"ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია"

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ანგარიშის მოსმენა გაიმართა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა მომხსენებელს რამდენიმე კითხვით მიმართა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.

"კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, მინდა გკითხოთ - გვაქვს თუ არა ადაპტირებული სტრატეგია მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშესაწყობად, რადგან ტრადიციული არხები - გამოფენები, ღონისძიებები თუ პირისპირ შეხვედრების ჩატარება მიმდინარე წელსაც კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც კერძო სექტორისთვის შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკური ურთიერთოებების გამყარებას.

ასევე, ახალი სამოქმედო გეგმა განისაზღვრა 7 წლიანი ვადით. რადგან თქვენ მიმდინარე მოლაპარაკება გაქვთ სამოქმედო გეგმაზე, მნიშვნელოვანია გკითხოთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებში - რაც ძირეულ რეფორმებს გულისხმობს, რამდენად გვაქვს შესაძლებლობა გავითვალისწინოთ კოვიდ-პანდემიის ეფექტი მეწარმეებზე და გასატარებელი რეფორმების აღსრულების დროში მიზანშეწონილობა, ისე, რომ ამან არ დააზიანოს ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების პროცესი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"