"სათქმელად ადვილია, მაგრამ როგორია, იმ უბედურებაში რომ ტოვებ შვილს" - ორ ომგადატანილი 98 წლის მოხუცის ნაამბობი - კვირის პალიტრა

"სათქმელად ადვილია, მაგრამ როგორია, იმ უბედურებაში რომ ტოვებ შვილს" - ორ ომგადატანილი 98 წლის მოხუცის ნაამბობი

"ამ სიბერეში ძალიან გამახარა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ვიცი, რუსეთი ბევრს არაფერს გააკეთებს, მაგრამ პატარა საქართველომ მსოფლიოს წინაშე რომ დაამტკიცა, რუსეთთან მართალია, მიხარია..."

მაისში 98 წლის ხდება, ორი ომი გადაიტანა. სულ პირტიტველა ბიჭი იყო, მეორე მსოფლიო ომში რომ წაიყვანეს, მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანი არტემ კოპალიანი დღემდე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, მიწის ნაკვეთში ფუსფუსებს და ასაკს არ ეპუება. მის შესახებ იმ ფილმიდან შევიტყვე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 75-ე წლისთავზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოებამ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გადაიღო. ფილმის "მიამბე ომზე" მიზანია იმის კიდევ ერთხელ გააზრება, თუ რა უბედურება მოაქვს ომს...

- სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში დავიბადე და გავიზარდე... როგორც კი სრულწლოვანი გავხდი, ომში მიკრეს თავი. მეშინოდა, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი, სისხლი მიდუღდა და მაინტერესებდა, რა ხდებოდა იქ, სადაც ჩემი თანატოლი ბიჭები ტყვიას მკერდს უშვერდნენ. ეს იყო 1943 წელი. უკრაინის მესამე მსროლელ ბატალიონში გადამგზავნეს... გვციოდა, გვშიოდა, მაგრამ ომი იყო და ამის საშუალება არ გვქონდა. ზამთარში ისე ციოდა, იარაღი ხელებში გვეყინებოდა. უკრაინელი, ბელარუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი - ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით, შეტევიდან დაბრუნებული ერთმანეთს ვულოცავდით მშვიდობით დაბრუნებას. თავიდან დაჭრილებსა და დახოცილებს რომ ვუყურებდი, ცუდად ვხდებოდი, მერე ისე შევეჩვიე, იერიშის დროს დაღუპულებზე გადავლა მიწევდა.

- თქვენ თუ გამოგიყვანიათ დაჭრილი თანამებრძოლი ბრძოლის ველიდან? - თავად მე გამომიყვანეს... დნესტრში დავიჭერი, მკერდში მესროლეს. სამშვიდობოს გამოვფორთხდი, შემდეგ კი მეგობარმა დამინახა და დამეხმარა. გამიმართლა, ტყვია გულს რამდენიმე მილიმეტრით ასცდა. სამი თვე ვიწექი დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოში. იქიდან ჰოსპიტალში გადამიყვანეს, მერე კი ისევ ფრონტზე გამიშვეს... მოსაგონებლადაც კი ჯოჯოხეთია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო, უნდა გვეომა.

- გეშინოდათ? - მეშინოდა, მაგრამ წინ რომ არ წავსულიყავი, ჩემივე მეგობარი მესროდა. ასეთი იყო კანონი და მას ვასრულებდით. წინ გავრბოდით, მშივრები, დაღლილები, უძილოები... უფრო მეტად იმიტომაც გავრბოდით გერმანელების პოზიციების ასაღებად, რომ მათ ჩვენზე ბევრად უკეთესი კვება ჰქონდათ, შოკოლადებსაც კი აჭმევდნენ და ეს ძალიან დიდი მოტივაცია იყო. ისინიც ჩვენსავით ბრძანებას ასრულებდნენ და ხანდახან ძირს დაგდებული დაჭრილი რომ რაღაცას მეუბნებოდა თავის ენაზე, ძალიან მეცოდებოდა, მაგრამ რა მექნა, ომი იყო. ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. ერთხელ ტყვეები ავიყვანეთ, ოთხი კაცი, და ნაწილში მე გამატანეს. მაღალი, ახოვანი ბიჭები იყვნენ, კარგად ჩაცმულ-დახურული, კი ვნერვიულობდი გზაში, მაგრამ გაქცევა არც უცდიათ... ომი რომ დამთავრდა, ავსტრიაში ვიყავით და ვიზეიმეთ.

