„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება არ განიხილება, ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს" - კვირის პალიტრა

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება არ განიხილება, ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს"

"ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" გაერთიანება არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

"ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ, რომ არ განიხილება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია გამორიცხავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, "ეს არ განიხილება საერთოდ".

რაც შეეხება გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ბოკერია ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს" პარტიული საკითხები სააკაშვილთან კომუნიკაციით არ წყდება.

"ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა უგულავას სააკაშვილთან ბოლო პერიოდში კომუნიკაცია. ისე, ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტნიორ ძალასთან გვაქვს კომუნიკაცია. კომუნიკაცია როდის და ბოლოს ჰქონდა თუ არა მასთან გიგი უგულავას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვიცი თუ არა. არ წყდება სააკაშვილთან კომუნიკაციით ჩვენი პარტიის საკითხები. ჩვენ გამიჯვნის, უფრო სწორად კონკურენციის და ზოგჯერ კრიტიკის ფორმატი გვაქვს ყველა ჩვენ კონკურენტთან, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასან". არის საკითხები, სადაც პარტნიორები ვართ ყველა პარტნიორ ძალასთან და არა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან". მაგალითად, ასეთი საკითხია ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა ბოკერიამ.

"არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს. საერთოდ, აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მან ამასთანავე, განმარტა, რომ მოცემულ მომენტში პერსონალურ დონეზეც არ არის მიღებული რაიმე სახის საბოლოო გადაწყვეტილება. ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის არჩევნების დასრულების შემდეგ, ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში დისკუსიები იმართება.

"ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა აქტიური დისკუსია გვაქვს პარტიის შიგნით ჩვენი პარტიის გეგმებზე, ბუნებრივია, იმ კონტექსტში, როგორ რთულ ვითარებაშიც არის მთელი ქვეყანა გაყალბებული არჩევნების შემდეგ და პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ეს ჩვეულებრივ ვითარებაშიც ასე იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფორმალურადაც და რეალურადაც არსებითად ყოველთვის, ყველა დემოკრატიული პარტია ასეთ დისკუსიას მართავს და ამ ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი დისკუსიის გამართვა. არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს. საერთოდ, აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც. არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, საბოლოო. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ბუნებრივია, საზოგადოებას და მათ შორის, მედიას ექნება ამის შესახებ ინფორმაცია. ბუნებრივია, სანამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, წინასწარ ვერანაირ სპეკულაციას ვერ დავიწყებ ვერც ერთ პერსონალურ საკითხზე. ამაში არის დისკუსიის არსი, რომ, როდესაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის, პერსონალურიც და გუნდურიც, მერე ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის," - განაცხადა ბოკერიამ.

"რესპუბლიკელების" გადაწყვტილებაზე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ თუნდაც ერთჯერადად პარლამენტში შესვლა შეცდომაა, მაშინაც კი თუ პოლიტიკოსს სრულიად გულწრფელი მოტივები ამოძრავებს.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება სისტემა და საარჩევნო რეგულაციები და ეს ასახულია ოპოზიციის მოთხოვნებში, თუმცა ამ ყველაფერს აზრი ეკარგება დამკვიდრებული პრაქტიკის ფონზე, როდესაც ძალაუფლების მქონე პარტია უგულებელყოფს დადგენილ წესებს.

"ჩემი პოზიცია მინდა გითხრათ, რომ ეს შეცდომა იქნება - ერთჯერადობა არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს. ჩემი აზრით, ამა თუ იმ ადამიანის სრულიად გულწრფელი მოტივებით, ეს არის სერიოზული შეცდომა.

სისტემის ცვლილებებს მნიშვნელობა აქვს, სისტემური ცვლილება ან ზრდის რისკებს დემოკრატიისთვის ქვეყანაში ან ამცირებს და ჩვენს შემთხვევაში პროპორციულობა და დაბალი ბარიერი ამცირებს რისკებს და ზრდის დემოკრატიისთვის შესაძლებლობებს. ამაზე ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს, ოღონდ, ასევე, ოპოზიციის ერთიანი პოზიცია, რაც საერთო განცხადებაში დაფიქსირდა, მდგომარეობს შემდეგში: თუ მოსულა გაყალბება, რაც მოხდა წინა არჩევნებზე და თუ ეს გასდის იმას, ვისაც ძალაუფლება აქვს, სისტემური ცვლილებები კარგავს მნიშვნელობას, მხოლოდ ერთმანეთთან ერთობლიობაში აქვს ამას ეფექტი ანუ განა არ აქვს მნიშვნელობა საარჩევნო რეგულაციებს და ადმინისტრაციაში ფუნდამენტურ ცვლილებებს, აქვს კი არა, ერთ-ერთი ჩვენი საკვანძო მოთხოვნაა, განა არ აქვს მნიშვნელობა, სისტემა როგორ იქნება, პროპორციული სისტემა და ბუნებრივი ბარიერი, ესეც ჩვენს მოთხოვნებშია და ეს მნიშვნელოვანია, ოღონდ ცალკე აღებული ვერ ცვლის ვითარებას, თუკი ტრადიცია დამკვიდრდა და ვისაც ძალაუფლება აქვს, მოიპარავს არჩევნებს," - განაცხადა ბოკერიამ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით