"ნიჭსა და ქალურობას დეკოლტე და მინიკაბა სულაც არ სჭირდება - ქალი გრძელ კაბაშიც შეიძლება მშვენიერი იყოს" - კვირის პალიტრა

"ნიჭსა და ქალურობას დეკოლტე და მინიკაბა სულაც არ სჭირდება - ქალი გრძელ კაბაშიც შეიძლება მშვენიერი იყოს"

"რა მნიშვნელობა აქვს, მე ვიპოვე თუ მან მიპოვა, მთავარია, ერთმანეთი ვიპოვეთ და დღემდე ერთ საქმეს ვემსახურებით"

ამბობს, რომ ბავშვობაში ძალიან მორცხვი იყო, იმდენად მორცხვი, რომ ყველას გაუკვირდა, როცა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, მაინც ჩააბარა და თავისი პროფესიის ერთგულია. ბევრისთვის საყვარელი მსახიობი - ნანა შონია ჩვენს შეკითხვებს ჩვეული გულწრფელობით პასუხობს.

- ძალიან მორიდებული და მორცხვი ბავშვი ვიყავი - მშობლებიც ასე მზრდიდნენ, მაგრამ დღემდე ვფიქრობ, რომ სიმორცხვე ადამიანის თვისებაა. ეს კომპლექსი არ არის და ამ თვისებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. შეიძლება ადამიანი წარმატებულიც იყოს, პოპულარულიც, მაგრამ შინაგანად მორიდებული და მორცხვი. ეს თვისება ცოტა არ იყოს, ხელს მიშლიდა, მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას თანდათან დავძლიე. მიუხედავად ამისა, ახლაც, ვინმე რომ მაქებს, რაღაცნაირად მეხამუშება და მერიდება. როგორც ჩანს, ეს ადამიანის ბუნებაა. ალბათ ამ თვისების გამო, ყველას გაუკვირდა, თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე. ამ პროფესიაში თამამი და გახსნილი უნდა იყო, მაგრამ მისაღებ გამოცდაზე რომ გავედი, ჩემი სიმორცხვე სულ დამავიწყდა. იმდენად მინდოდა თეატრალურში სწავლა, რომ ეს თვისება გვერდზე გადავდე.

- ამბობენ, თუ საჭიროა, მსახიობმა შიშველმაც უნდა ითამაშოსო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? - არა, ეს ჩემთვის მისაღები არ არის: მსახიობი ადამიანის ბუნებას ისედაც აშიშვლებს და მაყურებელს სულ არ სჭირდება, აუცილებლად თამამ სცენებში ნახოს, - მე ასე მიმაჩნია და ყოველთვის თავი შემიკავებია, როცა მსგავსი რამ ყოფილა. ნიჭსა და ქალურობას დეკოლტე და მინიკაბა სულაც არ სჭირდება - ქალი გრძელ კაბაშიც შეიძლება მშვენიერი იყოს.

- როგორი სტუდენტობა გქონდათ? - ნამდვილად უბედნიერესი სტუდენტობა მქონდა. თანაც, ჩემს ჯგუფში მოხვდნენ ჩემი კლასელები - მერაბ ნინიძე და ქეთი ჩხეიძე. ჩვენი პედაგოგი, გიზო ჟორდანია სულ გვსაყვედურობდა, - თქვენ აქ სკოლას გადმოიტანთო... ეს ნაწილობრივ მართალი იყო, რადგან სკოლიდან გამოყოლილი ხუმრობები გვქონდა და სამივე ძალიან ვცელქობდით. მათთან ერთად ყოფნა დამეხმარა, რომ ახალ ეტაპზე იოლად გადავსულიყავი. გვერდით ისევ ჩემიანები მყავდა და ინსტიტუტს უფრო ადვილად შევეთვისე. ამაში გიზო ჟორდანიაც ძალიან დამეხმარა. თვითონაც საოცარი პედაგოგი და პიროვნება იყო და თითოეულ ჩვენგანშიც გაზარდა... საოცარი პედაგოგები გვყავდა - გენიალური ქორეოგრაფი იური ზარეცკი და დაუვიწყარი ბაბულია ნიკოლაიშვილი, რომელიც ქართული მეტყველების ერთ-ერთი კორიფე იყო. ის, რაც მან მასწავლა, არასდროს დამავიწყდება და სულ თან დამყვება. მისგანაც დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, მისი ხმა კი ახლაც ყურში ჩამესმის. სხვათა შორის, ძალიან მინდა, ჩემი საყვარელი პედაგოგი სცენაზე გავაცოცხლო.

