"ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, კობახიძე-გახარიასთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს, ოპოზიციის რიგები იშლება" - კვირის პალიტრა

"ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, კობახიძე-გახარიასთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს, ოპოზიციის რიგები იშლება"

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პარტიაში დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

"ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, თითქოს მმართველ პარტიაში დაპირპისპირებაა. ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, გახარია გომელაურთან, კალაძესთან და ა.შ. ამ დროს კი ვხედავთ, რომ ოპოზიციის რიგები იშლება", - განაცხადა კახა კალაძემ.

"არავის გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდამჭერებისთვის დაუმორჩილებლობის მოწოდებას.

კახა კალაძის განცხადებით, მიხეილს სააკაშვილის ძირითადად დესტრუქციითაა დაკავებული

"ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამ განცხადებებს ვისმენთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ადამიანი, რომელიც ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, დაპირისპირება, ქართველი ხალხის პოლარიზება და ა.შ. ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა კანონის ფარგლებში ", - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა, რომ ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, ცივილიზებულობის ფარგლებში, არა მხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობაა.

"დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ",-აღნიშნა სააკაშვილმა.

"თავის თავზე არის დამოკიდებული იქნება გარეთ თუ შევა ციხეში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გირაოს თანხის გადაუხდელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გირაოს თანხის გადახდა მოხდება.

"ქართული ოცნება" არაფერ შუაშია, აქ არის საქმე კონკრეტულ დანაშაულზე, შესაბამისად, მას მოუწევს გირაოს გადახდა. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ის არ გადაიხდის. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება პირდაპირ მისი მხრიდან არა, მაგრამ მისი მეგობრების მხრიდან. თავის თავზე არის დამოკიდებული იქნება გარეთ თუ შევა ციხეში. არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არავის დაჭერა არ უხარიათ. ეს ნამდვილად არაა სასიხარულო. მაგრამ, როცა დანაშაული გაქვს ასეთი მძიმე, გვახსოვს 20 ივნისს როგორი მოწოდებები კეთდებოდა და როგორ ხელმძღვანელობდა პარლამენტში შეჭრას, შემდეგ კი გაიპარა და ეს ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ასე რომ, ცუდი იყო ყველაფერი რაც მოხდა და იმედი მაქვს, რომ მომავალში არ განმეორდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახადას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება. ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით