"ზოგი ოპოზიციონერი ძალიან წვალობს - რას არ ამბობს, რომ როგორმე ადრე ნათქვამი სიტყვებიდან გამოძვრეს და პარლამენტში შემოვიდეს" - კვირის პალიტრა

"ზოგი ოპოზიციონერი ძალიან წვალობს - რას არ ამბობს, რომ როგორმე ადრე ნათქვამი სიტყვებიდან გამოძვრეს და პარლამენტში შემოვიდეს"

"კი, იყო აზრი, ხომ არ ვიქნებოდი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე",- ალეკო ელისაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაში საერთოდ არ შევა, თუკი "პატრიოტთა ალიანსის", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარს იტყვიან. ელისაშვილი განმარტავს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა სწორედ ამ სამ პარტიას აქვს.

"საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს და დაადასტუროს, იყო თუ არა გაყალბება 31 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით, მაგრამ პარტია "მოქალაქეებს", რომელიც არჩევნებამდე თვენახევრით ადრე დარეგისტრირდა, თითზე ჩამოსათვლელი მოხალისე დამკვირვებლები ჰყავდა. არ გვყოლია არც ერთი წევრი საარჩევნო კომისიაში, რადგან ახალრეგისტრირებული პარტია საარჩევნო სუბიექტი არ იყო. სამი პარტია: "პატრიოტთა ალიანსი", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არის კვალიფიციური სუბიექტი. შესაბამისად, მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანზე ბიუჯეტიდან დაფინანსებული არათუ დამკვირვებლები, არამედ კომისიის წევრები ჰყავდათ. შემაჯამებელ ოქმებზე "ქართული ოცნების" გარდა, ეს სამი პარტიაც აწერდა ხელს.

თუ ჩვენ გვინდა საქართველოს მასშტაბით გამოვიძიოთ, ჰქონდა თუ არა გაყალბებას ადგილი, მთელი საქართველოს სურათი უნდა ვაჩვენოთ. პარტია "მოქალაქეებს" თბილისის მიღმა აქა-იქ ჰყავდა რამდენიმე დამკვირვებელი და როგორ უნდა ვთქვა, რომ მაგალითად, ლაგოდეხის ამა და ამ საარჩევნო უბანზე გაყალბდა არჩევნები, როცა იქ დამკვირვებელიც არ მყოლია. აღნიშნულ სამ ოპოზიციურ პარტიას კი ყველგან ჰყავდა. ასე რომ, კეთილი ინებონ, გაამწკრივონ მათი კომისიის 4 ათას - 4 ათასი წევრი და ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში. შემდეგ ჩვენც ჩავერთვებით და კი ბატონო, ამ შემთხვევაში თანახმა ვიქნები, ვიყო კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის რიგითი წევრი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ძალიან ბევრ ოპოზიციონერს უნდა პარლამენტში შესვლა და ძალიან წვალობს - რას არ ამბობს, რომ როგორმე ადრე ნათქვამი სიტყვებიდან გამოძვრეს და პარლამენტში შემოვიდეს", - ელისაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პარლამენტის მუშაობაში ჩართვაზე "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის წარმომადგენლებთან ფარული მოლაპარაკებები აქვს.

"ჩვენ არაფერი გვქონდა დასამალი და "ქართულ ოცნებას" პირისპირ, კამერების თანდასწრებით შევხვდით. სხვები როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა, ჩუმ-ჩუმად ხვდებიან. მოვუწოდებ მათ, მართლა მოეშვან და საკითხს უფრო მეტი გაბედულებით მოეკიდონ", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ნიკა მელიას თავს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური საქმე და მცდელობა პოლიტიკური ანგარიშსწორების", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებას პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს.

"მელიასთან დაკავშირებული ბრალი თავიდანვე იყო აბსურდული, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. კი, პარლამენტის შენობასთან არ იყო სასიამოვნო ის ინციდენტები, რაც სპეცრაზმელებთან ხდებოდა, ძალიან არასასიამოვნო იყო, მაგრამ არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას, მითუმეტეს, ნიკა მელიას მეთაურობით, ადგილი არ ჰქონია, ეს არის ფაქტი და მაშინაც და როგორც ჩანს, ახლაც პროკურატურა პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს ამ ყველაფერს და მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკური ნიშნით დაატარებენ პროკურატურაში. რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, თუ დააშავებ და არც პოლიტიკოსობა და პარტიის თავმჯდომარეობა არ უნდა იყოს არაფრის გარანტი. კანონის უზენაესობა არის ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა, რომ ყველა დიდიან პატარიანად ვიყოთ თანასწორი კანონის წინაშე, მაგრამ ნიკა მელიას თავს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური საქმე და მცდელობა პოლიტიკური ანგარიშსწორების,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით