"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას - მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად" - კვირის პალიტრა

"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას - მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად"

დავით ზალკალიანი - მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ, ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მინისტრი ზაზა გახელაძის პატიმრობაში დატოვებას უკანონო ტყვეობად აფასებს და მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე და აღნიშნავს, რომ ეს პროვოკაცია ნათლად ასახავს რუსეთის დესტრუქციულ გეგმებს, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით.

"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).