"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს..."
"პოპულისტობა ყველაზე ადვილი საქმეა, მთავარია შენი სიმართლის დამტკიცება შესძლო"
პოლიტიკაში ახალი სახეა. პროფესიით იურისტია, არის "ჰამქარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. უყვარს სპორტი, გადაცებულია დოკუმენტური პროზით, აღმერთებს ვაზს და ღვინოს, მაგრამ არ უყვარს თამადობა. მეგობრები ამბობენ, რომ ნამდვილი სვანია - უანგარო, გულუბრყვილო, მაგრამ პრინციპული და შეუვალი. "კეთილია, დაეხმარება ადამიანს და მერე, თავადვე უხარია. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო განათლება აქვს მიღებული ჯერ თბილისში, შემდეგ, ამერიკაში, ძალიან გულუბრყვილოა. ერთი კვირა ინერვიულა იმის გამო, რომ პირველი კრიტიკული განცხადების შემდეგ, ტროლებმა "ფეისბუკის" გვერდზე გალანძღეს. მეგობრებს გვეკითხებოდა, რა უნდათ, რას მერჩიანო?!." – გვიამბობს მისი ერთ-ერთი მეგობარი და კოლეგა.
ერთგულია, პირველად ვინც შეუყვარდა, ცოლადაც ის მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული და სიმპათიურია, ცოლი არასდროს ეჭვიანობს. ენდობა და იმიტომ. თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზ მოგონებად საკუთარი ქორწილის დღეს მიიჩნევს, მნიშვნელოვან მოვლენად კი - 10 წლის ასაკში მის ცხოვრებაში მომხდარ რადიკალურ ცვლილებას.
ლევან იოსელიანი:
- ჩემი ბავშვობა ორ ნაწილად იყოფა: 10 წლამდე და 10 წლის შემდეგ. უზრუნველი, ლაღი ბავშვობა სამოქალაქო ომმა რადიკალურად შეცვალა. ჩაბნელებული სახლი, სიცივე, მეზობლებთან ერთან შეშის "ფეჩზე" მომზადებული სადილი, გაყინული და გაკვამლული საკლასო ოთახი... ამ ყველაფერმა ჩემს პიროვნულად ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. 10 წლის ასაკში მივხვდი, რომ წუთში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს შენი ცხოვრება, ამიტომ არაფერია ღირსებაზე მნიშვნელოვანი.
რთული პირობების მიუხედავად, სულ ვცდილობდი, მიმეღო კარგი განათლება და მყოლოდა კარგი მეგობრები. ასეც მოხდა. მივიღე იურიდიული განათლება და შევიძინე კარგი მეგობრები. იურიდიულზე ჩავაბარე იმიტომ, რომ მამამ მირჩია. ამასთან, ჩემმა მეგობრებმაც ასეთი არჩევანი გააკეთეს. მადლობა მათ, ძალიან კარგი პროფესია ამარჩევინეს. წლების განმავლობაში ვიყავი ადვოკატი. ძალიან ბევრი საქმე მაქვს მოგებული. საქმის მოგება კარგია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებით, მისი სიხარულის თანამოზიარე ხდები. ამიტომ მიყვარს ეს საქმე.
პოლიტიკაში სრულიად შემთხვევით მოვხდი. არასდროს მქონია ამ სფეროს მიმართ ინტერესი. თუმცა, აქტიური ყოველთვის ვიყავი, ვაპროტესტებდი ყველაფერს, რაც არ მომწონდა. 2003 წლიდან ერთი აქციაც არ გამომიტოვებია, რომ მონაწილეობა არ მიმეღო.
- 2003 წლამდე თქვენს პროტესტს არაფერი იწვევდა?
- უბრალოდ ვერ ვიხსენებ, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, - რუსეთის საელჩოსთან გამართულ აქციაში მივიღე მონაწილეობა, გიორგი სანაიას გარდაცვალების გამოც გამოვედი ქუჩაში...
- თუ პოლიტიკა არ გაინტერესებდათ, რამ გაიძულათ, პოლიტიკოსის სტატუსის მატარებელი გამხდარიყავით?