- ავსტრიაში რა გევალებოდათ? - სხვადასხვა ქალაქში აეროპორტებისა და საწყობების უსაფრთხოება. ძალიან კარგი ქვეყანა იყო, განვითარებული, ადგილობრივებს ძალიან კარგი ცხოვრების პირობები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, ჩვენ მათთვის დამპყრობლები ვიყავით, მაინც კარგად გვექცეოდნენ. პირიქით, რუსი ჯარისკაცები უშავებდნენ უამრავ რამეს, ხან რას ჰპარავდნენ, ხან რას... მრცხვენოდა, 2008 წლის ომის დროს რაღაცებს რომ იპარავდნენ, მეცინებოდა, ჩემი თვალით ვნახე, რას აკეთებდნენ ავსტრიაში...

- თქვენ გარდა იყო ქართველი? - არა, ნაწილში მხოლოდ მე ვიყავი და ერთიც სომეხი. დანარჩენები - რუსი, უზბეკი, ყაზახი იყვნენ. თუმცა მეგობრულად ვიყავით და ხანდახან დღესასწაულებზე ცოტა სასმელს რომ მოგვცემდნენ, ერთმანეთს ვადღეგრძელებდით. ასე გვეგონა, სულ კარგი ურთიერთობა გვექნებოდა... ოჯახთან მიმოწერა მქონდა, იცოდნენ, სადაც ვიყავი, დეტალურად ვერაფერს ვწერდი, მაგრამ იმ სამკუთხა ბარათებით მოწერილი ის ორი სიტყვაც ბევრს ნიშნავდა ჩემი მშობლებისთვის. საქართველოში 1950 წელს დავბრუნდი. ჩემი ძმა გარდაცვლილი დამხვდა. მეგობრებს ჩხუბი მოსვლიათ და სასიკვდილოდ დაუჭრიათ.

- აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ როგორ გააგრძელეთ ცხოვრება? - დავოჯახდი და სახლი ავაშენე, რომელიც მერე აფხაზებს დავუტოვე, უფრო სწორად, სომხებს. ჩვენს სოფელში უფრო მეტად რუსები და სომხები ცხოვრობდნენ. სომხები ყველაზე საშიში იყვნენ, ნაბიჯზე ვერ ენდობოდი, ერთი სული ჰქონდათ, როდის მოგვიწევდა წამოსვლა. სოფელ-სოფელ კოდორის ხეობისკენ წამოვედით და უღელტეხილზე გადმოვედით. ჩემი შვილი სავალდებულო სამსახურში მსახურობდა, აფხაზეთს ბოლო დღეები ედგა და გვითხრა, წადითო. დავუჯერეთ. თავად დარჩა... უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, აფხაზები და მათი მომხრეები ჩვენს სოფელში იყვნენ, სოფელ შრომაში დიდი ხოცვა-ჟლეტა გამართეს. სათქმელად ადვილია, მაგრამ როგორია, იმ უბედურებაში რომ ტოვებ შვილს. ახლობელს სატვირთო მანქანა ჰყავდა, რომელშიც ჩვენთან ერთად მიცვალებულებიც იყვნენ, ომში დაღუპულები მოჰყავდათ. ვიწრო გზები იყო, კლდეებში მანქანამ ვერ იარა, თოვდა, ყინავდა, ძალიან ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ როგორღაც გამოვაღწიეთ...

