"20 წელია არავინ მყვარებია" - კვირის პალიტრა

"20 წელია არავინ მყვარებია"

"ჩემთვის არ არსებობს სიტყვა "შეცდომა". სხვის გამოცდილებაზე, მაგალითზე ძალიან ბევრი რამ მისწავლია"

"როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გავიგე, ეს ჩემთვის იმდენად ემოციური იყო, დიდხანს ვიტირე, ვერ გავჩერდი", - ამბობს მომღერალი რატი დურგლიშვილი... როგორ ახსენდება მშობლიურ ახალგორში გატარებული დღეები, რის გამო წამოვიდა ტელევიზიიდან, რას თვლის თავის სავიზიტო ბარათად, როგორი ადამიანები აკვირვებენ და რატომ აშინებს ბევრი ფული? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1982 წლის 5 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი... - ...მეცხვარე. მასწავლებელმა ამ თემაზე დავალება რომ მომცა, მაშინაც ეს დავწერე. პატარა რომ ვიყავი, დასასვენებლად სოფლებში ხშირად დავდიოდი, როგორც ჩანს, ძალიან მომწონდა.

- ჩემზე ამბობენ... - ...თავმდაბალი და მოსიყვარულეაო...

- ჩემი სავიზიტო ბარათია... - ...ღიმილი. საზღვარგარეთ ხომ არავინ მიცნობს; არაერთხელ უთქვამთ, როგორი კეთილი გამომეტყველება და ღიმილი გაქვს, ეგრევე ნდობას იწვევო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე... - ...არაფერსაც არ შევცვლიდი, ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ.

- ჩემი პირველი წარმატება... - ...არის ოჯახი, სადაც დავიბადე. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს, მათ დიდი გავლენა მოახდინეს.

- ბედნიერი ვარ... - ...ძალიან ბევრი მიზეზის გამო. მაბედნიერებს ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობ; ადამიანები, რომლებიც ჩემ გარშემო არიან.

- ყოველთვის მაქვს სურვილი... - ...ადამიანების გაცნობის. კომუნიკაბელური ვარ და ახალ ურთიერთობებზე ვგიჟდები. ბუნებრივია, ამ ურთიერთობებს თან ახლავს თავგადასავლები და ცხოვრების ეს სტილი ძალიან მომწონს, მიზიდავს. ახალი ნაცნობებისგან არაერთი მეგობარი შევიძინე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს... - ...ძალიან კეთილი ვარ და ნეგატივშიც კი პოზიტივს ვეძებ. სიკეთეს საკუთარი სიამოვნების გამო ვაკეთებ და არ ვფიქრობ იმას, ვინ რამდენად იმსახურებს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო... - ...ასეთი ბევრია. გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ, უკიდურესად სულსწრაფი ვარ, ძალიან რისკიანიც. ყველაფერს დაფიქრება და გაანალიზება სჭირდება. კიდევ არ მომწონს ის, რომ ხშირად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მიჭირს.

- დაშვებულ შეცდომებს... - ...ჩემთვის არ არსებობს სიტყვა "შეცდომა". სხვის გამოცდილებაზე, მაგალითზე ძალიან ბევრი რამ მისწავლია. ადამიანებთან კომუნიკაცია ამიტომაც მიყვარს - ჩემთვის ყველას აზრი მნიშვნელოვანია, პიროვნულად ვიზრდები.

- პატიება შემიძლია... - ...იმწამსვე. საერთოდ არ ვბრაზდები და თუ გავბრაზდები, 2 წუთის შემდეგ აღარ მახსოვს. ბოლოს რის გამო ან ვისზე გავბრაზდი, ამის გახსენებას ახლა ვერაფრით შევძლებ.

- ვითრგუნები, როცა...… - ...არეული სიტუაციაა, როცა მშვიდობა არ არის და მდგომარეობის გამოსწორების ძალა არ შემწევს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ... - არ ვფიქრობ, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. მჯერა, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი - ან ასეთი დავიბადე, ან საკუთარი თავი ასეთ პიროვნებად ჩამოვაყალიბე. როგორი პრობლემაც არ უნდა იყოს, კი არ ინერვიულო, მისი გადაჭრის გზა უნდა ეძებო.

