყოფილა. ბიძის - სანდრო ჟორჟოლიანისა და მისი მეგობრების - ცეცილია წუწუნავას, სესილია თაყაიშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის გავლენით, თავიდანვე ოცნებობდა მსახიობობაზე. დედა ბავშვობიდან სახლში აწყობდა სპექტაკლებს და რაც რამე რეკვიზიტი დასჭირდებოდა, დედამისისა და ბებია პელაგია ბერეჟიანის გარდერობიდან მიჰქონდა. ამიტომ იყო სულ დაკარგული ნივთების ძებნა და ყვირილი. ამ იმპროვიზებულ სპექტაკლებზე იგი სწრაფად გარდაისახებოდა და არაჩვეულებრივად ჰბაძავდა ამა თუ იმ მეზობელს ან სტუმარს. დედა იგონებდა: "დავიბადე დიდი არეულობის დროს (1919 წელი), ჩემი მშობლები ქალაქიდან ქალაქში გარბოდნენ და მე, ერთადერთ ქალიშვილს, ჩემოდნიდან ჩემოდანში მტენიდნენ. ვფიქრობ, ერთ-ერთი ასეთი გადარბენის დროს ცხვირი ჩემოდნის სახურავში მომყვა და ფორმა საშინლად იცვალა, რაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მტკივნეულ ამბად იქცა". სწორედ "ჩემოდანში მოყოლილი ცხვირის" გამო ვერ გაბედა თეატრალურში ჩაბარება და ოცნების ახდენა. წამოიზარდა და იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა. ბედმა დაარწმუნა, რომ არცთუ ისე უიმედოდ იყო საქმე, რადგან რომაული პროფილის მქონე ლამაზი მეგობრების გულის გასახეთქად, რომლებიც თვალებს უჟუჟუნებდნენ ქალაქში გამორჩეულ ბიძინა ფერაძეს, დედამ ჯერ მიიპყრო მისი ყურადღება და შემდეგ ცოლადაც გაჰყვა. - ე.ი. არც ისე მახინჯი ვყოფილვარ, თუ ასეთმა კაცმა, ამდენ ლამაზ გოგოში მე ამირჩია! - ამაყად იმეორებდა თინა.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დედამ 40 წელი სამედიცინო ბიბლიოთეკაში იმუშავა. იგი არა მარტო საჭირო წიგნებით ამარაგებდა მკითხველებს და, როგორც თვითონ ხუმრობდა, ეხმარებოდა დისერტაციების გადაწერა-გადმოწერაში, არამედ სამკითხველო დარბაზიდან მოსაწევად გამოსულ აუდიტორიას ხშირად ცხელ-ცხელ ანეკდოტს უყვებოდა, რისი უბადლო ოსტატიც იყო. ექიმები ხუმრობდნენ, - ჩვენ რომ ასეთი განათლებულები ვართ, ქალბატონი თინას დამსახურებაა, ბევრს სულ სიცილ-სიცილით დაგვაცვევინა დისერტაციაო... მისთვის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში ყველა კარი ღია იყო - შესასვლელიდან დაწყებული, მთავარი ექიმის დერმატინის კარით დამთავრებული. ბორბლებიანი კუბო- ერთხელ რობიკო სტურუა მივიდა სტუმრად გიასთან. საუბრისას თინა ეუბნება: - რობიკო, "მეფე ლირს" როდის მოხსნით რეპერტუარიდან? - რაშია საქმე, თინა დეიდა? - ვერ მიხვდა რობიკო. - რაში და, მინდა გთხოვო, როდესაც მაგ სპექტაკლს აღარ აჩვენებთ, რეკვიზიტში რომ გაქვთ ბორბლებიანი კუბო, იქნებ მე მაჩუქო. ჩემი შვილები ისეთი ოხრები არიან, დაეზარებათ ჩემი დასაფლავება და მიწის ზევით დამტოვებენ. როცა მოვკვდები, ვინმე ქრისტიანს არ შეეზარება და ბორბლებიანი კუბოთი სასაფლაომდე გამაგორებსო, - უთხრა თინამ გაკვირვებულ რობიკოს.

