"ამიხსნის ვინმე, რატომ უნდა ეკეთოს მეექვსე კლასის მოსწავლეს პირბადე და მეოთხე კლასისას - არა?" - კვირის პალიტრა

"ამიხსნის ვინმე, რატომ უნდა ეკეთოს მეექვსე კლასის მოსწავლეს პირბადე და მეოთხე კლასისას - არა?"

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 15 თებერვალს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს. თუმცა, ამავდროულად მშობლებს აქვთ არჩევანის უფლება, დატოვონო შვილები დისტანციურ სწავლებაზე თუ თვლიან, რომ ამ ეტაპზე ბავშვის სკოლაში გაშვება საფრთხის მომტანია. ჩვენ რამდენიმე ცნობილ დედას ვკითხეთ, აპირებენ თუ არა შვილის სკოლაში გაშვებას.

გვანცა დარასელია:

- კი, ვაპირებ გავუშვა სკოლაში. წინა ლოქდაუნის შემდეგ, 2-3 კვირა რომ გაიხსნა სკოლები, მაშინაც დამყავდა და ახლაც ვიმედოვნებ, რომ რეგულაციები და უსაფრთხოების წესები იქნება დაცული.

- ერეკლე კერძო სკოლაში დადის, თუ საჯაროში?

- კერძო სკოლაში. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა იმაში, რომ კლასში სულ 6 ბავშვია, ამიტომ დისტანციის დაცვა და ზოგადი რეგულაციების გათვალისწინება უადვილდებათ. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ უცხო ენის გაკვეთილზე აღარ ხდება კლასების შერევა. ზოგადად, კლასი იყოფოდა ამ გაკვეთილზე და შესაბამისი ცოდნის პარალელურ კლასელებს უერთდებოდნენ, ეს წესი გაუქმდა, ყველა რჩება თავის კლასში. ისეთი აქტივობები, რომელიც ითვალისწინებდა საზიარო ნივთების მოხმარებას, ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგალითად, ჭადრაკის წრე დაიხურა. მასწავლებლებიც და მშობლებიც ვცდილობთ, ყველა ბავშვს ჰქონდეს ინდივიდუალური მოხმარების საგნები, მაგალითად, მარკერი, დაფასთან გასვლისას, თავისი მარკერით რომ ისარგებლოს. როცა კარგი ამინდია, 1-2 გაკვეთილს გარეთ უტარებენ, ჩვენს სკოლას დიდი ტერიტორია აქვს და შესაბამისად იმის საშუალება არის, რომ გადაანაწილონ მოსწავლეები სხვადასხვა სივრცეში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

სასადილოშიც დაცულია წესები, სხვადასხვა დროს ჩაჰყავთ მოსწავლეები.

- სკოლის ტრანსპორტით სარგებლობთ?

- არა ჩვენ დაგვყავს, ვინაიდან ქალაქგარეთ ვცხოვრობთ.

- ონლაინსწავლებას როგორ შეაფასებ, რამდენად მოერგო ერკელე ამ მეთოდს?

- ზოგადად, ნორმალურად შევაფასებდი ამ პროცესს. ეს იმდენად ახალი მეთოდია განათლების სისტემისთვის, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, რომ ამის გათვალისწინებით ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ძალიან ბევრს მუშაობენ მასწავლებლები, იმისთვის რომ გაკვეთილზე ბავშვებმა არ დაკარგონ მოტივაცია, შეუძლებელია, ეს არ დავუფასო. ზოგადად თუ განვიხილავთ ამ პროცესს, მოსწავლის მოტივაცია დისტანციური სწავლის რეჟიმში მაინც არ არის მაღალი და ამასთან, ძალიან გაგვეზარდა ეკრანთან გატარებული დრო. გააგრძელეთ კითხვა