"გან­შო­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ დაგ­ვეხ­მა­რა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის მო­ვე­დით" - კვირის პალიტრა

"გან­შო­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ დაგ­ვეხ­მა­რა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის მო­ვე­დით"

ეს ადამიანი მუდმივად სიახლეების ძიებაშია, ახალგაზრდა თაობაში პოპულარობას ძირითადად მის გულწრფელობას და პოლიტიკოსისთვის არასტანდარტულ ქცევას მიაწერს. ექიმობაზე უარი თქვა და მერე ეკონომიკაში "გადავარდა"... "ნაციონალებში" მისულ კახა ბენდუქიძის რჩეულს სხვა რეალობა დახვდა, წამოვიდა, "გირჩის" კეთება დაიწყო, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ირწმუნება, რომ მსოფლმხედველობა იგივე დარჩა. მემარჯვენე ლიბერტალიანელი "გირჩად" მონათლული პოლიტიკაში "მეტ თავისუფლებას" ქადაგებს და როგორც გვეუბნება, ცხოვრებაშიც ადამიანის თავისუფლებაა მისთვის მთავარი ღირებულება. "ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ჩემზე რაღაც უცნაური წარმოდგენები აქვთ - ზოგს სატანისტი ვგონივარ, ზოგს მანქურთი და უჯიშო, სინამდვილეში რაღაც ტიპის ტრადიციულ ინსტიტუტებს დიდ პატივს ვცემ და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია". ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აპოლიტიკურ ინტერვიუშიც ცდილობს გულწრფელი და თავისუფალი იყოს.

საბჭოთა ბავშვობა

- ვაკეში დავიბადე, შატბერაშვილის ქუჩაზე. მშობლებთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობდი პატარა ბინაში, რომელიც ჯამში 40 კვადრატული იყო. ვსწავლობდი და დავამთავრე 55-ე სკოლა. ამ გადმოსახედიდან ბევრ რაღაცას ვაფასებ და ვიტყოდი, რომ ეს ჩვეულებრივი საბჭოთა ბავშვობა იყო. 15 წლის ვიყავი, როცა სსრკ დაიშალა და მთელი ჩემი ბავშვობა დაკავშირებულია საბჭოთა რეალობასთან. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული. არ მახსოვს, ალბათ რაღაცას ვაფუჭებდი მეც. ახლა საბურთალოზე ვცხოვრობ, თუმცა მანამდე რამდენჯერმე შევიცვალე საცხოვრებელი. ძველ ბინაში, შატბერაშვილზე ახლა ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს. ასე რომ, ისევ მაქვს კონტაქტი ძველ უბანთან. ამ ქუჩაზე ჩემი თაობის ხალხია დარჩენილი, ძველი მეგობრები. როცა ბებია-ბაბუა ცოცხალი იყო, მაშინ უფრო ხშირად მივდიოდი, ახლა ამას იშვიათად ვახერხებ...

"პრინციპულად წავედი და სამედიცინოზე ჩავაბარე"

- ექიმობა ჩემი არჩევანი იყო... მაშინ ისე მოხდა, რომ დამამთავრებელ კლასებში დავინტერესდი და დავიწყე სამედიცინო წიგნების კითხვა. ჩემი ძმა ფილოლოგია და ბევრი წიგნი მოზიდა. იმ პერიოდში ადამიანი მაინტერესებდა და ამიტომაც გადავწყვიტე სამედიცინოზე ჩამებარებინა. სკოლაში 5 წლის შევედი და სხვებზე 1 წლით ადრე ვამთავრებდი სკოლას. რადგან ერთი წელი წინ მქონდა, ვფიქრობდი, კარგად მოვმზადებულიყავი და უმაღლესში მომდევნო წელს ჩამებარებინა. სადღაც უკვე გაზაფხულზე, მარტში გადავწყვიტე, რატომ გავატარო უქმად 1 წელი, მოდი, ჩავაბარებ-თქო. შესაბამისად, საგნებში არ მოვმზადებულვარ. სახელმწიფო ინსტიტუტში ვერა, მაგრამ ერთ-ერთ კერძო სამედიცინო ინსტიტუტში მოვხვდი. ჩემს ოჯახს უნდოდა ეკონომიკას გავყოლოდი იმიტომ, რომ მატყობდნენ, მათემატიკა მაინტერესებდა. მე მაინც პრინციპულად წავედი და სამედიცინოზე ჩავაბარე, 7 წელი ვისწავლე და დავამთავრე კიდეც ზოგადი ქირურგის პროფილით. სადღაც მესამე კურსზე მივხვდი, რომ მედიცინა ნაკლებად მაინტერესებდა. მაინც დავამთავრე და ავიღე დიპლომი. მე-3 კურსიდან სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე, ვინაიდან 90-იანი წლები იყო და ოჯახში, ფაქტობრივად, შემოსავალი არავის ჰქონდა.