ამ სიბერეში ძალიან გამახარა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ვიცი, რუსეთი ბევრს არაფერს გააკეთებს, მაგრამ პატარა საქართველომ მსოფლიოს წინაშე რომ დაამტკიცა, რუსეთთან მართალია, მიხარია. ისე კი აფხაზებზე მეტი, სომხებმა დაგვიშავეს თავიანთი ბატალიონით. იმის იმედი არა მაქვს, რომ ოდესმე ჩემს კარ-მიდამოს ვნახავ, მაგრამ ძალიან მინდა ჩემი მონაგარი დაბრუნდეს, ჩემი ძმისა და დედ-მამის საფლავს მოეფეროს. სახლი განადგურებულია, მაგრამ ახალს ააშენებენ... წამოსვლისას ზოგი რამ ერთ მეზობელს დავუტოვე, ზოგი მეორეს, ვითომ მივაბარე. ზოგიც მიწაში დავმარხე... ფოტოებს მივტირი, ალბომში მედო ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი სურათები. ისე მენატრება თვალის გადავლება იმ წლების ამსახველ ამბებზე. ალბათ, იპოვიდნენ.

ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ აფხაზეთში ტყვია გავარდებოდა. თითქოს მეგობრულად ვცხოვრობდით, მაგრამ ომის შემდეგ არავის მოვუკითხივართ, ცოცხლები ხართ თუ არაო, არადა, ჭირსა და ლხინს ვიყოფდით.

- ფრონტის მეგობრებთან თუ გქონდათ ურთიერთობა? - კი, აფხაზეთში რომ ვცხოვრობდით, ჩვენი სოფელი შემაღლებულზე იყო და იქიდან ხელისგულივით ჩანდა ზღვა. ორი მეგობარი ჩამოდიოდა, ერთი ხარკოვიდან იყო და გიჟდებოდა აფხაზეთზე. ომამდე გარდაიცვალა... მეორის ამბავი არ ვიცი, ომამდე დაიკარგა კვალი.

- რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავთ? - სამი შვილი, ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი მყავს და ახლა მეოთხეს ველოდები... შვილიშვილები გერმანიაში ცხოვრობენ. მეუღლე 2008 წელს გარდამეცვალა და ასე მარტო მივათრევ ამ წუთისოფელს. გარეუბანში მიწის ნაკვეთი გვაქვს და იქ ხეხილს ვუვლი, ხილი მაქვს, ვენახი, ბოსტანი, ჯანი მომდევს და რაც შემიძლია ვაკეთებ. აფხაზეთში დიდ სახლში ცხოვრების შემდეგ თბილისში მეათე სართულზე გამოკეტვა გამიჭირდა. ამიტომ მიხარია, როცა ნაკვეთში მივდივარ.

- "კოვიდიც" გადაგიტანიათ... - დიახ, ვაჟკაცურად გავუძელი... ჩემი შვილი დაინფიცირდა სამსახურში და ყველას გადაგვდო. რამდენიმე დღე სიცხეები მქონდა, ვერ ვლაპარაკობდი, ვერ ვჭამდი, ვერ დავდიოდი... სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოვიძახეთ, ძალიან კარგი ექიმი შემხვდა, მადლობას ვუხდი მთელი გულით, თუ წაიკითხავს ამ სტატიას, მინდა იცოდეს, როგორი მადლიერი ვარ მისი, მართლაც თავი არ დაუზოგავს და მიშველა. მაისში 98 წლის ვხდები, მაგრამ მაინც არ მინდოდა ამ ვირუსს მოვეკალი, მეოთხე შვილთაშვილი უნდა ვნახო და ჩემი ოჯახის ბედნიერებით გავიხარო. ერთ რამეს ვიტყვი კიდევ - ომი საშინელებაა, იმდენად დიდი საშინელება, რომ მიზანს არავითარი გამართლება არა აქვს - ამას გეუბნებით 98 წლის მოხუცი, რომელსაც მიცვალებულებში უძინია, ძირს დაყრილ უსიცოცხლო ახალგაზრდებს შორის უჭამია, უტირია... არაფრის გამო არ ღირს ომი, რადგან ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია ამქვეყნად.