5 სტარტაპი, რომელიც ბიზნესის კეთებას, ფერმერობას და მოგზაურობას გაგიმარტივებთ - 500 Startups-ის ფინალისტები - კვირის პალიტრა

5 სტარტაპი, რომელიც ბიზნესის კეთებას, ფერმერობას და მოგზაურობას გაგიმარტივებთ - 500 Startups-ის ფინალისტები

ბოლო პერიოდში, სტარტაპერთა უმეტესობა ცდილობს, არამხოლოდ გაყიდვადი, არამედ საზოგადოებისთვის სარგებლობის მომტანი პროდუქტი ან სერვისი შექმნას, რაც როგორც კაპიტალის მოზიდვაში, ისე ცნობადობის ზრდაში დაეხმარებათ.

ამის მიზეზი ისიც არის, რომ სხვადასხვა პროგრამის გამარჯვებულებად სწორედ ამგვარი მიზნის მქონე სტარტაპები გვევლინებიან - ზოგიერთი მათგანი უსაფრთხო ტრანზაქციებზე ზრუნავს, ზოგიც ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობასა და განტვირთვაზე, ზოგისთვის კი მთავარ საზრუნავს ჩვენთვის ცოდნის მიღების ტექნიკის გამარტივება წარმოადგენს.

გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ სწორედ ის სტარტაპები, რომელთაც ამგვარი მიზნები დაისახეს, შეასრულეს, უკვე ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც ჰყავთ და საერთაშორისო ბაზარზეც გადიან. ისინი მსოფლიოში ცნობილი და უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორის 500 Statups-ის ფინალისტები გახდნენ, ამავდროულად, კი "საქართველოს ბანკის" დამატებით ინვესტიციას მიიღებენ. ამასთან, მათგან 2 კომპანია აქსელერაციის ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program - ში მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს. ალბათ, ეს ყველა სტარტაპის ოცნებაა, თანაც შეუძლებელი ხომ არაფერია.

Payze

საქართველოში დაფუძნებული სტარტაპი Payze ბიზნესებისთვის გადახდის სისტემას კიდევ უფრო მოქნილს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სერვისი სულ უფრო უმჯობესდება, სტარტაპის დამფუძნებლებმა გეგა წურწუმიამ, გეგა თოფაძემ და კახა გელაშვილმა ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების პრობლემები შეისწავლეს და მათთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტი გამოასწორეს. უფრო კონკრეტულად კი Payze-ის გუნდმა შექმნა უნივერსალური, ე.წ "Bill-Splitting" მოდელი, რომლითაც პლატფორმა პროდუქტის გაყიდვის შემდეგ, საკუთარ საკომისიოს ავტომატურად იღებს და ხელით თითოეულ ტრანზაქციაზე მუშაობა საჭირო აღარაა.

"გვაქვს Software Development კომპანია. პროექტებზე მუშაობის დროს დავინახეთ უამრავი პრობლემა, რომელსაც ონლაინ ვაჭრობაში ჩართული მერჩანტები გადახდის დროს აწყდებოდნენ. დარეგისტრირება, გადახდის ჩაშენება, ახალი ფუნქციონალის დეფიციტი მათთვის გამოწვევას წარმოადგენდა. ჩვენ ამ ყველაფრის გამოსწორება გადავწყვიტეთ. რეგისტრაცია რამდენიმე კვირასა და მრავლრიცხოვან დოკუმენტაციას მოითხოვს, ჩვენ კი ამ პროცესის გაციფრულება გვსურს და მალე პროცედურებს მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდება", - განმარტავს გეგა თოფაძე.

სტარტაპერები განმარტავენ, რომ Bill Splitting მოდელი შესაძლებელს ხდის, Payze-მა კომპანიებს საკუთარ მოდელზე აგებული სისტემა შესთავაზოს და თანხა ნებისმიერი რაოდენობის მხარეზე ავტომატურად გაანაწილოს.

YouTravel.me

დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალება - მოგზაურობა, პანდემიის პირობებში თითქმის შეუძლებელი გახდა, თუმცა ასე არ არის YouTravel.me-ის მომხმარებლებისთვის. სტარტაპერების გუნდმა პლატფორმაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მიუხედავად ტურიზმისთვის არასახარბიელო მდგომარეობისა, ნამდვილად სახარბიელო ბიზნესი შექმნა.

როგორც YouTravel.me-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ივან ბორტნიკოვმა "კვირის პალიტრას" განუმარტა, პლატფორმა მცირე ჯგუფებად მოგზაურობის კონცეფციაზეა დამყარებული, ამავდროულად, პანდემიის გამო, ტურები ძირითადად, მთებში, ბუნებაში იგეგმება და ამიტომ კოვიდ ინფექციის გავრცელების რისკი თითქმის არ არსებობს.

