რა შემთხვევაში იხდიან ბანკის ვალს მემკვიდრეები, თუ მსესხებელი პირი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში იხდიან ბანკის ვალს მემკვიდრეები, თუ მსესხებელი პირი გარდაიცვალა

საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვს, რაც წლების განმავლობაში ტვირთად აწევს. მაშინ, როდესაც ადამიანი საფინანსო ორგანიზაციიდან სესხს იღებს, შეიძლება, შეთანხმების ხელშეკრულების პირობებს ყურადღება არც მიაქციოს, რისი გამოსწორებაც დაგვიანებულია გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს.

რა ხდება მაშინ, როდესაც ის ადამიანი გარდაიცვლება, ვისაც საბანკო სესხი ჰქონდა აღებული? რა შემთხვევაში გადადის ეს ვალდებულება მემკვიდრეებზე? - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს იურისტი ვასილ მამულაშვილი ესაუბრა.

- პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი სესხის გადახდა შესაძლოა, გარდაცვლილის მემკვიდრეებს დაეკისროთ. სამკვიდრო მასა აქტივებისგან და პასივებისგან შედგება და პასივებს წარმოადგენს მათ შორის გარდაცვლილის ვალდებულებები კრედიტორების მიმართ. შესაბამისად, თუ მემკვიდრეები სამკვიდროს მიიღებენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში არიან ვალდებულნი, დააკმაყოფილონ კრედიტორები, ვისაც მოთხოვნა აქვთ.

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ვალის გადახდის ვალდებულება მემკვიდრეებს ავტომატურად არ ეკისრებათ და აუცილებელია, კრედიტორებმა კონკრეტული მოქმედებები განახორციელონ. კერძოდ, ისინი ვალდებულები არიან, იმ დღიდან 6 თვის ვადაში, როდესაც ცნობილი გახდება, რომ მოვალე გარდაიცვალა, მემკვიდრეებს თანხის გადახდაზე მოთხოვნა წაუყენონ.

თუ 6-თვიანი ვადა გავიდა და მაგალითად, ბანკმა ან ნებისმიერმა კრედიტორმა მემკვიდრეს მოთხოვნა ამ ვადის გასვლის შემდეგ წარუდგინა, ამ შემთხვევაში მემკვიდრეს შეუძლია, ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვას და სასამართლო დავის შემთხვევაშიც აღნიშნული თანხა არ დაეკისრება.

არის მეორე შემთხვევა - მაგალითად, თუ ბანკი ან სხვა კრედიტორი განაცხადებს, რომ მისთვის მოვალის გარდაცვალების შესახებ უცნობი იყო, ამ შემთხვევაში ვადა უკვე სხვანაირად ითვლება და მოთხოვნის ვადის დადგომიდან ერთი წელია. მოთხოვნის ვადა - ეს ის ვადაა, როდესაც კრედიტორს თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვება, მაგალითად, თუ მოვალეს თანხა უნდა დაებრუნებინა 2020 წლის 1-ელ იანვარს და იგი მოთხოვნის წარმოშობამდე გარდაიცვალა, კრედიტორმა მოთხოვნა უნდა წაუყენოს მემკვიდრეს არაუგვიანეს 2021 წლის 11 იანვარამდე, ანუ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან 1 წლის ვადაში.

რომ შევაჯამოთ, როდესაც პირი გარდაიცვლება, ვალდებულება არ წყდება, არამედ, გადადის მემკვიდრეებზე, იმ შემთხვევაში, თუ მას მემკვიდრეები ჰყავს. თუმცა, მხოლოდ მემკვიდრეების არსებობა არაა მნიშვნელოვანი, რადგან ეს მემკვიდრეობის უფლება რეალიზებადი უფლებაა და თუ მემკვიდრემ სამკვიდრო არ მიიღო, მემკვიდრეობის უფლება არაფერს ნიშნავს.

მემკვიდრეობა მხოლოდ მატერიალური ქონებრივი სიკეთე არაა, შესაძლოა, სამკვიდროს მასას წარმოადგენს არამატერიალური ქონებრივი სიკეთეც, ასევე სამკვიდრო მასა შესაძლოა, იყოს მცირე ღირებულებისაც - მაგალითად, ადამიანმა მემკვიდრეობად ერთი კალამი, ფურცელი ან რაღაც სუვენირი მიიღოს და ეს ნიშნავს, რომ მეკვიდრემ მამკვიდრებლისაგან სრული სამკვიდრო მიიღო. პასივების/ვალდებულების მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში კი, მიუხედავად მისი მოცულობისა, მემკვიდრე გადაიხდის მიღებულის პროპორციულად, ანუ, თუ მიიღო ერთი კალამი, მისი ვალდებულება იქნება, შეასრულოს კალმის ღირებულების ტოლფასი ვალდებულება.

- რას გვეტყვით სიცოცხლის დაზღვევის შესახებ? გააგრძელეთ კითხვა