ზარქუა მელიას: "გირაოს გადაიხდი, მეგობარო! ეს შენ გჭირდება" - კვირის პალიტრა

ზარქუა მელიას: "გირაოს გადაიხდი, მეგობარო! ეს შენ გჭირდება"

გირაოს გადაიხდი, მეგობარო! ეს შენ გჭირდება, - ამ სიტყვებით პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მიმართა.

ზარქუას თქმით, საქართველოში კანონი არის უზენაესი, ადამიანების სტატუსისა და მრწამსის მიუხედავად.

"ნიკა მელია ცნობილია თავისი პროცოკაციებითა და გამოხტომებით. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც სტატუსის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანის ქცევა კონსტიტუციას და სამართლიან გადაწყვეტილებას ექვემდებარება. ნიკა მელიას გირაოს გადახდა მოუწევს და ის ამ გირაოს გადაიხდის. მნიშვნელობა არ აქვს, პირადად ის გადაიხდის თუ მისი მეგობრები. ჩვენ ანალოგიური განცხადებები მისი პოლიტიკური თანაგუნდელებისგანაც გვახსოვს, მაგრამ გადახდა მოუწიათ - ნიკა გვარამიას შეგახსენებთ. მას ამისთვის მადლობა, რომ სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუციებს პატივი სცა. დღეს იმის ფუფუნება არ არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შანტაჟის ენით ველაპარაკოთ. ნიკა მელიას ვურჩევ, რომ შანტაჟს ნუ დაექვემდებარება და პროვოკაციებს ნუ დაიწყებს. მან კანონი დაარღვია და ისევე, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა გადაიხადეს გირაო, მანაც უნდა გადაიხადოს. თუ არ გადაიხდის, ამით განაჩენს თავის თავს გამოუტანს. ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც მას არც ამომრჩეველი და არც სამართლებრივი სისტემა არ აპატიებს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.