- თუ გაქვთ საოცნებო როლი, რომელსაც ითამაშებდით?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი საოცნებო როლი მაქვს და მათ შორის ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. ძალიან მინდა, მრავალშვილიანი დედის როლი ვითამაშო, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე ღირსეული და თავგანწირული ხალხია. ასევე ძალიან მინდა, ტკივილიანი ადამიანი ვითამაშო, თუმცა ჩემთვის კომედიური ჟანრიც საყვარელი და ახლობელია. ზოგჯერ სულ არ მიფიქრია, რომ შემოთავაზებულ როლს შევასრულებდი, მაგრამ მერე აღმოჩენილა, რომ ეს ჩემი საოცნებო როლია, - ჩვენს პროფესიაში ასეთი უცნაური ამბებიც ხდება. თანაც, მე არ მივეკუთვნები იმ მსახიობების რიგს, ვისაც ერთი მიმართულება აქვს არჩეული და მარტო იმ ჟანრში თამაშობს.

- თეატრში ცხოვრების თანამგზავრიც იპოვეთ. ამაზე რას გვეტყვით? - ჩემი მეუღლე - შოთა გლურჯიძე თეატრის მხატვარია. თეატრში მოვიდა, სპექტაკლს აფორმებდა და იქ დავმეგობრდით. ეს მეგობრობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა. რა მნიშვნელობა აქვს, მე ვიპოვე თუ მან მიპოვა, მთავარია, ერთმანეთი ვიპოვეთ და დღემდე ერთ საქმეს ვემსახურებით. მას ძალიან კარგად ესმის ჩემი. გარდა იმისა, რომ მეუღლეები ვართ, მეგობრებიც გახლავართ და ამის წყალობით ბევრ განსაცდელს გავუძელით.

- როცა მის შემოქმედებას აფასებთ, თუ აკრიტიკებთ? - არ ვაკრიტიკებ, რადგან მისი ცუდი ნამუშევარი ჯერ არ მინახავს. რა ვიცი, მე ყველაფერი მომწონს - ზოგი რამ ძალიან, ზოგი - უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც მომწონს. უფრო მეტიც, უკვე მისი კოლექციონერი გავხდი: თეატრს ბევრი დრო მიაქვს და ამის გამო იშვიათად ხატავს, მაგრამ როცა დაჯდება და რაიმეს დახატავს, ზედ დავკანკალებ! ვგრძნობ, რომ ეს არის ჩემი საზრდო - მისი ნამუშევრები ჩამთვის ძალიან დიდი სიმდიდრეა.

- ამბობენ, რომ ზოგჯერ სიყვარული ქრება და ერთი მხარე ითმენს, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოს. როგორ ფიქრობთ, ღირს ამ დროს მოთმენა? - ამ შემთხვევაში მე ვერაფერს გეტყვით, რადგან მსგავსი სიტუაცია არ გამომიცდია. საერთოდ, ძნელია, ვინმეს ადამიანთან ყოფნა დააძალო, თუ არ უნდა. რასაკვირველია, შანსი უნდა მისცე და ეცადო, რომ ურთიერთობა შეინარჩუნო, მაგრამ ეს ძალიან რთული ამოცანაა. ზოგი მართლა ახერხებს, შვილების გამო ოჯახი შეინარჩუნოს, ეს გმირობის ტოლფასია და მე ასეთ ქალებს დიდ პატივს ვცემ. სიმართლე გითხრათ, მე ისედაც არ მიყვარს ადამიანების გაკიცხვა და განკითხვა. ადამიანები ვართ, ცხოვრების გზაზე ბევრ შეცდომას ვუშვებთ და ბედნიერებაა, რომ ჩვენი სარწმუნოება ამ შეცდომების მონანიების საშუალებას გვაძლევს.

- დამოუკიდებელ, ე.წ. ძლიერ ქალებზე რა აზრის ხართ? - ალბათ მარტო როცა დარჩები, მაშინ ხვდები, რა შეგიძლია და რამდენად ძლიერი ხარ. მე არც ეს გამომიცდია და არ ვიცი, მარტო დარჩენის შემთხვევაში რას ვიზამდი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ჩემი შვილებისა და ოჯახის გამო ყველაფერს გავაკეთებდი. მიმაჩნია, რომ პიროვნება უნდა იყოს ძლიერი, ქალი და კაცი აქ არაფერ შუაშია.

