"მასთან ბევრი საკამათო საკითხი გვექნება, მაგრამ კარგი ბიჭი ჩანს" - რას ჰყვებოდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ედუარდ შევარდნაძეზე - კვირის პალიტრა

"მასთან ბევრი საკამათო საკითხი გვექნება, მაგრამ კარგი ბიჭი ჩანს" - რას ჰყვებოდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ედუარდ შევარდნაძეზე

როგორც ცნობილია, 2021 წლის 6 თებერვალს, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯორჯ შულცი - ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი 1982-1989 წლებში, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსში" (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ჯორჯ შულცის გარდაცვალების გამო: მან თავისი სიკეთით დიდი წვლილი შეიტანა ცივი ომის დასრულებაში". გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომლის ავტორი გახლავთ ფილიპ ტაუბმანი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯორჯ ბუშის ბიოგრაფი.

"რეიგანის გარეშე ცივი ომი არ დამთავრდებოდა, მაგრამ ჯორჯ შულცის გარეშე რეიგანი ცივ ომს ვერ დაამთავრებდა", - იტყვის მოგვიანებით საბჭოთა კავშირის ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი. იმ გარემოებამ, თუ როგორ აღწევდა ჯორჯ შულცი წარმატებას, მისი განსაკუთრებულობა განაპირობა. მას შეეძლო, ყოფილიყო "ცივსისხლიანი", ჯიუტი და მიუწვდომელი, მაგრამ ყოველთვის, როცა კი ვინმესთან დალაპარაკება შეიძლებოდა, იგი ამ შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა. ყველაფერს, რასაც მისტერ შულცი აკეთებდა, საფუძვლად ადამიანური დამოკიდებულება ედო. მისი კეთილი ჟესტები და პატივისცემა დღეს თითქმის წარმოუდგენელი, უცნაურიც კი გვეჩვენება და გვაბრუნებს იმ, უფრო "რბილ" დროში, როცა საწამლავი საჯარო დისკურსის ელექსირს არ წარმოადგენდა.

გავიხსენოთ ჯორჯ შულცის პირველი შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესთან 1985 წელს. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშნული ედუარდ შევარდნაძის დებიუტი ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო კონფერენციაზე შედგა. "ჩვენ მასთან ბევრი საკამათო საკითხი გვექნება, მაგრამ იგი კარგი ბიჭი ჩანს", - უთხრა ერთ დღეს ჯორჯ შულცმა თავის ცოლს, - "იმედი მაქვს, დავმეგობრდებით. ჩვენ პირადი მტრობა არ გვჭირდება. უნდა შევეცადოთ მის გამოსწორებას, რომ პრობლემა აღარ იყოს". რონალდ რეიგანი, ჯორჯ შულცი და ჯორჯ ბუში, 1985 წელი

ჰელსინკის ცნობილ დარბაზ "ფინეთში" 30-მდე ქვეყნის დელეგაცია იყო შეკრებილი. [მოულოდნელად] ჯორჯ შულცმა დოკუმენტები ამფითეატრის ქვედა ნაწილში მდებარე აშშ-ის დელეგაციის მაგიდასთან დატოვა, თვითონ კიბე დინჯად, ნელი ნაბიჯით აიარა  და ბოლო რიგში მჯდომ საბჭოთა დელეგაციასთან მივიდა, რათა ედუარდ შევარდნაძეს პირადად მისალმებოდა. როცა მან საბჭოთა მინისტრს ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა, დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა... ყველას ახსოვდა ამერიკისადმი ანდრეი გრომიკოს - ედუარდ შევარდნაძის წინამორბედის მრავალწლიანი, ცივი დამოკიდებულება და ამ ფონზე ჯორჯ შულცის შეხვედრა ახალ მინისტრთან საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა საოცარ, კონსტრუქციულ, სამუშაო ურთიერთობას მათ შორის.

ათწლეულების შემდეგ, როდესაც მე ბატონი ედუარდ შევარდნაძისგან ინტერვიუს ვიღებდი მის მშობლიურ თბილისში, საქართველოში, ეს უკანასკნელი პარკინსონის დაავადების "ტყვეობაში" იმყოფებოდა და წამოდგომა უჭირდა. ამიტომ თანაშემწეს სთხოვა, რაღაც ქაღალდები მოეტანა ჩემთვის. ეს იყო საშობაო ღია ბარათები, რომლებსაც მას ყოველწლიურად უგზავნიდნენ ჯორჯ შულცი და მისი მეუღლე შარლოტა! ყოფილი ქართველი მინისტრი ამ ღია ბარათებს ძალიან უფრთხილდებოდა.

ჯორჯ შულცი იყო უკანასკნელთაგანი იმ სახელმწიფო მოღვაწეებს შორის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ და პოლიტიკურ ასპარეზზე ომის შემდეგ გამოვიდნენ. რასაკვირველია, იგი არ ყოფილა უშეცდომო და იდეალური ადამიანი, მაგრამ მისი სიკეთე და საღი აზრი, პრაგმატული მიდგომა პრობლემების გადაწყვეტისადმი ჩვენი წინააღმდეგობრივი ეპოქისთვის სამაგალითო უნდა იყოს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