"ოპოზიცია ერთი დღით მაინც უნდა შემოვიდეს პარლამენტში" - რა წერია მემორანდუმში - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ერთი დღით მაინც უნდა შემოვიდეს პარლამენტში" - რა წერია მემორანდუმში

"ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ბედი ადარდებს, თუნდაც ერთი დღით მაინც უნდა შემოვიდეს პარლამენტში და ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. ეს ცვლილებები მათ გარეშე ვერ განხორციელდება",- ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეფორმირების პროექტი არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ითვალისწინებს.

"ეს არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, ანუ, საქართველოში არჩევნები სულ სხვაგვარად რომ ჩატარდეს. ჩატარდეს, გამჭვირვალედ, გასაგებად და შეუძლებელი იყოს - მანიპულირება, "კარუსელების" ჩატარება, მკვდარი სულების გამოყენება, დაუბალანსებელი ოქმების საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ ამოვარდეს, ასევე ბიულეტენების მთვლელი მანქანებით უნდა მოხდეს არჩევნების ჩატარება. ეს იმდენად გასაგებს გახდის არჩევნებს, რომ კითხვა აღარ უნდა დაისვას, გაყალბდა თუ არა არჩევნები. იგულისხმება, რომ თამარ ჟვანია აღარ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე, განსხვავებული იქნება ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების როლი იქნება ძირითადად განმსაზღვრელი.

ამ რეფორმის ფარგლებში ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ახალი წესით მოხდება და რა თქმა უნდა, ახალი კანდიდატი თამარ ჟვანია აღარ იქნება. ძალიან ცუდია, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა ქვეყნისთვის მთავარი პრობლემის -არჩევნების პატიოსნად ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ და ბოლომდე მივიყვანთ. ყველას დავანახებთ, რომ თურმე, საქართველოში, შესაძლებელია, ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების გაყალბების მანკიერი პრაქტიკა დასრულდეს და არჩევნები ნორმალურ გარემოში ისე ჩატარდეს, რომ არჩევნებზე კითხვები აღარ იყოს. მემორანდუმში წერია, რომ 2024 წლის არჩევნები 0-3 პროცენტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს. ამისთვის საჭიროა, პარლამენტში 113 ხმის მობილიზება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროა, ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ბედი ადარდებს, თუნდაც, ერთი დღით მაინც უნდა შემოვიდეს პარლამენტში და ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. ეს ცვლილებები მათ გარეშე ვერ განხორციელდება", - განაცხადა იოსელიანმა.

"დროებითი საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრე ვართ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ პროცესში ის ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან, ვისაც საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდა საარჩევნო უბნებზე" - მისი თქმით, ოპოზიციას რატომ არ უნდა ჩართვა, მათ უნდა ჰკითხონ.

"მინდა, რომ ჩაერთონ და მათთან ერთად დავამტკიცოთ ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვყოლია დამკვირვებლები არჩევნებზე და რთული იქნება, ყველას ნაცვლად, იმ მტკიცებულების ტვირთის აწევა, რაც ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა დაადასტუროს. ჩვენ გვყავდა წარმომადგენლები საბურთალოზე და ვნახეთ, როგორი მასშტაბის იყო დარღვევები და ოქმების გადაწერები. ამას დაემატა ოპოზიციის დანარჩენი პარტიების განცხადებები, რომ ყველგან ასეთი სიტუაცია იყო და არანაირი საფუძველი არ გვქონდა, მათ არ დავუჯეროთ, მაგრამ ვამბობთ, მოდით, ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავამტკიცოთ. ის მტკიცებულებები მოიტანონ, რაც სასამართლოში შეიტანეს და სასამართლომ განხილვაზე უარი თქვა", - განაცხადა იოსელიანმა.

"ინტერპრენსიუსი"