- ალეკო ელისაშვილმა "ჩამითრია" ამ ამბავში. როდესაც საკრებულოს დეპუტატობაზე გადაწყვიტა კენჭისყრა, აზრი მკითხა. მოვუწონე იდეა და აღვუთქვი, რომ დავეხმარებოდი.Mგავხდი კიდეც მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. 2014 წლიდან ყოველთვის მის გვერდით ვიდექი, როგორც იურისტი, მაგრამ არასდროს მიფიქრია, მეც ჩავრთულიყავი პოლიტიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ალეკომ "სამოქალაქო მოძრაობის" დაფუძნება გადაწყვიტა, მთხოვა, მთაწმინდის ოლქში მეყარა კენჭი. ვინაიდან კარგად ვიცნობდი ალეკოსაც და მის ღირებულებებსაც, ეს გამოწვევა მივიღე.
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ამ ნაბიჯს? - ვერ გეტყვით, რომ აღფრთოვანდნენ ამ გადაწყვეტილებით. მეუღლისთვის ეს უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩდა. ახლაც მსაყვედურობს, - რა გინდოდა, მშვენიერი ცხოვრება გვქონდა, რატომ გაართულე ყველაფერიო?!
- თქვენც ხომ არ ნანობთ? - არა. მგონია, როდესაც შეგიძლია, შენი აქტიურობით ქვეყანაში რაიმე სასიკეთოდ შეცვალო, ასეც უნდა მოიქცე, თუ პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ და მხოლოდ საკუთარი თავი არ გადარდებს.
- მეუღლე რა პროფესიისაა? - ისიც იურისტია. სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით და უნივერსიტეტშიც. ბავშობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. სტუდენტობისას დავოჯახდით. ხშირად ვხუმრობთ, - ერთად ბევრად მეტი დრო გვაქვს გატარებული, ვიდრე ერთმანეთის გარეშე-თქო. სამი შვილი გვყავს. უფროსი ქალიშვილი, ანა, უკვე 20 წლის არის. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია. კოტე 16 წლისაა, ნაბოლარა ნიკუშა კი - 10-ის. მგონი, შვილებისთვის, განსაკუთრებით ანასთვის, მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა. ჩვენს ურთიერთობას რომ შეხედოთ, და-ძმა უფრო გეგონებით, ვიდრე მამა-შვილი. სხვათა შორის, ანა პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად მეხმარება. წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჩემ გვერდით იყო. ყველა ღონისძიებაში ჩემთან ერთად მონაწილეობდა.
- შუათანა ვაჟი არ გეხმარებოდათ?
- არა. წინასწარ გამაფრთხილა, არც კი მთხოვო, არსად წამოვალო. კოტე ძირითადად ვარჯიშით არის დაკავებული. ადრე ფეხბურთი იყო მისი ინტერესის მთავარი საგანი, ახლა კულტურიზმით არის გატაცებული, ტანს იყენებს. იმ ასაკაშია, გარეგნობაზე განსაკუთრებულად რომ ზრუნავენ. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან, სხვადასხვა ინტერესები და შეხედულებები აქვთ. მეც პატივს ვცემ მათ ინტერესებს, ჩემს სურვილებს თავს არც ერთს არ ვახვევ. რაც მთავარია, კარგად სწავლობენ.
- როგორც ვიცი, სპორტს თქვენს ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
- კი, მაგრამ მე სპორტის სხვა სახეობით ვარ დაკავებული. საბურთალოს ქუჩაზე, იპოდრომთან ახლოს გავიზარდე. შესაბამისად, მთელი ბავშვობა იპოდრომზე მაქვს გატარებული. ძალიან მიყვარდა ცხენები...…ეს სიყვარულიც მარადიული აღმოჩნდა. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ცხენი ვიყიდე და ცხენოსნობა ერთ-ერთ მთავარ პროფესიად გავიხადე. 15 წელია უკვე, ამ სპორტით ვარ დაკავებული. შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობ. ჩემი ყოველი დილა ვარჯიშით იწყება. 7 საათზე უკვე იპოდრომზე ვარ, ვვარჯიშობ და შემდეგ მივდივარ პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად.
- კორონას რეჟიმი ამაში ხელს არ გიშლით?
- პირიქით, კორონას რეჟიმი ხელს მიწყობს, მშვიდად ვივარჯიშო. მეტი დრო მრჩება ცხენოსნობისთვის.
