"ჩემს იმედად იყვნენ ბავშვები და მათ ამ იმედს ვერ გავუცრუებდი. ძლიერი უნდა ვყოფილიყავი..." - კვირის პალიტრა

"ჩემს იმედად იყვნენ ბავშვები და მათ ამ იმედს ვერ გავუცრუებდი. ძლიერი უნდა ვყოფილიყავი..."

"ჰოი, საოცრებავ, მეუღლე 7 თვის შემდეგ მირეკავს: დაჯექი, თუ დგახარ! მეშინია, სიხარულისგან ცუდად არ გახდეო..."

ბოლო დროს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ძალიან აქტიურობენ და არაერთი ღონისძიება გამართეს. ამ ღონისძიებებს "ლაივების" მეშვეობით ვადევნებდი თვალს და ჩემი ყურადღება მიიქცია ქალბატონმა, რომელიც ღონისძიების დასაწყისშივე ცდილობდა, თავისი ცეკვით კარგი განწყობა შეექმნა სხვებისთვის. ეს ქალბატონი 67 წლის ნატალია (ნაირა) სულაშვილია, რომელიც ამერიკაში თავს ძალიან კარგად გრძნობს, ძალიან ლაღიც ჩანს, მაგრამ გულით სამშობლოს მონატრებას დაატარებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემი ემიგრანტული ცხოვრება დაიწყო იტალიაში, ქალაქ ბარში, სადაც 5 სრული წელი დავყავი... ძნელი იყო, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში მარტოდმარტო თავის გატანა, სხვა პრობლემებს ემატებოდა ენის არცოდნაც, არ მქონდა საბუთები - ამის გამო ახალჩასულებს ძალიან უჭირთ სამსახურის დაწყება. ჰოდა, მეც ხშირად მიგრძნია თავი უსუსურად და ვფიქრობდი უკან, სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ დედობრივმა გრძნობამ გამაძლიერა. ვიცოდი, რომ ჩემს იმედად იყვნენ ბავშვები და მათ ამ იმედს ვერ გავუცრუებდი. ძლიერი უნდა ვყოფილიყავი..."

"იტალიაში ყოფნისას შევიძინე ძალიან საყვარელი მეგობრები; სწორედ ერთ-ერთი მათგანის წყალობით ამოვყავი თავი ამერიკაში... ბელა მოსიაშვილმა გადამიღო სურათი თეთრ კედელთან და მერე მითხრა, - უკვე 14 წელია ჩემს საბუთებს თბილისში ვგზავნი, "გრინ კარტის" შესავსებად. ამ შენს სურათს და მონაცემებსაც გავგზავნიო. ძალიან გამიკვირდა, რას ამბობ-მეთქი? მაშინ ისიც არ ვიცოდი, რას წარმოადგენდა ეს ეგრეთ წოდებული "გრინ კარტა", ანუ მწვანე ბარათი!.."

"თბილისში ჩემს მეუღლესაც ვთხოვე, განაცხადი შეევსო იმავე ოფისში, სადაც ჩვენ გავგზავნეთ მონაცემები. პესიმისტურად მიპასუხა, რა აზრი აქვს? ტყუილად რას მახარჯვინებ ფულს? ამ თანხით წავალ და ლუდს დავლევო (იცინის).

თუმცა, ჩემი დაჟინებული თხოვნით, როგორც იქნა, შეავსო განაცხადი და... ჰოი, საოცრებავ, 7 თვის შემდეგ მირეკავს: დაჯექი, თუ დგახარ! მეშინია, სიხარულისგან ცუდად არ გახდეო..."

"როცა მეგონა, უკვე 62 წლის ასაკში იტალიიდან სამშობლოში, ოჯახში დავბრუნდები და ჩემს შვილიშვილებს ჩავეხუტები, შევასრულებ ბებიის მოვალეობას-მეთქი, უცებ თავი ამერიკაში ამოვყავი და ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა... რით განსხვავდება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების ყოფა იტალიაში მყოფებისგან?

ხელფასი აქ 4-ჯერ მეტია; აქ უფრო მეტი მეგობარი შევიძინე, გარშემო ძალიან ბევრი ქართველია; ყოველ შაბათ-კვირას "გამოწერილი" გვაქვს დროს ტარება, ექსკურსია და მეგობრების გარემოცვაში მოლხენა... სხვა რა გითხრათ. უბედნიერესი ქალი ვარ და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ არასოდეს თქვან არასოდეს! ადამიანმა არ იცის, რა ხდება მომდევნო დღეს, როგორ შეიცვლება მისი ცხოვრება, თუნდაც ჩემს ასაკში..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 11 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ლიკა ქაჯაია