"პლასტიკურ ქირურგიაშიც მოვსინჯე ძალები"

- იყო ასეთი სამსახური - "საქსტანდარტი" ერქვა და პირველად იქ დავიწყე მუშაობა. წელიწადნახევრის შემდეგ გადავედი USAID - ის პროექტში, შემდეგ იყო საერთაშორისო კომისიის პროექტები, გაერო, ეუთო, რა ვიცი, საქართველოში თუ რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციაა, ყველგან ვიმუშავე. ისე, ქირურგის ასისტენტადაც მიმუშავია პირველ საავადმყოფოში. მიმუშავია - ხმამაღალი ნათქვამია, ექიმს ვეხმარებოდი და ამაში ფულს არავინ მიხდიდა, ქირურგს არ უხდიდნენ და მე ვინ გადამიხდიდა. მერე ცოტა ხანს პლასტიკურ ქირურგიაშიც მოვსინჯე ძალები, რაღაც პერიოდი ივა კუზანოვთანაც მაქვს გატარებული. ეს იყო და ეს. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. ეს ისეთი პროფესიაა, მოწოდებით უნდა იყო ექიმი, ან ფული აკეთო. მე ფულის კეთება არ მინდოდა. ერთი სიტყვით, ექიმობა არ იყო ჩემი მოწოდება. "საქსტანდარტში" როცა დავიწყე მუშაობა, შევარდნაძის პერიოდი იყო და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები კორუფციაში იყო ჩაძირული. მაშინ დავფიქრდი პირველად, როგორ უნდა მოაწყო სახელმწიფო ისე, რომ არ იყოს კორუფცია, საზოგადოება კეთილდღეობისკენ მიდიოდეს და ეგრევე დავიწყე წიგნების კითხვა ამ მიმართულებით. ასე მივედი ეკონომიკამდე... ეკონომიკა არსად მისწავლია, რა ცოდნასაც დღეს ვიყენებ, 90% ჩემით მაქვს მიღებული, მათ შორის, ინგლისური ენაც ჩემით ვისწავლე. ვინაიდან ჩავთვალე, რომ სამედიცინოს დიპლომს მაინც და მაინც ვერსად გამოვიყენებდი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი გავხდი, ჯიპა დავამთავრე.

"ვფიქრობ, "გავარტყი" პოლიტიკაში რომ ვარ" - საერთოდ მჯერა, რომ ადამიანმა რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს ბევრი რაღაცეების სწავლა და კეთება იმიტომ, რომ ძალიან რთულია "გაარტყა" ცხოვრებაში, რისი კეთება გსიამოვნებს, რომელი მიმართულებით შეძლებ ყველაზე კარგად საკუთარი თავის რეალიზებას. თანაც, ისე რეალიზებას, რომ ამ საქმის კეთება გსიამოვნებდეს და ყოველ დილით სამსახურში წასვლა ჯოჯოხეთი არ იყოს. ამას რომ "გაარტყა", ადრეული ასაკიდან უნდა სცადო ბევრი რაღაცის გაკეთება, მიხვდე, რისი უნარები, ნიჭი გაქვს და რისი კეთება განიჭებს სიამოვნებას. მეც ბევრჯერ შევიცვალე ცხოვრებაში საქმიანობა და ვთვლი, რომ ახლა რასაც ვაკეთებ, ეს ის საქმეა, რომელიც მსიამოვნებს. ვფიქრობ, "გავარტყი" პოლიტიკაში რომ ვარ. თუმცა ამაზე უფრო დიდ სიამოვნებას სტუდენტებთან ურთიერთობა მანიჭებს. აქამდე ლექციებს ვკითხულობდი საქართველოს უნივერსიტეტში, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. ახლა, სამწუხაროდ, დრო აღარ მაქვს, თორემ მაგის კეთება მირჩევნია ყველაფრის კეთებას. ვფიქრობ, მოვა დრო და საყვარელ საქმეს მივუბრუნდები. გააგრძელეთ კითხვა