"YouTravel.me არის პლატფორმა პატარა ტურისტული ჯგუფებისთვის. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომელთაც აქტიური მოგზაურობა იზიდავთ, თუმცა არ აქვთ დრო, ამისთვის მოემზადონ და აქტიურად დასვენების დასაგეგმად კომპანიონები იპოვნონ. შესაბამისად, ჩვენ გვყავს თავისუფალი გიდები, რომლებიც რამდენიმედღიან ტურებს აწყობენ მსოფლიოს მასშტაბით და ადგილობრივადაც. შევქმენით პლატფორმა, რომელზეც შეგიძლია, სწრაფად და მარტივად დაჯავშნო მსგავსი ტური და პერსონალური კომუნიკაცია გქონდეს გიდთან, ისარგებლო გადახდის მოსახერხებელი მეთოდით და ჭკვიანი სარეკომენდაციო სისტემით", - განგვიმარტა ივან ბორტნიკოვმა.

პლატფორმა როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მოგზაურებისთვისაა. ის ძირითადად, აქტიურ დასვენებას გულისხმობს და დაინტერესებულ პირებს ისეთ ადგილებშიც კი შეუძლიათ ტურის დაჯავშნა, როგორიც ანტარქტიდაა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესების დაცვით.

"ჩვენი სამომავლო გეგმაა, გავფართოვდეთ ევროპისა და აშშ-ს ბაზარზე და ამაზე მუშაობა დავიწყეთ 500 startups-ის დახმარებით. ვგეგმავთ, გავხდეთ ნომერი პირველი სტარტაპი, რომელიც აკეთებს მსგავს ტურებს და ვიმუშავებთ, რომ ამას მივაწიოთ", - აღნიშნა ივან ბორტნიკოვმა.

სტარტაპი ივან ბორტნიკოვმა, ოლგა ბორტნიკოვმა და ივან მიხეევმა ერთად დააფუძნეს. ახლა ის უკვე მოგზაურებს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000-ზე მეტ ტურს სთავაზობს და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის მომსახურებით.

Agrolabs

თუ ქართველი მკითხველისთვის რაიმე თემაა განსაკუთრებით ახლობელი, ეს სოფლის მეურნეობა და მასში წარმატებით და მოხერხებულად საქმიანობის შესწავლაა.

რადგან 5-ვე სტარტაპი ცდილობს, ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახადოს, Agrolabs გამონაკლისი ვერ იქნებოდა და ფერმერებს საინტერესო, ხელმისაწვდომი და ინოვაციური ტექნოლოგია შესთავაზა. სტარტაპის თანადამფუძნებლები მაქსიმ ჰორინოვი და მიხაელ ლაზარენკო არიან.

მაქსიმი "კვირის პალიტრას" უამბობს, რომ Agrolabs-ის ტექნოლოგიით ფერმერს შეუძლია, მცენარის ზრდა განვითარების პროცესს დეტალურად, ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდეს.

"Agrolabs-ის ტექნოლოგია ფერმერებს ეხმარება, მოსავალი უკეთ, დაკვირვების რეჟიმში მოიყვანონ. ამისათვის ვიყენებთ ინდუსტრიულ IOT სენსორს, რომელიც სპეციალურად სათბურისთვის არის შექმნილი და შეუძლია, შესაბამისი ალგორითმის მეშვეობით, მონაცემები გააანალიზოს. შედეგად, ფერმერები მყისიერად იღებენ ინფორმორმაციას, თუ მოსავლის ზრდის პროცესში რაიმე უარყოფითად განვითარდა. საბოლოოდ, ფერმერი ტექნოლოგიისგან იღებს მოსავლის გაზრდილ რეალიზაციას, წარმოების პროცესში მეტ ეფექტურობას და გადაწყვეტილების მიღების ავტომატიზაციის შესაძლებლობას", - აღნიშნავს მაქსიმ ჰორინოვი.

სტარტაპერები დღეს ფერმერებს უკაბელო სენსორებსა და მონაცემთა ანალიზის ტექნოლოგიას სთავაზობენ. რაც მთავარია, ის მალე მცირე ფერმერებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება, რაც მათ ზრდის შესაძლებლობას მისცემს. 500 Startups-ის პროგრამის დახმარებით კი, რომელში მოსახვედრადაც ბევრი იმუშავეს, ევროპის ბაზარზე გასვლას გეგმავენ.

Kvalifika

ჩვენს ქვეყანაში გახშირებული ინტერნეტ თაღლითობის საპასუხოდ, ქართველმა სტარტაპერებმა საინტერესო და ეფექტური ტექნოლოგია - Kvalifika შექმნეს, რომელსაც 11 კომპანია უკვე წარმატებით იყენებს.

სტარტაპის თანადამფუძნებელი ბექა თომაშვილი გვიამბობს, რომ Kvalifika-ს სერვისი ადამიანის ონლაინ იდენტიფიკაციას გულისხმობს, რისი არარსებობაც ონლაინ თაღლითობის საფრთხეს ზრდის.

"მაგალითად, ფიშინგის შემთხვევები რომ თავიდან აიცილონ, ბანკებს შეუძლიათ, თავიანთ სერვისებში Kvalifika-ს მეშვეობით იდენტიფიკაციის დამატებითი სისტემა დაამონტაჟონ. როდესაც მომხმარებელი მიეჩვევა, რომ აღნიშნული სერვისებით სარგებლობისას იდენტიფიცირება არის საჭირო, ფიშინგის ვებ-გვერდზე გადასვლის დროს იდენტიფიცირების სერვისი თუ არ დახვდა, მიხვდება, რომ ვიღაც ატყუებს. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებლის ონლაინ იდენტიფიცირების სერვისი გავამარტივოთ", - გვიამბო ბექა თომაშვილმა.