- სხვა პროფესიულ საქმიანობაში ანუ პოლიტიკაში თქვენთვის მთავარი პრობლემა, სირთულე რა არის? - ორპოლუსიანობა.
- თქვენ და ალეკო ელისაშვილი არჩევნების წინ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან აწარმოებდით მოლაპარაკებას, არჩევნების დასრულების შემდეგ კი ალეკო ელისაშვილმა ზოგიერთ მათგანი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა: მაგალითად, მამუკა ხაზარაძეზე თქვა, რომ ის ომის მომხრეა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ვინმესთან ალიანსს ვგეგმავდით. იყო რამდენიმე შეხვედრა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა, სხვა არაფერი. რაც შეეხება ალეკოს დღევანდელ განცხადებებს, რაც მოისმინა, ის თქვა. ჩვენთვის კი მოვლენების რადიკალური განვითარება პრინციპულად მიუღებელია. ჩვენ ვამხილეთ ის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პროცესების რადიკალურ განვითარებას ცდილობენ. ამიტომ დავიმსახურეთ საყოველთაო რისხვა. თუმცა, ამის გამო არ ვნერვიულობთ. მთავარია, რომ დისკუსია შედგა.
- თქვენი ახალდაფუძნებული პარტიიდან მხოლოდ ალეკო ელისაშვილი იყო საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი და არც მას ჰქონდა პოლიტიკური გამოცდილება. ელოდით, რომ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს გადალახავდით და დეპუტატის მანდატს მიიღებდით?
- უფრო კარგ შედეგსაც ველოდით. უბრალოდ, ფინანსური შესაძლებლობა არ გქვონდა, რომ ფართომასშტაბიანი საარჩევნო კამპანია ჩაგვეტარებინა. ორი თვის დაარსებულმა პარტიამ ვერ შევძელით, რომ ხალხს ჩვენ შესახებ მეტი გაეგო. ზოგს ისიც კი ეგონა, რომ ალეკო მარტო, პარტიის გარეშე იყრიდა კენჭს და შესაბამისად, ჩვენს პარტიას სიაში არც კი ეძებდნენ. საპარლამენტო პარტიიის სტატუსი და ორი მანდატი ნამდვილად ძალიან კარგი სტარტია. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენი რესურსის წარმოჩენას მთლიანად შევძლებთ.
- თავად თქვით, რომ დასაწყისისთვის კარგი სტარტი გქონდათ. ნანობთ, რომ ოპოზიციური ერთობის საპროტეტო აქციებს ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეუერთდით?
- არა. მიგვაჩნია, რომ არჩევნების გაყალბებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს პროტესტი. ხელისუფლებამ ამაში უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. დღეს გვაქვს შანსი, ხელისუფლებას ამ სიყალბისთვის ისეთი პოლიტიკური ფასი გადავახდევინოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავუბრუნოთ ნდობა არჩევნებს. შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია და კონსტიტუციურ დონეზე მოვაწესრიგოთ ბარიერების საკითხი; საერთოდ, პოლიტიკური გარემო გავხადოთ პლურალისტური. ეს იქნება ამ ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. აი, ამიტომ მოვედით წინააღმდეგობაში ოპოზიციის ერთ ნაწილთან, რომლის წარმომადგენლებიც მხოლოდ რადიკალური სცენარის განვითარებაში ხედავენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზას. ჩვენ მათ არ ვეთანხმებით და ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი კარგი შეთანხმებაა.
- ასეა თუ ისე, არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდით, როცა ოპოზიციურ ერთობასაც დაუპირისპირდით და გულშემატკივრების ნაწილიც გააბრაზეთ.
- რა ვქნათ, იმას ვაკეთებთ რისიც გვწამს. სიმართლის თქმა და სიმართლისთვის ბრძოლაა რთული, თორემ ყველას რომ მოსწონს იმ განცხადებების გაკეთებას რა უნდა? პოპულისტობა ყველაზე ადვილი საქმეა. ნახავთ, დრო დაადასტურებს, რომ ჩვენ მართალები ვართ.
ხათუნა ბახტურიძე ჟურნალი "გზა"