მეგობრის გაშაყირება

- შავ ზღვაზე სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს საწმისი" იმართებოდა. ბათუმიდან გემით წავედით სოხუმში, მერე - სოჭში, ისევ სოხუმში დავბრუნდით და ფოთში კრუიზი დამთავრდა. მე, როგორც ტელევიზიის თანამშრომელი, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში ვიყავი. ჩემი ძმაკაცებიც აქ იყვნენ, "ქართული ხმების" უფროსი თაობა - გოგი დოლიძე, დათო აბესაძე, ზურაბ ლოლაძე, გია ჭირაქაძე, თემურ ჭკუასელი... ჩვენთან ერთად იყო ერთი მეგობარი, პირობითად - ბორია. მოკრძალებული, სერიოზული და სიმპათიური ბორია ახალგაზრდა ამერიკელ რეჟისორ ქალს ძალიან მოეწონა. იმ ქალმა რუსული არ იცოდა, ბორიამ - ინგლისური. რა ენაზე ლაპარაკობდნენ, არ ვიცი, მაგრამ სულ ერთად დადიოდნენ, გემბანზე სეირნობდნენ, აუზში ბანაობდნენ.აჭარის კა-გე-ბეს უფროსი ბუბა კიკაბიძის ბიძაშვილი იყო. ბუბა ჩემი ბავშვობის მეგობარია, იმ დროს ბათუმში ისვენებდა. მისმა ბიძაშვილმა საქეიფოდ წაგვიყვანა და პურმარილი გაიშალა. უცებ, რაღაც მოვიფიქრე. - შენ მართლა უშიშროებაში მუშაობ? - ვეკითხები ბუბას ბიძაშვილს. - კი, - მითხრა გაკვირვებულმა. - რამე რომ გთხოვო, შემისრულებ? - როგორ არა, რა გინდაო? - შენი თანამშრომლები გემზე გაგზავნე, ესა და ეს პიროვნება (ანუ ბორია) მანქანაში ჩასვან; ეტყვიან, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან არიან, მეტი არაფერი უთხრან და აქ მოიყვანონ-მეთქი, - ვთხოვე. მართლაც, ამ კაცის დავალებით გემზე ავიდნენ, იქ ალიაქოთი ამტყდარა და ბორია მოძებნეს. იმას უფიქრია, ალბათ მიჭერენ, ამერიკელთან ერთი-ორჯერ რომ გავიარეო. მაინც უკითხავს, - რა მოხდაო? - ადგილზე გაერკვევითო, - უპასუხეს (ასე დავარიგეთ). რესტორანთან შემოუხვია თუ არა მანქანამ, ბორია მაშინვე მიხვდა, - ეს ილო ფერაძის ამბავი იქნებაო... მერე კი კარგად ვაქეიფეთ.

