უკრაინის საგარეო უწყება საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებისგან - კვირის პალიტრა

უკრაინის საგარეო უწყება საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებისგან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან, ასეთი განცხადებები შესაძლოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

უკრაინის საგარეო უწყების მტკიცებით, უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს და არც მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს ქმედებებს საერთაშორისო ასპარეზზე.

"საქართველოში უკრაინის ელჩის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ბრალმდებლის ემოციების გარდა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. უკრაინული დიპლომატია მათ ყურადღებას არ მიაქცევს და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის განცხადებას "ფეისბუკის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "ღრმად კორუმპირებულსა" და "საბჭოთა ფუნქციონერს" უწოდებს.

სააკაშვილის თქმით, მიაღწევს იმას, რომ მსგავსი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს.