"გიორგის გაუჩინარებიდან 1 თვეში" მისი "ფეისბუქი" განახლდა, სამართალდამცავებმა ვერაფრით გატეხეს ეს გვერდი აქამდე" - რას ყვება დედა, რომლის ვაჟს მე-3 თვეა ეძებენ - კვირის პალიტრა

"გიორგის გაუჩინარებიდან 1 თვეში" მისი "ფეისბუქი" განახლდა, სამართალდამცავებმა ვერაფრით გატეხეს ეს გვერდი აქამდე" - რას ყვება დედა, რომლის ვაჟს მე-3 თვეა ეძებენ

3 თვეა გორში მცხოვრებ 22 წლის გიორგი ნონაშვილს მშობლები და სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. ბიჭი 11 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე, შინიდან გავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა. გიორგი გორის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, პარალელურად "დეილი მარკეტში" კონსულტანტად მუშაობდა. შს სამინისტრომ საქმე 143 -ე მუხლის I ნაწილით აღძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გიორგის დედა საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.

ეთერ ლომიძე:

- დაახლოებით 12 საათზე გავიდა შინიდან, სალონში თავის მოსაწესრიგებლად უნდა მისულიყო, მას მერე ვეძებთ, პოლიციაც ეძებს, ჩვენ ჩვენი გზებით, მაგრამ მისი კვალი არსად ჩანს. სულ დათვალიერდა გორი, მის გარშემო ტერიტორიები, ასევე გორიჯვრის მიმდებარე სოფლები. მაშველები ორჯერ ჩამოვიდნენ თბილისიდან, დრონებითაც ეძებეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დრომდე კვალს ვერ მივაგენით.

თხოვნით მოგმართავთ ყველას, დამეხმარეთ ჩემი შვილის მოძებნაში. თუ ვინმე სადმე შენიშნავთ ან რაიმე ინფორმაციას შეიტყობთ მასზე, რომელიც ძებნაში დაგვეხმარება, არ დაიზაროთ და დაგვიკავშირდით. იქნებ, ვიპოვოთ ჩემი გიორგი.

მისი "ფეისბუქის" გვერდი ჯერჯერობით ვერ გატეხეს, არადა, იქნებ, რამე ხელჩასაჭიდი ეპოვათ სოციალურ ქსელში... ჩემი უმცროსი შვილიც შეეცადა გატეხვას, მაგრამ ვერაფერს გახდა, არადა, გიორგის გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ, კერძოდ 17 დეკემბერს, გიორგის "ფეისბუქგვერდზე" განახლდა სტატუსი და დაიწერა, "სპარში" ვმუშაობო. მაშინათვე მოვთხოვეთ გამომძიებელს რამენაირად შესულიყვნენ გიორგის გვერდზე, გვითხრეს, ამერიკაში გავაგზავნით მოთხოვნასო და მართლაც გაიგზავნა, მას მერე ერთი თვე გავიდა, დღემდე არ მოსულა პასუხი.

2 დღის წინ ველაპარაკე გამომძიებელს, ვეღარ ვითმენ, განა ამდენი ხანი რა დასჭირდათ?

- ფიქრობთ, რომ სტატუსი გიორგიმ განაახლა?

- ეს სტატუსი დაიდო 17 დეკემბერს და ახლაც დევს მის "ფეისბუქგვერდზე". ყველა ამბობს, გიორგის გარდა ვერავინ დადებდა, თუ პაროლი არ ეცოდინებოდაო, ამიტომ ამ დღიდან მოყოლებული ეს ერთადერთი ხელჩასაჭიდი გამიჩნდა, რომ რამენაირად "ფეისბუქის" საშუალებით მის კვალს მივაკვლიოთ. ისიც ხომ უნდა გაირკვეს, ეს სტატუსი გიორგიმ დაწერა თუ სხვა ვინმემ.

ჩემი გიორგი ძალიან ჭკვიანი, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე ბიჭია და არ ვიცი, რა მოხდა.

- რა ვერსია გაქვთ?

- იმ დღეს მითხრა, ხელფასი უნდა ავიღო და სალონში წავიდეო ... ხელფასი 375 ლარი ჰქონდა, ეს თანხა აღებული აქვს, სალონში კი არ მისულა. მას მერე გაქრა ბიჭი. მისი თანამშრომლები, კონსულტანტებიც მეუბნებიან, რომ საეჭვო არაფერი შეგვიმჩნევიაო. არანაირი ვერსია არ გვაქვს. ორი დღე მუშაობდა მარკეტში, ორი დღე ისვენებდა, ონლაინლექციებს ესწრებოდა და ბოლო დროს ძირითადად სულ სახლში იყო. ზაფხულში უფრო ხშირად გადიოდა გარეთ, რომ ვეკითხებოდი შინ რატომ იყო უმეტესად, მპასუხობდა, - ვიღლები მაღაზიაში, თან ლექციებიც მაქვსო. განსაკუთრებით ბოლო 2 კვირა სამსახური და სახლი იყო გიორგის მარშრუტი. არც რაიმე ღელვა, ნერვიულობა შემიმჩნევია. ძალიან ჰარმონიული ოჯახი გვაქვს. ტკბილი დედაშვილური ურთიერთობა გვქონდა, სულ ვფიქრობ, ნუთუ რამე დამიმალა? როგორ ვერ შევამჩნიე, როგორ გამომეპარა თუ რამე უჭირდა...

- რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, გეტყოდათ?

- მგონია, რომ მეტყოდა. ცოტა გულჩათხრობილი, თუმცა მთლად თავის თავში ჩაკეტილი ბიჭი არ იყო. ძალიან პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი გახლდათ.

სამსახურიდან რომ წამოვიდოდა, რამდენჯერმე მირეკავდა, მეტყოდა, - დედა წამოვედი, დედა აქ ვარ, 10-15 წუთში მოვალო. ყველაფერს მატყობინებდა, ვფიქრობ ზედმეტად მოწესრიგებულიც კი იყო... 3 თვეა ასეთ შვილს ვერ ვპოულობ.

გაუჩინარების დღეს, დაახლოებით, 3 საათზე ვივარაუდე, მორჩებოდა ამდენი ხანი სალონს-მეთქი და მივწერე მესიჯი: დე, რატომ დაიგვიანე-მეთქი. პასუხი აღარ მომწერა, ვიფიქრე, ალბათ ზარი აქვს ჩაწეული-მეთქი. მერე ვურეკავდით. ტელეფონი სულ ჩართული იყო მანამ, ვიდრე, სავარაუდოდ, არ დაჯდა. ვფიქრობდი, კომენდანტის საათამდე მაინც მოვა-მეთქი, მაგრამ არ გამოჩნდა. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ სახლში არ მოსულიყო ან არ შეეტყობინებინა ჩემთვის თუ სად იყო.

- მისი ტელეფონი გაიშიფრა?

- ამოვიღეთ ამონაწერი, მაგრამ არანაირი საეჭვო ზარი არ ფიქსირდება. ორ გოგოსთან აქვს დარეკილი, ისინი სამსახურის თანამშრომლები არიან და სამსახურის საკითხზე შედგა მათი დიალოგი. დანარჩენი ზარები მარტო ოჯახის წევრების არის - ჩემი, ჩემი მეუღლის და ჩემი მეორე ბიჭის.

- შეყვარებული ხომ არ ჰყავდა და ამის გამო კონფლიქტი ხომ არ მოსვლია? გააგრძელეთ კითხვა