"თუ "გირჩის" ნარჩენები პარლამენტში შევლენ, "ელისაშვილიზაციის" გზას დაადგებიან და გახდებიან "ოცნების" დანამატი!" - კვირის პალიტრა

"თუ "გირჩის" ნარჩენები პარლამენტში შევლენ, "ელისაშვილიზაციის" გზას დაადგებიან და გახდებიან "ოცნების" დანამატი!"

"ხელისუფლების გამოფხიზლებას და ამუშავებას თუ დაველოდებით, უფრო მეტი ადამიანი დაგვეღუპება შიმშილით და სიღარიბით"

არაპროპორციულს და არაგონივრულს უწოდებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე იმ რეგულაციებს, რომელიც ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დატოვა და სამოქალაქო აქტივისტებს მხარდაჭერას უცხადებს.

"ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების პროტესტი, ისევე, როგორც ნაწილობრივ გაითვალისწინა კანცელარიასთან აქციები რიგი რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით და, სულ მცირე, 12:00 საათამდე მაინც უნდა გადაწიოს "კომენდანტის საათი"... რაც შეეხება დაჯარიმება-დაკავების სერიას, მგონი, ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმში იქნება - თუ ეს პროტესტი გაგრძელდება, ის შეეცდება, რომ, როგორღაც, არ დააჯარიმოს, გაწელოს ეს პერიოდი. თუ დაინახა, რომ პროტესტი შესუსტდა, მაშინ აუცილებლად დააჯარიმებს. სახელმწიფო არ უნდა იყოს დაჯარიმებაზე და დასჯაზე, არამედ - გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული", - ამბობს ჩიხლაძე.

მაშინ, როდესაც ოპოზიცია გვარწმუნებს, რომ ხელისუფლბა ვერ მართავს ეპიდსიტუაციას, დარგის სპეციალისტები  აპრილში პანდემიის მესამე ტალღას ვარაუდობენ. რამდენად მართებულია რეგულაციების მოხსნა და, ზოგადად, საპროტესტო აქციების გამართვა, ამ კითხვით დავიწყეთ "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთ ლიდერთან საუბარი.

სერგო ჩიხლაძე: - დარგის სპეციალისტებს, მაგალითად, ბატონ ამირან გამყრელიძეს შევახსენებ: როდესაც სექტემბერ-ოქტომბერში ამაზე უარესი სიტუაცია იყო, თავად გვეუბნებოდნენ, არაფერია, არ არის საჭირო შეზღუდვების გამკაცრებაო. საინტერესოა, შემოდგომაზე იტყუებოდნენ თუ ახლა იტყუებიან? დანარჩენი დარგის სპეციალისტები, რომლებიც მთავრობასთან ასოცირებული არ ვართ, ყველა ერთხმად ვამბობთ, რომ შეზღუდვები მოსახსნელია ეტაპობრივად. თუმცა, ამას სჭირდება სწორი მენეჯმენტი და კონტროლი, რაც ამ ხელისუფლებისთვის სუსტი წერტილია.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს აპრილში, როდესაც პანდემიის მესამე ტალღა შემოგვიტევს და თქვენი თქმით, ხელისუფლება სწორ მენეჯმენტს ვერ განახორციელებს? - რა ვქნათ, აბა, აღარასდროს გავიხსნათ?! ხელისუფლების გამოფხიზლებას და ამუშავებას თუ დაველოდებით, უფრო მეტი ადამიანი დაგვეღუპება შიმშილით და სიღარიბით. შეზღუდვების მოხსნა ნამდვილად შეიცავს რისკებს, მაგრამ რისკებს უნდა მართვა. თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს სწორი მენეჯმენტის განხორციელებას ასეთ საპასუხისმგებლო სიტუაციაშიც კი, იგი უნდა წავიდეს. მას ხალხმა ისედაც უთხრა უარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ დღემდე მიტაცებული აქვთ ხელისუფლება და არ ეთმობათ. კოალიციური მთავრობა კი მოაგვარებს პრობლემებს, რასაც ვერ აგვარებს "ქართული ოცნება".

- ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პარლამენტში უკვე შევიდნენ "მოქალაქეები" და შესაძლოა, მათ რიგებს ახლა "გირჩი" და "რესპუბლიკელებიც" შეურთდნენ? - მე არ მგონია, "რესპუბლიკელები" პარლამენტში შვიდნენ. რაც შეეხება "მოქალაქეებს" და "გირჩს", ისინი პოლიტიკურ მოცემულობას ვერ შეცვლიან.

- როგორც ვიცით, "გირჩი" მხოლოდ სრულად პროპორციული და უბარიერო საარჩევნო სისტემის სანაცვლოდ აპირებს შესვლას. ამ პირობის შესრულებას კი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ყოფნა სჭირდება. როგორ შეასრულებს ამ პირობას საპარლამენტო უმრავლესობა, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში? - საქმეც ის არის, რომ - ვერ შეასრულებს, და ეს "გირჩმაც" კარგად იცის. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ფარსი და თუ ეს "გირჩის" ნარჩენები პარლამენტში შევლენ, "ელისაშვილიზაციის" გზას დაადგებიან და გახდებიან "ქართული ოცნების" დანამატი!

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)