"არ არის გამორიცხული, ეს ამბავი "ქართული ოცნების" ჩაგდებული ინტრიგა იყოს" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, ეს ამბავი "ქართული ოცნების" ჩაგდებული ინტრიგა იყოს"

"ვწუხვარ, რომ "მოქალაქეები" გამოგვეთიშნენ და იმედი მაქვს, "გირჩი" არ გააგრძელებს ამ ტენდენციას"

"ქართული ოცნება" ცდილობს, აირიდოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა", - ამ განცხადებით ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმას. ოპოზიციისთვის მიცემული "კიდევ ერთი შანსის" შემდეგ ხელისუფლება ოპოზიციას მოლაპარაკების მეხუთე რაუნდსა და საპარლამენტო კომისიის შექმნას სთავაზობს. როგორია ოპოზიციის პოზიცია "ქართული ოცნების" ინიციატივებსა და წინადადებებზე ამის შესახებ, სალომე სამდაშვილი გვესაუბრება:

- მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნა შეთანხმების მიღწევების მიზნით არ დაუკმაყოფილა. ეს არის უბრალოდ ხელების დაბანის მცდელობა და - სხვა არაფერი.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? - ის განცხადებები და დამოკიდებულებები ოპოზიციის მიმართ, რაც გვესმის და რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში. თან მოლაპარაკება უნდათ და თან ისევ დესტრუქციულებად გვნათლავენ?!

- ასეთ მოცემულობაში ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯი რა იქნება? - ვფიქრობ, ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს პრინციპული პოზიცია. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჩვენ უარი არასდროს გვითქვამს და ახლაც მზად ვართ. თუმცა ვადამდელი არჩევნების საკითხი არაფრის სანაცვლოდ არ გადაიხედება. ჩემი აზრით, მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიციამ უახლოეს მომავალში მობილიზაცია უნდა გაუკეთოს საპროტესტო აქციებს და ზეწოლა განახორციელოს, რათა ხელისუფლება შესაბამის დათმობაზე წავიდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ზეწოლის მობილიზაცია. თუ "ქართული ოცნება" ერთდროულად არ იგრძნობს შიდა და გარე წნეხს, გამორიცხულია რამე კომპრომისულ წინადადებაზე წამოვიდეს.

- საერთაშორისო ზეწოლის იმედი რამდენად გაქვთ მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას, დღემდე მოგიწოდებთ, შეხვიდეთ პარლამენტში? - ჩემი აზრით, ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორებს უნდა ავუხსნათ, რომ თუ არ იქნება მიღწეული რამე სერიოზული კომპრომისული შეთნახმება, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შევა. ოპოზიციამ შესაბამისი პოლიტიკური მიმართულება უნდა მისცეს იმ უზარმაზარ უკმაყოფილების ტალღას, რომელიც უკვე აგორებულია სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფში და თუ არაფერი შეიცვლება, ვფიქრობ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაც კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ.

- ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არანაირი შეთანხმების, მათ შორის, არც ვადამდელი არჩევნების საფუძველზე არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. თქვენ რას იტყვით ამის თაობაზე? - ვერ გეტყვით, ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული პოზიცია, რომლითაც მოლაპარაკებებზე გავიდა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და ეს შეეხებოდა იმ მოთხოვნებს, რომელიც უკავშირდებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის რეფორმას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პლებისციტს ვადამდელი არჩევნების თაობაზე. ეს იყო ის მოთხოვნები, რომელიც იყო შეთანხმებული, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს, ისე - მთლიანად ოპოზიციური ერთობის მიერ.

- როგორ გგონიათ, რის საფუძველზე უჩნდებათ "გირჩის" წევრებს განცდა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება არც "ქართულ ოცნებას" სურს და არც "ნაციონალურ მოძრაობას"? - ვერ გეტყვით, მე არ გამიგია "ნაციონალური მოძრაობიდან " ვინმეს ისეთი აზრი, პოზიცია დაეფიქსირებინა, რომ ვინმეს მსგავსი განცდა გასჩენოდა. ყველა პარტიამ საკუთარ პოზიციაზე აგოს პასუხი. მიმაჩნია, რომ ყველა პარტიამ თუ სუბიექტმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი დღის წესრიგი და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე ან გაკეთებულ განცხადებაზე პასუხისმგებლობაც თავადვე აიღოს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ოპოზიციური ერთიანობის შენარჩუნება, ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამიტომ ვწუხვარ, რომ "მოქალაქეები" გამოგვეთიშნენ და იმედი მაქვს, "გირჩი" არ გააგრძელებს ამ ტენდენციას.

- თქვენ თუ იცით, ვინ შეიძლება იყოს ის ოცი ადამიანი, ვისაც პარლამენტში შესვლა უნდა და დანარჩენი ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის ბულინგის ეშინია? - წარმოდგენა არ მაქვს. არ არის გამორიცხული, "ქართული ოცნების" ჩაგდებული ინტრიგა იყოს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)