"ყოჩაღ, შევუქებ საქციელს “რესპუბლიკურ პარტიას”, გაბედული ნაბიჯია" - კვირის პალიტრა

"ყოჩაღ, შევუქებ საქციელს “რესპუბლიკურ პარტიას”, გაბედული ნაბიჯია"

"ჩვენ დავინახეთ და მოვისმინეთ "რესპუბლიკური პარტიის" სახელმწიფოებრივად ძალიან ზუსტი და სწორი განცხადება, ძალიან მამაცი განცხადება და ასევე, დავინახეთ ოპოზიციაში არსებული ფუნდამენტალიზმი კიდევ ერთხელ",- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანას ორპოლუსიანობა შუაზე არ გლეჯდეს და 2024 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტი მრავალპარტიული იყო, საჭიროა ბუნებრივი ბარიერის არსებობა. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კანონპროექტის მხარდასაჭერად ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

"ოდნავ განსხვავებულად ვიღაცა თუ რაღაცას ამბობს ან აზროვნებს ოპოზიციაში, იმ წამს ყელში ეძგერებიან და მზად არიან, რომ გაგლიჯონ შუაზე, არადა, ამ ხალხს რომ ჰკითხო, მრავალპარტიული დემოკრატია უნდათ. ყოჩაღ, შევუქებ საქციელს "რესპუბლიკურ პარტიას", ძალიან გაბედული ნაბიჯია. თუ გვინდა, რომ ორპოლუსიანობა არ გლეჯდეს ამ ქვეყანას შუაზე, მაშინ ბარიერი უნდა იყოს მინიმალური. "ქართული ოცნება" რას იზამს არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ქნას ვიცი, უნდა დააინიციროს კანონპროექტი ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით და კარგი იქნება თუ ოპოზიციის შეგნებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მამაცი ნაწილი შემოვა ერთი დღით მაინც და ამ ქვეყნისთვის გააკეთებს რამეს. ნუ აქცია პარლამენტში მუშაობა ზოგზოგიერთმა, რაღაც ერის ღალატად, ხმა იმისთვის მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, რომ აქ მოვიდნენ და იმუშაონ. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხზე თუ არ შემოვიდნენ და ხმა არ მისცეს, აბა, პოლიტიკური პარტიები საერთოდ რისთვის არსებობენ ძალიან მაინტერესებს? თუ ამბობენ, რომ მრავალპარტიული ქვეყანა გვინდაო, თუ უნდათ, რომ ქვეყანა 2024 წლიდან იყოს მრავალპარტიული, 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში როგორ აპირებენ მრავალპარტიულობას ძალიან მაინტერესებს? პოლიტიკური პროცესი რა ჰგონიათ? პარტიები რისთვის შექმნეს? სახელმწიფოსთვის რაც კარგია, ხმა თუ არ მიეცი და ერთხელ თუ არ იკადრე და შემოხვედი, აბა, საერთოდ რისთვის არსებობენ ეს პარტიები?

ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მივიღეთ და ამისკენ მოვუწოდებთ ყველას. ერთმანეთს კი ნუ უყურებენ იმ ოპოზიციაში, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები!"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, "რეპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები თუ დაინახავენ, რომ უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა, მათ ქვეყნის მომავალზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდებთ. მისივე თქმით, თუ მას ექნება შესაძლებლობა, ხმა მისცეს კანონპროექტს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, თავს უფლებას არ მისცემს, რომ ასეთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს.

ალეკო ელისაშვილმა ასევე ისაუბრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, რომ ის საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

ბოდიშს ვიხდი სუს-თან, მაგრამ სუს-ი კი არ უნდა გმინავდეს და შეშფოთების განცხადებებს კი არ უნდა ავრცელებდეს, სუს-ი უნდა იცავდეს ამ ქვეყანას. ეს არის პრობლემა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას. რაში იღებენ ხელფასს და მშვიდად როგორ სძინავთ, ეს მაინტერესებს. ძალიან არაეფექტური სისტემა და სტრუქტურაა, მარტო ოპონენტების თვალთვალი ეხერხებათ, მოსმენა და მიყურადება. სუს-ი რომ თავის სიმაღლეზე იყოს, ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გაავრცელებდნენ. ოპონენტების პოლიტიკური განცხადებები კი არ აზიანებს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას, არამედ, სუს-ის არაეფექტურობა. ეს ქვეყანა არის დაუცველი იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა აწყობილია ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალზე, მიყურადებაზე, შანტაჟზე და ჯანდაბაზე და არა იმაზე, რისთვისაც არსებობს უწყება", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, თავისთავად მცდარია აღნიშნული ნარატივის დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გატარებულ როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

ბრიფინგზე სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა აღნიშნა, რომ უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პირდაპირ პასუხისმგებლობას და საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორცილებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით