რა შეზღუდვები მოიხსნება 8 და 15 თებერვლიდან - პრემიერ-მინისტრის განცხადება - კვირის პალიტრა

რა შეზღუდვები მოიხსნება 8 და 15 თებერვლიდან - პრემიერ-მინისტრის განცხადება

მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.

"ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება: ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი

1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ მარშუტკები.... ) (გარდა შაბათ-კვირისა)

2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა)

ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით:

1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება)

2. კვების ობიექტები გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ (გარდა შაბათ-კვირისა)

მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პირბადის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სანქციები გაორმაგდება.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრება მნიშვნელოვანია.

"ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ჩვენ წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც პირბადის ტარების დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ, ვერავინ, ვერაფერი უფრო ეფექტური, ვერ მოიგონა, ვიდრე არის პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია", - განაცხადა გახარიამ.