- ბავშვობიდან გამომყვა...… - ...გულჩვილობა, სიკეთე. ბავშვობაშიც ძლიერი ვიყავი, მაგრამ ახლა თავი გაცილებით ძლიერი მგონია.

- ცხოვრების გზაზე დავკარგე... - ...ჩემი საყვარელი სოფელი: ახალგორში ძალიან ბევრი დრო მაქვს გატარებული. იმედია, ეს დანაკარგი დროებითია. სტრასბურგის გადაწყვეტილება რომ გავიგე, ეს ჩემთვის იმდენად ემოციური იყო, დიდხანს ვიტირე, ვერ გავჩერდი. ამ თემაზე დიდხანს რომ ვილაპარაკოთ, შეიძლება ახლაც ავტირდე. ჩემი მშობლების მადლიერი ვარ, რომ საქართველოს ყველა კუთხე მოვლილი მაქვს, ბავშვობაში სულ დამატარებდნენ, ეს მიწა-წყალი შევიგრძენი და ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

- ვნანობ... - ...სინანული ნაკლებად მაქვს. ჩემს ქმედებებზე ყოველთვის ვიღებ პასუხისმგებლობას. შესაძლოა ვიცოდე, ის ნაბიჯი სანანებელი მექნება, მაგრამ გადადგმის გადაწყვეტილებას გამიზნულად ვიღებ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო... - ...ვინც ვარ, არ იყოს პანდემია და ლოს-ანჯელესში, მზის გულზე, ქვიშაში ვეგდო. სამოგზაუროდ უმეტესად, მარტო დავდივარ.

- ჩემი ჰობია... - ...ანიმაცია. ბოლო დროს მშენებლობამ გამიტაცა. მცხეთაში სახლის შენება საკუთარი ხელით დავიწყე. ბევრ პროფესიონალთან მქონდა საუბარი, ბევრი რამ ვისწავლე. მინდა, სხვანაირი სახლი გავაკეთო, თითით საჩვენებელი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...… - ...ძალიან მრცხვენია. ამავე დროს, ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია. იმაზე თუ აკეთებს ხაზგასმას, რაც საკუთარ თავში თავადაც მომწონს, ეს მახარებს.

- მეშინია... - ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

- ვმალავ... - არაფერს, ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ.

- სიყვარული ეს... - ...იყო ერთადერთი რამ, რისიც მეშინოდა. შეიძლებოდა საკუთარი თავი დამეკარგა. ეს არის ის განცდა, რის გამოც ცხოვრება ღირს. დღეს ეს შიში აღარ მაქვს. ადამიანი ასაკში რაც შედიხარ, არ ვიცი, ქრება სიყვარული თუ ბევრ რამეს სხვაგვარად უყურებ.

- ახლა შეყვარებული...… - ...არ ვარ. ახლა კი არა, 20 წელია, არავინ მყვარებია. ეს აქტიური ცხოვრების ბრალი მგონია: პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ მრჩებოდა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ეს სიყვარული იყო ყველაზე მძაფრი. ბაღში ერთი გოგო მიყვარდა, გვანცა ერქვა. შინ რომ მივიდოდი, ვამბობდი, - "დედა, გვანცა მიყვარს", ვიძინებდი, - "გვანცა მიყვარს", ვიღვიძებდი, - "გვანცა მიყვარს"... ახლა გვანცა არ ვიცი, სად არის. ეს ამბავი ერთ-ერთ შოუში ვთქვი და იმდენმა "გვანცამ" მომწერა, რომ... ამაზე კარგად ვხალისობდი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე... - ...ძალიან მიამიტი ვარ, ბავშვობიდან გულუბრყვილობაც გამომყვა.

- ვამაყობ... - ...იმით, რომ უკან მიხედვის არ მრცხვენია.

- მეზარება...… - ...დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. კარგია, როცა ერთი მიმართულებით მუშაობ. ჩემს შემთხვევაში, ზოგჯერ ასე ხდება - ვზივარ, მუსიკას ვწერ და ამ დროს გონებაში ხატვის კომპოზიცია მომდის, გადმოვერთვები ხატვაზე, იმ ნახევრად დაწერილ მუსიკას ვტოვებ, მერე ის ძველდება და... ნოველების წერაც მიყვარს. თან, ძალიან მაწანწალა ვარ.

