"კობერიძესთან და ხოშტარიასთან გუნდის შეკვრა გამორიცხულია" - რატომ დატოვა პარტია ბექა ნაცვლიშვილმა? - კვირის პალიტრა

"კობერიძესთან და ხოშტარიასთან გუნდის შეკვრა გამორიცხულია" - რატომ დატოვა პარტია ბექა ნაცვლიშვილმა?

"დღეს ხალხის ხმა საერთოდ არ ისმის, მხოლოდ პოლიტბურჟუაზია გაჰყვირის"

ბექა ნაცვლიშვილმა პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დატოვა. მისივე თქმით, პოლიტიკური ბრძოლისთვის სავალდებულო არ არის, რომელიმე პარტიას წარმოადგენდე.

"თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშნველობა, ამას პარტიის სახელით აკეთებს, თუ - მის მიღმა. მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის - მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომითი პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის. სოციალური წარმომავლობა არ უნდა იყოს წინაღობა თვითრეალიზაციისა და განვითარებისთვის.  “როგორც დღეს ჩვენი, ისე - ხვალ ჩვენი მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის, სწორედ ამ პრინციპებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი", - ნათქვამია ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაში, რომელიც მან გუშინ გაავრცელა.

kvirispalitra.ge შეეცადა გაერკვია, რა იდგა ამ დიპლომატიური განცხადების მიღმა და რა იყო პარტიის დატოვების რეალური მიზეზი.

ბექა ნაცვლიშვილი:

- მიმაჩნია, რომ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა პარტიის მიღმა უფრო შედეგიანი იქნება. რატომ ვფიქრობ ასე? ზოგიერთ შემთხვევაში, ჩემი გუნდის წარმომადგენლებთან შედარებით, მე უფრო რადიკალური ვიყავი. იდეოლოგიურ ხედვებში სხვაობა იყო. ჩემი საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებული იყო შრომის უფლებებთან, სოციალურ და საგადასახადო პოლიტიკასთან. მგონია, რომ ამ საქმიანობისთვის პარტიის საორგანიზაციო სტრუქტურა მოქნილი არ არის. სხვა ფორმატით მინდა საქმიანობის გაგრძელება.

- დღეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას როგორ აფასებთ, რამდენად მართებულად მიიჩნევთ ოპოზიციის ბოიკოტს?

- ოპოზიციამ თამასა საკმაოდ მაღლა ასწია, რისი მძევალიც შემდეგ თავად გახდა. ერთობა, რომელიც აქამდე ჰქონდა, დაირღვა. მე თუ მკითხავთ, ეს ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში, არანაირი აზრი არ აქვს, რადგან არაფრით განსხვავდება "ქართული ოცნებისგან". იდეოლოგიურად ყველა ერთნაირია, შინაარსობრივად განსხვავებული - მხოლოდ "გირჩია", საკითხებისადმი ინფანტილური დამოკიდებულებით, თავისუფლების იდეის მიმართაც კი, რომელიც თითქოს ლოზუნგად აურჩევიათ.

ყველა პარტია ცდილობს, ერთდროულად საზოგადოების ყველა ფენის - მუშის, კაპიტალისტის, გლეხის, ფერმერის წარმომადგენელი იყოს. ნამდვილი პოლიტიკა ასე არ კეთდება. ეს ისევ იმ 30-წლიან წრეზე გვაბრუნებს. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა შევქმნათო. კი, მაგრამ როგორ უნდა შეიქმნას ეროვნული ერთობის მთავრობა, როდესაც ნებისმიერ პარტიას, მუშას და კაპიტალისტს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იდეები აქვთ?

მუშა ცდილობს, თავი დაიხსნას ექსპლუატაციისგან და ღირსეული შემოსავალი შეიქმნას, კაპიტალისტი კი ცდილობს, მაქსიმალურად იაფად, სხვისი ექსპლუატაციის ხარჯზე, მაქსიმალურად იაფად შექმნას პროდუქტი. როგორ უნდა გააერთიანოს ეს ორი განსხვავებული სეგმენტი ერთმა პარტიამ? -  წარმოუდგენელია.

