"ხომ გამოჩნდა, პარლამენტში კინტოურით ვინც შევიდა, ასეთი კინტოურის მოყვარული კიდევ არის ოპოზიციაში ერთი-ორი" - კვირის პალიტრა

"ხომ გამოჩნდა, პარლამენტში კინტოურით ვინც შევიდა, ასეთი კინტოურის მოყვარული კიდევ არის ოპოზიციაში ერთი-ორი"

"ივანიშვილი ყველაზე ახლოს იყო "ქართული ოცნების" მაჯისცემასთან და მიხვდა, რომ პულსი ჩერდება! ამოიწურა ეს პროექტი"

პარლამენტში შესვლა-არშესვლა, ფარული თუ ღია დაპირისპირებები ქართული პოლიტიკის ოპოზიციურ შრეებში, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზები და "ქართული ოცნების" "მაჯისცემის შეჩერება" - ამ თემებზე kvirispalitra.ge-სთან "ქართული დასის" ლიდერი - ჯონდი ბაღათურია საუბრობს.

- ბატონო ჯონდი, ცოტა ხნის წინ, თქვენთან ინტერვიუ რომ ჩავწერე, მახსოვს, ერთ პოლიტიკოსზე აღნიშნეთ, პარლამენტში სულ კინტოურის ცეკვით შევაო... საუბრები და მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით აქტუალობას კვლავაც არ კარგავს და პერიოდულად, ახალ-ახალი მსურველები ჩნდებიან, ზოგი ბედავს ამის ხმამაღლა გაცხადებას, ზოგიც - ვერ. როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება შემდეგი?

- პარტიებმა მთელი რიგი შეცდომები თავიდანვე დაუშვეს - მკაფიოდ უნდა გაეკეთებინათ განცხადება, რომ აპირებდნენ და უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ყველამ ვიცით ეს და ამის ვალდებულებაც ჰქონდათ, რადგან მთელი წლის განმავლობაში დიდი თანხებით ფინანსდებოდნენ. ეს ერთპროცენტიანი პარტიები "ქართულ ოცნებას" ნაყიდი ჰყავდა. თავიდანვე რომ ეთქვათ, მათთვის ასეთი მძიმე პოლიტიკური შედეგებით არ დასრულდებოდა. პარლამენტში შესვლა სამშობლოს ღალატიაო, რომ გაიძახოდნენ, ახლა ისინი ვერ ასაბუთებენ თავიანთ საქციელს.

მიმაჩნია, რომ ეს თავიდანვე ინტელექტუალური და მორალური შეცდომა იყო. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ახლა, ზოგი კინტაურით და ზოგიც - სხვა საშუალებებით, მაინც შევა.

თუმცა, შევლენ თუ არ შევლენ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს... ხომ იცით, "გიჟი შარას მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო", ისეა საქმე. "ქართულ ოცნებას" სურდა, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიითა და მრავალპარტიული პარლამენტით ევროპა "გაეოცებინა". ივანიშვილის ეს გამონათქვამი ლაიტმოტივად გასდევს მისსა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მოღვაწეობას. პასუხისმგებლობას დასავლეთის მიმართ უფრო გრძნობენ, ვიდრე - საკუთარი ხალხის მიმართ, რაც, სახელმწიფოებრივი აზროვნების საუკეთესო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.

- თქვენი გადასახედიდან, ოპოზიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებებს რა განაპირობებს?

- "ლეიბორისტული" ოფისის ფორმატში გაერთიანებულ პარტიებზე თუ ვიმსჯელებთ, ეს, პირველ რიგში, განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგია, განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები. ცნობიერებით, იდეოლოგიით, ღირებულებებით, მსოფლმხედველობით, ისინი აბსოლუტურად ერთნაირები არიან. საგარეო ვექტორი არც გააჩნიათ, მათი საგარეო ვექტორი მათი პირადი, მერკანტილური ინტერესებია. ზოგი იტყვის, რომ რუსეთთან ინტეგრაცია საჭიროაო, იმის გამო, რომ რუსეთიდან რაღაც დაფინანსება მიიღოს და რაღაც გამოსცინცლოს. ზოგი პირიქითაა, მაგრამ საითაც უფრო მეტი დაფინანსება გაჩნდება, იქით გადაუხვევს. ახლა რომ "ულტრა-მედასავლეთეები" არიან, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები, მიმიქარავს პავლიკ მოროზოვი და ნებისმიერი სხვა კომკავშირელი და პიონერი, რომლებიც ბოლშევიკური წარსულით არიან ცნობილნი, ყველაზე პრორუსულები გახდებიან. ზოგმა რუსეთის მხრივ ხეირი რომ ვერ ნახა, ახლა პროდასავლური გახდა.

პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილს (ყველას არა) პირადი ინტერესები ამოძრავებს, მათთვის პრინციპულობა უცხო რამაა. ჩვენი ბევრი კოლეგა საკუთარ ღიპზე უფრო შორს ვერ იხედება - ანუ, თავისი პირადი ფიზიოლოგიური და მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა მთავარი, უკეთესი მანქანა, მეტი პრივილეგია რომ ჰქონდეს და ცხვირაბზუებულმა, ფუყე თავთავივით და ყეყეჩივით იაროს.

- ამ სიტუაციის ფონზე, თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი რამდენად სწორად მოიქცა, როცა პროცესებს განერიდა, ოფიციალურად მაინც... რა დააკლდება ქართულ პოლიტიკას მისი სახით?