- ხშირად მსაყვედურობენ... - ...ძალიან მხარჯველი, ხელგაშლილი და მიამიტი ხარო.

- ტელევიზიიდან წამოვედი... - ...რადგან სამთვიანი კონტრაქტი დასრულდა, ახალი კონტრაქტი უნდა გაგვეფორმებინა, მაგრამ იმ თანხად, რომელიც იქ უნდა ამეღო, ვერ ვიმუშავებდი, უარი ვთქვი. ყველა სფეროს გაუჭირდა. ეს პერიოდი იყო გამოცდილება, ცოდნის მიღება. ტელევიზიას მთლად ბუნებრიობა არ უხდება, გარკვეულ ფორმატს მოითხოვს. ჟურნალისტებს მანამდეც დიდ პატივს გცემდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც მუშაობის სპეციფიკას გავეცანი და ამ ურთულეს საქმეს შევეხე, მეტად დაგაფასეთ, ძალიან ძლიერები ხართ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი... - ...მთელი ცხოვრება წონას ვებრძვი... მეტად სპორტული ვიქნებოდი, ვივარჯიშებდი. ახლა დარბაზებიც დაკეტილია.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე... - ...სიმღერების ტექსტი: სულ მავიწყდება და აღარ ვიცი, რა ვქნა. ეს ჩემთვის სრული ჯოჯოხეთია, მიუხედავად იმისა, რომ პოეზიაზე ვგიჟდები.

- ვიტყუები, როცა... - ...არასდროს. ასეთ შეურაცხყოფას ვერც სხვას და ვერც საკუთარ თავს ვერ მივაყენებ. როცა მატყუებენ, ურთიერთობას ვასრულებ, მიუხედავად იმისა, რომ პატიება ადვილად შემიძლია. ტყუილი კატეგორიულად მიუღებელია.

- თავისუფლებაა... - ...როცა ისე ცხოვრობ, საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნები. ზოგიერთ უკულტურო ადამიანს რაღაც ქმედებები ჰგონია თავისუფლება. ეს მორალის ამბავია, სადამდე გიშვებს. სხვა ადამიანი არ უნდა შეაწუხო, არ უნდა დააზარალო. ვრცელი თემაა, დაუსრულებლად მსჯელობა შეიძლება.

- როცა მარტო ვარ... - ...ამ დროს ფიქრში ვატარებ, ჩემთვის დასკვნები გამომაქვს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს... - ...სულ ძალიან ბევრი?.. ალბათ შემეშინდებოდა, დისკომფორტი შემექმნებოდა. ვიცი, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი ადამიანი გაჩნდებოდა, რომლებსაც არ უნდა ვენდო. ფული იმდენია საჭირო, რომ სურვილები დაიკმაყოფილო. ბევრი ფული არასდროს მექნება. ყველაზე დიდი "კაიფია", როცა ადამიანებს ვახარებ, საჩუქრებს ვუმზადებ.

- მაკვირვებენ...… - ...ძალიან ზრდილობიანი და ძალიან უზრდელი ადამიანები.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს... - ...გამოსავალს ვეძებ ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. ყველაზე დიდი იმედი ოჯახის და საკუთარი თავის მაქვს, შემდეგ - მეგობრების.

- ყოველთვის კარგ ხასიათზე შეიძლება დამაყენოს...… - ...მუსიკამ და მზემ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...… - ...ახლა უკვე აღარაფერს არ შეუძლია. ეს უნარი გამოვიმუშავე. მხოლოდ ჩემს ქმედებებზე ვაგებ პასუხს და სხვა თუ უდიერად იქცევა, ეს უკვე მისი პრობლემაა.

- დაბოლოს, გეტყვით... - ...ვეცადოთ, მეტად გახსნილები ვიყოთ, ნეგატივშიც პოზიტივი ვეძებოთ, ამას ბედნიერება მოაქვს!

თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"