თუ ჩვენ პლურალიზმი გვინდა, ამ ორი სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიის არსებობა და ჭიდილი გვჭირდება პარლამენტში. დღეს ყველა პარტია კაპიტალისტს ემსახურება, ამიტომ არ აქვს აზრი, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. ძალიან ცუდია, რომ საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს იდეოლოგიას, რომელიც გამოხატავს კონკრეტული ჯგუფის მიერ საზოგადოების მოწყობის ხედვას. "ქართული ოცნება", "ლელო" "ნაიონალური მოძრაობა" - ყველა მსხვილი კაპიტალის წარმომადგენელია.

- თქვენი ვერსიით, რატომ უჭერენ მხარს ამ პარტიებს მუშები, მშრომელები, გლეხები? - იმიტომ, რომ ისინი აცხადებენ, მთელი ერის ინტერესებს ვიცავთო. ეს კი ტყუილია, ყველა იტყუება. ახლა “ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გამალებული ბრძოლაა გამოცხადებული. მე და ჩემი იდეოლოგიის ხალხი ჰესის აშენების წინააღმდეგები ვართ, იმიტომ, რომ მავნებლური პროექტია. ბიუჯეტს დააწვება დიდი ხარჯი, ჩვენ გადასახადები გაგვეზრდება, გარემოს განადგურებასა და რიონის ჩაბეტონებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

მეორე მხარეს არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთათვისაც მთავარია, უცხოელი ინვესტორების მოზიდვა და დიდი ფულის შოვნა. იდეაში, ჰესის მშენებლობა გლეხს ხელს არ აძლევს, მაგრამ ის "ქართულ ოცნებას" მაინც უჭერს მხარს, იმიტომ, რომ მისი ოჯახის წევრი ან ნათესავია საჯარო სამსახურში დასაქმებული. ე.ი. "ოცნებას" ამომრჩეველი ადმინისტრაციული რესურსით უჭირავს და არა - მიშა სააკაშვილის დაბრუნების საფრთხით. მიშას ვინც ებრძოდა, ის ხალხი დღეს "ქართულ ოცნებაში" აღარ არის.

- თქვენ მსგავსად, გუშინ პარტია "ლელო" დატოვა ლევან კობერიძემ, უფრო ადრე კი - "ევროპული საქართველო" ელენე ხოშტარიამ. ახალი გუნდი ხომ არ იკვრება?

- არა, მე და ლევანი ძალიან განვსხვავდებით იდეოლოგიურად, მით უფრო - ელენე ხოშტარია. ის ჩვეულებრივი ნეოლიბერალია, ზუსტად იმ იდეოლოგიას წარმოადგენს, რასაც მე მთელი ცხოვრება ვებრძვი. ამიტომ - გამორიცხულია!

- მარტო აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას?

- რატომ მარტო?! უამრავი ხალხია, ვისაც ჩემსავით აწუხებს სამართლიანი ენერგოპოლიტიკა, საბინაო პოლიტიკა, მინიმალური ხელფასი, დაბალშემოსავლიანი ოჯახის შვილების განათლება... დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი იპოვის საკუთარ თავში ძალას, საჯაროდ იბრძოლოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. ბრძოლა უნდა იყოს ძალიან მკაფიო, იდეოლოგიური, კლასობრივი. საბჭოთა კავშირმა ილუზიაში აცხოვრა ხალხი, თითქოს კლასობრივი საზოგადოება არ არსებობდა, არადა, სინამდვილეში არსებობდა და არსებობს კიდეც. დღეს საქართველოში მთელი დოვლათის 30% საზოგადოების მხოლოდ 1%-ზეა გადანაწილებული. კლასობრივი საზოგადოება, აბა, სხვა რა არის?! დღეს საქართველოში ძალიან ბევრი მშრომელი ადამიანია, რომელსაც სისტემა ჩაგრავს - სტრუქტურულად, ეკონომიკურად და სოციოლოგიურად. ამ ხალხს ორგანიზება სჭირდება. დღეს მათი ხმა საერთოდ არ ისმის, მხოლოდ პოლიტბურჟუაზია გაჰყვირის.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)