- მთავარი შეცდომა ერთი წლის წინ იყო დაშვებული, ორი მიმართულებით: როცა დაიგეგმა, რომ მის პარტიას მანდატების 2/3 უნდა მიეღო, ეს პოლიტიკური ექსტრემიზმის მაჩვენებელი იყო... ეს თვითონ ივანიშვილის გეგმაში არ შედიოდა, მაგრამ იმ "ლიდერშიფმა", ახალგაზრდებმა დაარწმუნეს, რომ ეს შესაძლებელი იყო და შედეგები კი ვიხილეთ. ეს ჯერ კიდევ ჟურნალია, კინო წინ არის. მეორე, სტრატეგიული პოლიტიკური შეცდომა იყო, არასახელმწიფოებრივი აზროვნების მაჩვენებელი - "გირჩისა" და მსგავსი პოლიტიკური პარტიების გაჩენა და დაფინანსება, რომ თითქოს 9 პარტია იქნებოდა პარლამენტში. ამან არ იმუშავა, უკუშედეგი მისცა. სხვაგვარად შეიძლებოდა დაგეგმვა.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის "ქართული ოცნებიდან" წავიდა და არა - პოლიტიკიდან. მჯერა, რომ მას პოლიტიკიდან წასვლის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ის იმდენად ძლიერი და წონიანი პოლიტიკური ფაქტორია, რომ ვერ წავა.

"ქართულმა ოცნებამ", როგორც პროექტმა, საკუთარი თავი ამოწურა და დასრულდა.

ტალეირანი, მსოფლიოში ცნობილი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრწყინვალე უნარებით გამოირჩეოდა, მთავრობა მიატოვეო, ამაზე ძალიან კარგი განმარტება გააკეთა - მე არც ერთი მთავრობა არ მიმიტოვებია, ყველა მთავრობასთან იმდენად ახლოს ვიყავი, რომ როცა მაჯისცემა, პულსი ჩერდებოდა, სხვებზე ადრე ვიგებდიო. ამიტომაც, სხვაზე ადრე ვტოვებდი და მერე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მე ვიღაც მივატოვეო. სინამდვილეში, ის მთავრობა უბრალოდ გარდაიცვალაო. ასეა ბიძინა ივანიშვილიც, ის ყველაზე ახლოს იყო "ქართული ოცნების" მაჯისცემასთან და მიხვდა, რომ პულსი ჩერდება! ამოიწურა ეს პროექტი. ახალ პროექტს რამდენად წამოიწყებს, არ ვიცი, ვნახოთ.

იმის გამო, რაც დღეს ამ პოლიტიკაში ხდება, დარწმუნებული ვარ, წასვლის დიდი სურვილი ექნებოდა. თუმცა, ერთია, მას რა უნდა და მეორე - რამდენად აქვს პოლიტიკიდან რეალურად დისტანცირების საშუალება. ვფიქრობ, რომ არ აქვს. ის მაინც მთავარი პოლიტიკური აქტორია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, განცხადებებს აღარ აკეთებს, პოლიტიკაზე მაინც დიდი ზეგავლენა აქვს. ასეთი გავლენების მქონე ადამიანზე როგორ შეიძლება თქვა, რომ ის პოლიტიკიდან წასულია?

საერთოდ, ჩემი აზრით, პოლიტიკაში პარტნიორი ოპონენტები უნდა ეძებო, ქვეყნის საშენებლად და არა ის, რომ მოისყიდო ვინმე და შენი "ხელის ბიჭი" იყოს. "გირჩმა" ხომ აჩვენა საკუთარი სახე? ასეთი პოლიტიკური მასხრები საერთოდ როგორ უნდა შემოიყვანო პოლიტიკაში? ზნეობას და ამორალიზმს რომ თავი დავანებოთ, ისეთი განცხადებები აკეთეს, ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოში ახლა უკვე ციხეში იქნებოდნენ, პოლიტიკაში კი - მგლის ბილეთით. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ კიდევ გაასწრო მათ, მაპატიეთ, მაგრამ ესენი ძალიან არაჯანსაღად გამოიყურებიან (იცინის).

- ამ ფონზე "ქართული დასი" თუ აპირებს რამე აქტივობას? ან ამ პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს თუ ფიქრობთ თქვენს თანამოაზრედ?

- დავიწყოთ იმით, ჩვენც რომ გვინდოდეს პოლიტიკიდან დისტანცირება, არ გამოგვივა, რადგან ისეთი მოცემულობაა, თუ ადამიანს ოდნავ მაინც ქართული ძარღვი აქვს და ხედავს, საით მიდის ქვეყანა და ამ დროს, საით შეიძლება მიდიოდეს, შეუძლებელია, გული არ შესტკიოდეს. მოცემულობას ველოდებით, გაირკვეს... მოდი, ასე ვიტყვი, ახლა "მოდური" არიან ესენი, ამოიწუროს თემა, ვინ შევა პარლამენტში... ამის შემდგომ, ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით პოლიტიკურ პროცესებში.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გვესახება ჩვენს პარტნიორად, ისეთი პოლიტიკური ძალების ინტეგრაცია უნდა მოხდეს, რომლებსაც ერთნაირი ცნობიერება, პოლიტიკური იდეოლოგია და შეკრებადი ამომრჩეველი ჰყავთ, რომელთა გაერთიანებაც შესაძლებელი იქნება. ახლა როგორც შეიკრიბნენ ჩვენი კოლეგები, ყველამ დაკარგა საკუთარი ამომრჩეველი...

ხომ გამოჩნდა, კინტოურით ვინც შევიდა, ასეთი კინტოურის მოყვარული კიდევ არის იქ ერთი-ორი. იქნებ, "ქართული ოცნება" მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ მათთვისაც და ქვეყნისთვისაც ახლა უმჯობესია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)