"იმაზე ფიქრს არც კი დავუშვებ, რომ ჩემ შემდეგ ვინმემ შეძლოს და რამაზს თავი შეაყვაროს..." - კვირის პალიტრა

"იმაზე ფიქრს არც კი დავუშვებ, რომ ჩემ შემდეგ ვინმემ შეძლოს და რამაზს თავი შეაყვაროს..."

ხატია სიჭინავა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ სიცოცხლე ძალიან უყვარს და დეპრესიისთვის ვერც ერთ წამს ვერ გაიმეტებს. ურჩევნია, დღევანდელი დღით იცხოვროს, ვიდრე თავი მოიკლას იმაზე ფიქრით, ხვალ რა და როგორ იქნება. ერთი სიტყვით, როგორც თავად ამბობს, გამოუსწორებელი ოპტიმისტია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ახლა ყველა პირბადით დადის, მათ შორის, ბავშვებიც. ვიღაც თვლის, რომ ეს აუცილებელია და მათ არჩევანში არ ვერევი, მაგრამ ჩემი შვილებისთვის პირბადე ერთი დღითაც არ გამიკეთებია. ვთვლი, რომ ბევრად უფრო ჯანმრთელები არიან, რადგან არ ვასუნთქებ ნახშირორჟანგს, ჩემთვის ეს არის მისაღები და სწორი...."

"2012 წელს ჩემი არჩევანი გავაკეთე და მეგონა, რომ ცუდს ვცვლიდი კარგით. აღმოჩნდა, ცუდი უარესით შევცვალე. ახლა მე მთავრობის შესაცვლელად არ ვიბრძვი, თუმცა შეჯანჯღარება და აზრზე მოყვანა ნამდვილად საჭიროა. ჩემთვის მთავარია, მიიღონ ლოგიკური გადაწყვეტილებები და შეიმუშაონ სწორი გეგმა. არ მინდა, სკოლები რომ გაიხსნება, ერთ კვირაში ისევ დაკეტონ..."

"ოჯახში ბევრი დაბრკოლება იჩენს თავს, მაგრამ თუ მართლა გიყვარს, პრობლემებს გაუმკლავდებით და მაშინ სპილენძი ოქროდაც მოგეჩვენება. ეს შემდგარ ოჯახში ჩვეულებრივი ამბავია. გაჭირვება რთული გადასატანია. ამ პანდემიის პერიოდში არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ასე თუ ისე, ფინანსური პრობლემები არ შეეხო. ბევრი ოჯახი გამოწვევებს ტრაგედიად აღიქვამს და ინგრევა, რაც სიყვარულის ნაკლებობაზე მიანიშნებს. უნდა შეძლო და მეუღლეს გაჭირვება ჯოჯოხეთად არ უქციო..."

"ჩემი ქმარი ხშირად მეტყვის ხოლმე, რატომ ბავშვობისას არ შევხვდით ერთმანეთსო?.. რაც შეეხება იმას, გვსურს თუ არა, ვიყოთ კაცის უკანასკნელი სიყვარული, ესეც მართალია. იმაზე ფიქრს არც კი დავუშვებ, რომ ჩემ შემდეგ ვინმემ შეძლოს და რამაზს თავი შეაყვაროს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 11 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი