"გოგონამ იპოვა დედა, მაგრამ ამ ქალმა უარყო, უთხრა, თანხას გადაგიხდი, ოღონდ თავი დამანებეო" - კვირის პალიტრა

"გოგონამ იპოვა დედა, მაგრამ ამ ქალმა უარყო, უთხრა, თანხას გადაგიხდი, ოღონდ თავი დამანებეო"

დედაშვილობა - ეს ის თემაა, რომელზე საუბრისას ყველაზე მეტად უნდა ეცადო, სიტყვები სწორად შეარჩიო, მაგრამ ახლა არ ვაპირებ ლაპარაკს დედაშვილობაზე - როგორც რაღაც აღმატებულზე. ამჯერად მე და ჩემმა რესპონდენტმა დედისა და შვილების გაყრილ გზებზე უნდა ვისაუბროთ, რომლის გამთელებას ის და მისი გუნდის წევრები საზოგადოების დახმარებით, მთელი არსებით ცდილობენ...

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდი სახელწოდებით "ვეძებ", რომელმაც მოკლე დროში უამრავი ადამიანი შემოიკრიბა და უკვე რამდენიმე მძებნელს აპოვნინა დაკარგული ახლობელი. მათი შეხვედრის ამსახველი ვიდეოები საოცრად ემოციურია... უნდა მოისმინოთ, სიახლისგან დაბნეული, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ადამიანები როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს.

როგორც ჯგუფის ერთ-ერთი "ადმინი" და სულისჩამდგმელი, თამუნა მუსერიძე ამბობს, რაც უფრო მეტი ადამიანი გაწევრდება ამ ჯგუფში, მით მეტია შანსი, რომ ნათესავებმა ერთმანეთი იპოვონ.

თამუნა მუსერიძე: - გვერდი, დაახლოებით, 10-12 დღის წინ გავაკეთეთ და უკვე რამდენიმე ოჯახი დავაკონტაქტეთ ერთმანეთს - ეს ნამდვილი სასწაული და უზომოდ დიდი სიხარულია. ზუსტად ვიცით, რომ ოთხმა მძებნელმა იპოვა ახლო ნათესავები, კიდევ არის ანონიმური პოსტები, სადაც ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან, ხვდებიან, მაგრამ ამ ამბებთან წვდომა არ გვაქვს.

- შეგიძლიათ ცოტა რამ გვითხრათ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ერთმანეთი უკვე იპოვეს? - რა თქმა უნდა! და-ძმამ იპოვა ერთმანეთი, ასევე - დებმა, შვილმა - დედა (ოღონდ ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ) და კიდევ იყო ერთი შემთხვევა, როცა გოგონამ იპოვა დედა, მაგრამ ამ ქალმა უარყო.

- რას ნიშნავს უარყო?

- უთხრა, თანხას გადაგიხდი, ოღონდ თავი დამანებეო. ასეთი შემთხვევაც იყო, სამწუხაროდ.

- ამ ჯგუფის შექმნის იდეა საიდან წამოვიდა? ინიციატორი თავად იყავით?

- არა, ინიციატორი ჯგუფის ოთხივე ადმინისტრატორი ვართ. ერთმანეთს გადავაწყდით სხვადასხვა ჯგუფში და მერე მოვიფიქრეთ, რომ ჯობდა გაგვეკეთებინა საერთო გვერდი, რომლის მეშვეობითაც შევძლებდით ხალხის დახმარებას. ამისთვის საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო და ძალიან მინდა, ბევრი ადამიანი შემოგვემატოს, მარტო ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. გვეხმარებიან მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ. ვთქვათ, აჭარაში გვყავს 2 ადამიანი, ასევე - ლანჩხუთში, ოზურგეთში, კახეთში კი ჯგუფი ორად არის დაყოფილი და ა.შ. მადლობას ვუხდი თითოეულს მხარში დგომისთვის.

- რთული იყო იმ ადამიანების მოძებნა, რომლებიც მძებნელს უკვე დააკავშირეთ?

- პრინციპში, ამ შემთხვევებიდან არც ერთი არ იყო რთული. ერთ შემთხვევაში თვითონ გამოჩნდა ქალი, რომელსაც შვილი ეძებდა. მან მოგვწერა, - მე ვარ მისი დედაო. უბრალოდ, ამ ამბის სირთულე ის იყო, რომ დიდხანს მიდიოდა მოლაპარაკებები, რათა შვილისთვის სიმართლე ეთქვა...

- რატომ არ ეუბნებოდა, რამის ეშინოდა?

- კი, ეშინოდა. წარმოიდგინეთ, როგორია, შვილი ეძებს, ვიცით, დედა ვინ არის და ვერ ვეუბნებით ამ გოგოს.

- როგორ ითმენდით?

- ვერ ვითმენდით და ძალიან ვეხვეწებოდით ამ ქალს, რომ მოეცა უფლება, გოგონასთვის სიმართლე გვეთქვა. საბოლოოდ, დავითანხმეთ იმაზე, რომ თავისი ფოტოები გამოეგზავნა, რომელიც ვუჩვენეთ შვილს. თუმცა, სახელი და გვარი არ გვითქვამს. მერე ის ქალიც დაგვთანხმდა, ეტყობა გულმა ვერ მოუთმინა და საბოლოოდ უთხრა შვილს, მე ვარო. ჯერჯერობით ერთმანეთს არ შეხვედრიან... იცი, რა არის? ამ ქალს ოჯახი ჰყავს, მეუღლე, შვილები და საჯაროდ არ უნდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი. არ ვიცი, მათ ამბავს როგორი გაგრძელება ექნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ადამიანმა გაიგო სიმართლე; უკვე იცის ვინ არის, საიდან მოდის, ვინ არიან მისი მშობლები და ა.შ.