უძვირფასესი რელიკვია

- მშობლები ხშირად დადიოდნენ სტუმრად და ფუნქციები განაწილებული ჰქონდათ: მამა, როგორც წესი, თამადა იყო (სადღეგრძელოებს ინგლისურადაც ამბობდა), დედა კი - "კულტმასობრივი ღონისძიებების" სულისჩამდგმელი და ანეკდოტების უშრეტი წყარო გახლდათ. მთელი ოჯახის განსაკუთრებულ, უძვირფასეს რელიკვიას წარმოადგენდა ანეკდოტების ბლოკნოტი, რომელსაც დედა არასოდეს იშორებდა, ყველგან თან დაჰქონდა და ახალი ანეკდოტებით ავსებდა. ასე ჰქონდა შეგროვებული, დახარისხებული და ჩაწერილი თემატიკის მიხედვით 800-მდე ანეკდოტი. ერთ მშვენიერ დღეს სახლში მოვედი და ვხედავ: მამა ამძვრალია კარადის თავზე, დედა ლოგინის ქვეშ შემძვრალა ცოცხით და რაღაცას ეძებენ გამწარებულები. ბებიები სამზარეულოში შეყუჟულან და შეშინებული ერთმანეთს შეჰყურებენ. - ანეკდოტების ბლოკნოტი დაიკარგა, - ჩურჩულით მითხრა ბებიამ და მირჩია, ჩუმად ვყოფილიყავი. მთელი ოჯახი ჩაერთო ძებნაში, მაგრამ - უშედეგოდ. ოჯახი გლოვამ მოიცვა. სახლში ფეხაკრეფით დავდიოდით.გავიდა რამდენიმე დღე. გვიანი საღამოა, სახლში ვბრუნდები და კიბეზე მშობლების ხარხარი მესმის. ავირბინე და ოთახში შევედი - დედ-მამა მაგიდასთან სხედან, წინ გაშლილი აქვთ ქაღალდები, ერთად იხსენებენ ანეკდოტებს და გემრიელად ხარხარებენ. დაიწყებდნენ ანეკდოტს, აღარ აბოლოებდნენ და სიცილით იწერდნენ ბლოკნოტში საკვანძო ფრაზებს. სამიოდე საღამოში 500-მდე ანეკდოტი აღადგინეს და "საგანგებო რეჟიმიც" მოიხსნა, ოჯახში მშვიდობა დამყარდა. მამამ მოისვენა, ბებიებს ხმის ამოღების უფლება მიეცათ და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

რომელი ილიკო ფერაძე?

- გია მოსკოვში მიდიოდა. იცოდა, რომ მოსკოვის სასტუმრო "როსიაში" ნაცნობი ადმინისტრატორი მყავდა და ვუთხარი: - მიხვალ სასტუმროში, იკითხავ ელიზავეტა პეტროვნას, ეტყვი, რომ ილიკო ფერაძის ძმა ხარ და ნომერი გარანტირებული გექნება-მეთქი... გია ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა მოსკოვიდან. - რა ქენი, დაგეხმარა ჩემი ნაცნობი? - ვკითხე. - კი, როგორ არა, დამეხმარა, მაგრამ რომ ვუთხარი, ილიკო ფერაძის ძმა ვარ-მეთქი, მკითხა: რომელი ილიკო ფერაძის? არტისტ გია ფერაძის ძმა რომ არისო?.. აი, ასე, ერთხელაც არ მოითმინა გიამ ილიკო ფერაძის ძმობა, რომელიც მერე არაერთხელ გამოადგა.

უთოები

- რუსთაველის თეატრი გემით მიდიოდა გასტროლებზე საბერძნეთში. ბათუმიდან ოდესაში ჩავიდნენ და საბერძნეთში გასვლის წინადღეს ყველანი იმ საქონლის შესაძენად წასვლას აპირებდნენ, რაც საზღვარგარეთ კარგად იყიდებოდა. ამ დროს გია უკვე ქალაქიდან ბრუნდებოდა დიდი შეკვრით, რომელსაც ძლივს მოათრევდა. გაგიჟდნენ ცნობისმოყვარე მსახიობები, ეტყობა, გიამ კარგ რამეს მიაგნო და გვიმალავსო. გაჰყვნენ კაიუტაში და ნახეს, რომ უთოების დიდი შეკვრა მოჰქონდა. გიას უთქვამს, - რუსეთის უთოებზე საბერძნეთში დიდი მოთხოვნილებაა და ძალიან მომგებიანად გადისო. გავარდნენ მსახიობები და ოდესაში იმ დღესვე შექმნეს უთოების დეფიციტი. როდესაც გემი ოდესიდან გავიდა, გიამ უთოს ცარიელი ყუთები სხვების დასანახავად წყალში მოისროლა... შემდეგ, გემის სხვადასხვა კუნჭულში კარგა ხანს ემალებოდა განრისხებულ მეგობრებს...

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"