- რას ფიქრობთ იმ ქალებზე, რომლებიც ქმრის ღალატზე თვალს ხუჭავენ და პატიობენ? - თავისი საქმე ყველამ თვითონ იცის. ვინ აპატიებს და ვინ არა - ეს ინდივიდუალურია, თუმცა, პატიებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ ადამიანს აპატიებ, ისიც მიხვდება და მოინანიებს, კარგია, მაგრამ თუ ვერ მიხვდება, მაშინ რა აზრი აქვს?! ისე, მე მგონია, რომ პატიება - ეს ძლიერი ადამიანების თვისებაა. ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარებაც მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ.

- ქალბატონო ნანა, რას ფიქრობთ იმ ხალხზე, რომელიც საეკლესიო პირებს განიკითხავს?

- ძალიან ვწუხდები, რადგან ეს ჩვენი განსახილველი საქმე არ არის. მოძღვარი ვინ როგორია, ჩვენ არ უნდა გავარჩიოთ. მერე რა, რომ კარგი ტელეფონი ან მანქანა აქვს?.. ყველას ხომ ვერ ეტყვიან, რომ იმ ტელეფონს და მანქანას ხშირად, მადლიერი მრევლი ჩუქნის. სასულიერო პირები ჩვენ ღმერთთან გვაკავშირებენ, ისინი დიდ ჯაფაში არიან, ამიტომ განსაკუთრებული სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ. ამ ადამიანებმა მიწიერ ცხოვრებაზე უარი თქვეს, ძალიან მძიმე ჯვარი იტვირთეს და სამღვდელოებაში წავიდნენ. ამიტომ მე ყველას მიმართ განსაკუთრებული განწყობა მაქვს. სიმართლე გითხრათ, არც მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან სასულიერო პირების განკითხვა ჩემთვის აღმაშფოთებელი საქციელია. ჩვენ ხომ არ ვიცით, იმ ტელეფონით და მანქანით რამდენ კარგ საქმეს აკეთებენ?! ამიტომ, მოდი, ჩვენ ნუ გავარჩევთ, ვინ როგორია. ისინი ღმერთის შვილები არიან, ადამიანები არიან, შეიძლება რაღაც შეცდომაც დაუშვან, მაგრამ განკითხვა მაინც არ არის საჭირო. უკვე გითხარით, რომ მე უბრალო ადამიანების განკითხვაც არ მიყვარს, მით უმეტეს - მოძღვრებისა.

- დაბოლოს, როგორ უძლებთ კორონავირუსით გამოწვეულ სტრესს და ჩაკეტილობას? - საბედნიეროდ, პანიკას არ ვყვები და სულ ვფიქრობ - ხომ შეიძლება, უარესიც ყოფილიყო?!. თანაც, ვიცი, რომ პანიკა და სტრესული მდგომაროება იმუნიტეტს ანგრევს და აქვეითებს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ცხოვრება ძალიან ძნელია, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის - ასმაგად უფრო ძნელი, მაგრამ მაინც ვცდილობ, მხნედ ვიყო, - მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა ძალიან მიჭირს! დრო გადის და დრო ყოველთვის მსახიობის წინააღმდეგ მუშაობს. თეატრი გაჩერდა, ძალიან ბევრი პროექტი ჩაიშალა - გადაღებები, გახმოვანება, რეკლამები - ყველაფერი თითქოს გაქრა, რაც ჩვენთვის კატასტროფაა, განსაკუთრებით, მატერიალური თვალსაზრისით. მსახიობების შემოსავალი ამაზეა დამოკიდებული, მით უმეტეს, ჩემი მეუღლეც თეატრის კაცია. არანაირი შეკვეთა აღარ გვაქვს და ეს ძალიან ძნელია, მაგრამ როცა იმ ადამიანებზე ვფიქრობ, ვინც ქუჩაში დარჩა, ვისაც საკუთარი ჭერიც კი აღარა აქვს, ვჩუმდები და ღმერთს მადლობას ვუხდი. მესმის, კორონავირუსის გამო ბევრი შეშინებულია, მაგრამ ამაზე უარესი, საშინელი დაავადებებიც ხომ არსებობს?! თანაც, სულ ასე ჩაკეტილები ხომ ვერ ვიქნებით?! ამიტომ, სიფრთხილეც არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ როგორმე ვეცადოთ, ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ - სპეციალისტებიც ხომ ამას გვირჩევენ და გვეუბნებიან!

ხათუნა ჩიგოგიძე ჟურნალი "გზა"