Kvalifika- კომპანიებს საშუალებას აძლევს, სამი მნიშვნელოვანი სერვისი მიიღონ: პიროვნების ამოცნობა, დოკუმენტების წაკითხვა და ავთენტურობის დადგენა. ამ ყველაფრის რეპორტინგი, ანალიზი და მონაცემების თავმოყრა.

სტარტაპის გუნდის მიზანია, თავიანთი ბიზნესი კიდევ უფრო გააფართოვონ და 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის დახმარებით, საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ, სადაც ინტერნეტ თაღლითობას ასევე აქტიურად ებრძვიან.

Corebook

მე-5 მნიშვნელოვანი სტარტაპი, რომელიც 500 Startups-ის პროგრამის ფინალურ ეტაპზე გავიდა Corebook-ია რომლის თანადამფუძნებელმა იანის ვერზემნიეკსმა "კვირის პალიტრას" მისი პროდუქტის სპეფიციკის შესახებ უამბო.

იანისი აღნიშნავს, რომ ბრენდბუქების სტანდარტული დიზაინი უკვე მოძველდა და ადამიანებს მისი კითხვა აღარ იზიდავთ. არსებული PDF სისტემა უკვე ინტერესს აღარ აღძრავს და არათუ მომხმარებლები, არამედ თანამშრომლებიც ნაკლებად ეცნობიან მას. როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა? იანისი პარტნიორებთან მაქსიმ კუსნარვსთან და აიგარს აბოლტინსთან ერთად გამოსავალს გვთავაზობს:

"ინდუსტრიას ესაჭიროება უფრო მარტივი, ეფექტური და უკეთესი გზა, ბრენდინგის პროექტებზე სამუშაოდ. Corebook-მა ამ მისიის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ჩვენ ვეხმარებით მსოფლიოს, ყველაზე გავლენიან ბრენდ დიზაინერებსა და მენეჯერებს, რომელთაც თავიანთი ბრენდის ღირებულების გაზრდა ციფრული და არა დრომოჭმული, არაეფექტური გაიდლაინებით სურთ. ჩვენი მომხმარებლები მალევე ხედავენ Corebook-ის უპირატესობას, რადგან ის ყოველგვარი კოდირების გარეშე იქმნება და მისი უპირატესობა UX დიზაინია. ბრენდები მაშინვე გრძნობენ, რომ კლიენტები მათი ბრენდ წიგნებით აღფრთოვანებულები არიან და დასაქმებულთა და პარტნიორთა პატივისცემაც იზრდება. როცა ჩვენი კლიენტები ამის შესახებ გვეუბნებიან, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მისია შევასრულეთ", - განგვიმარტა იანისმა და დაამატა- "როცა ფიქრობ ფოტოს დამუშავებაზე, ყოველთვის გახსენდება ფოტოშოპი. ჩვენ გვინდა, რომ გაგახსენდეს Corebook, როცა ბრენდის მენეჯმენტზე დაიწყებ ფიქრს". Corebook-ის 500 Startups-ში მონაწილეობის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

რა არის 500 Startups და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი საქართველოში შემოსვლა?

500 Startups მსოფლიოში წამყვანი სტარტპ აქსელერატორია. კომპანია საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერაციის მეორე, 6 კვირიანი ინტენსიური ეტაპი ახლა მიმდინარეობს და ის 12 მარტამდე გაგრძელდება. Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me - ეს იმ სტარტაპების ჩამონათვალია, რომლებიც საკუთარი იდეების დახვეწას მენტორებთან ერთად გააგრძელებენ და demo day- ზე ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.

პროექტი 500 Startups რეგიონის მასშტაბით 500 Gეორგია-ს სახელით ხორციელდება. პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს შორის კი ოთხი უცხოური კომპანიაა. მათ შორის: ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 10 კომპანიიდან, 4-ის თანადამფუძნებელი ქალია. მეორე ეტაპისთვის 500 Startups-მა, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან 14 სტარტაპი შეარჩია. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, შერჩეულმა კომპანიებმა Foundations Bootcamp და Remote Experimentation პროგრამები გაიარეს. 2,5 თვის პერიოდის მანძილზე სტარტაპ დამფუძნებლებთან მუშაობის საფუძველზე, 500 Startups-მა შეაფასა კომპანიების საბაზრო პოტენციალი, ზრდის მაჩვენებლები და გუნდის პროგრამაში ჩართულობის ხარისხი. კომპანიების უმრავლესობამ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, თუმცა საბოლოო ჯამში, 14-დან 10 სტარტაპი გადავიდა შემდეგ ეტაპზე.

500 Startups-ის საქართველოში არსებობა ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რადგან ის სტარტაპებისთვის კაპიტალის მოზიდვისა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს.

(R)