- ეს ყველაფერი, ალბათ, თქვენთვის ორმაგად ემოციურია, რადგან უკვე წლებია,  ბიოლოგიურ დედას ეძებთ... თავადაც დადეთ ჯგუფში ასეთი პოსტი: "დავიბადე 1984 წლის (სავარაუდოდ) სექტემბერში, თბილისის მეორე სამშობიაროში (კამოზე). თუმცა, ესეც არაა დაზუსტებული, რადგან ერთი სამშობიაროდან მეორეში მიჰყავდათ ბავშვები და იქიდან აშვილებდნენ. თავიდან სხვა ოჯახს უნდა ავეყვანე, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ჩემებმა წამომიყვანეს. სულ ესაა, რაც ვიცი. არავის ოჯახში შევარდნას და პრობლემების შექმნას არ ვაპირებ, საერთოდ არ გნახავთ, ოღონდ ჩემი გვარი და დაბადების დღე მითხარით".

- კი, მეოთხე წელია, დედას ვეძებ... იცი, ემოციურად იყო ჩემთვის, მძიმე, იმ ქალის მოსმენა, რომელიც ჰყვებოდა, თუ როგორ გააშვილა ბავშვი, რა მიზეზი ჰქონდა. ამ დროს  თავი მისი შვილის ადგილას წარმოვიდგინე და ჩათვალეთ, რომ მე ველაპარაკებოდი დედას, რომელსაც ვთხოვდი, შვილისთვის ეთქვა სიმართლე.

- ალბათ, არა ერთხელ წარმოგიდგენიათ, თავადაც როგორ ხვდებით მშობელს...

- არა, ამაზე ვერც ვოცნებობ. არ ვიცი, ძალიან ბევრი ვერსია და მიზეზი შეიძლება იყოს იმისა, თუ რატომ მიმატოვეს. შეიძლება ბიოლოგიურმა დედამ არც იცის, რომ ვარსებობ და ვეძებ, შეიძლება გარდაცვლილი ვგონივარ. ზოგჯერ სხვანაირადაც ვფიქრობ: შეიძლება იყო ისეთი სიტუაცია, რომ საავადმყოფოში თქვეს, ბავშვი გარდაიცვალაო და სინამდვილეში გაუშვილეს. შეიძლება მართლა თავისით დამტოვა ან მშობლებმა აიძულეს, ასე მოქცეულიყო... მოკლედ, მიზეზებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული და, ალბათ, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები, ვერ ვიტყვი, რა და როგორ იქნება.

- ის ქალი, რომელიც შვილმა უკვე იპოვა, მისი გაშვილების მიზეზად რას ასახელებდა?

- ოჯახმა, დედამ გამიშვილაო. ეს გოგო მაშინ იყო პატარა, არ ჰყავდა ქმარი, დაორსულდა ცოლიანი მამაკაცისგან და მერე, როგორც ხდება ხოლმე, ოჯახმა იზრუნა იმაზე, რომ ჩვილი გაეშვილებინათ.

- თავად უკვე სამი შვილის დედა ხარ...

- კი და უმცროსი ძალიან მტირალაა, საერთოდ არ სძინავს ღამეს და დღესაც ერთი საათი მეძინა. ჩემს თავს ძალას ვატან, რომ სადმე არ გავითიშო და არ დამეძინოს. დღისითაც ვერ ვახერხებ მოსვენებას, რადგან პატარას კი სძინავს, მაგრამ შუათანასაც ხომ სჭირდება მიხედვა.

- რამდენი წელია მათ შორის განსხვავება?

- პირველსა და მეორეს შორის - 10 წელია, მეორესა და მესამეს შორის - ზუსტად 2 წელი... პედიატრმა გვითხრა, იქნებ როგორმე აფხიზლოთ ბავშვი დღის განმავლობაში, რომ ღამით დაიძინოსო, მაგრამ ვერც ამას ვშვრებით, რადგან შუათანა ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვს, მგონი, ეჭვიანობს (იღიმის). როგორც კი პატარას ხელში ავიყვან, აგრესიული ხდება. მთხოვს, დავსვა ბავშვი და მას მივაქციო ყურადღება.

- თამუნა, რა გრძნობაა დედაშვილობა?...

- რა ვიცი, რა გითხრათ... ეს, პირველ რიგში, სიყვარულია და პასუხისმგებლობა. ისეთი ყოვლისმომცველი თემაა, სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემ და, ალბათ, ამიტომაც არ მესმის ბიოლოგიური დედის, რომელიც შვილს საკუთარი ნებით ტოვებს და ცხოვრებას მის გარეშე აგრძელებს.

ყველა დედას მოვუწოდებ, გამოჩნდით თქვენი შვილების ცხოვრებაში. შეიძლება დედაშვილური ურთიერთობა ვერ აღადგინოთ, მაგრამ ყველას აქვს უფლება იცოდეს, ვინ არის სინამდვილეში...

მათ კი, ვინც ეძებს, ვეტყვი: მესმის, რთულია, მაგრამ იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ ერთხელ უარყოფილები სიყვარულის ობიექტები ვერ გავხდებით, მაგრამ ზოგჯერ სხვანაირადაც ხომ ხდება?! ყველას წარმატებას გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)