"გვეუბნებოდნენ, რას ელოლიავებით, ალიყური მოსცხეთო! ბიძინა ივანიშვილს ცხოვრებამ ასწავლა, როგორ გათვალოს სვლები წინსწრებით" - კვირის პალიტრა

"გვეუბნებოდნენ, რას ელოლიავებით, ალიყური მოსცხეთო! ბიძინა ივანიშვილს ცხოვრებამ ასწავლა, როგორ გათვალოს სვლები წინსწრებით"

ექიმი, მეათე მოწვევის პარლამენტარი ლადო კახაძე მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე kvirispalitra.ge-სთან საუბრობს და ოპოზიციის ქმედებების შეფასების გარდა, ის ბიძინა ივანიშვილსა და მისგან დატოვებული პარტიის ახალგაზრდა ლიდერებსაც ახასიათებს...

- საზოგადოების ნაწილისგან ხშირად გვესმის უკმაყოფილება იმის თაობაზე, თუ რატომ ეხვეწება ხელისუფლება ოპოზიციას, რომ პარლამენტში შევიდნენ? რატომ ელოლიავება მაშინ, როცა ეს მათი მოვალეობაა. დასავლეთი, თავის მხრივ, ხელისუფლებასაც სთხოვს პასუხს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს? - იცით, რაშია საქმე, ეს არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ქვეყნის იმიჯიდან გამომდინარე. წინა მოწვევის პარლამენტში, კარგად დავინახეთ, რასაც აკეთებდა ოპოზიცია. მოქმედმა ხელისუფლებამ უამრავი კანონი მიიღო, მსოფლიო რეფორმები გატარდა, ოპოზიციამ მხარი ბევრ საჭირო ინიციატივას არ დაუჭირა, ქუჩის აქიებს მართავდა.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფალი სულ აკოწიწებს კონსტრუქციას, შემრიგებლური ტონით ესაუბრება და არა - ენის მოჩლექით. პოლიტიკური დებატები გვექნება, მაგრამ ერთმანეთის მტრები ხომ არ ვართ? ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ჩვენმა შთამომავლებმა აქ უნდა იცხოვრონ, ამაყად და თამამად, მაგრამ ის მეორე მხარე, სამწუხაროდ, დესტრუქციულია, ჩვენ კი დესქტრუქცია არ გვინდა. ის დეტონატორები, რომლებიც კედლის დანგრევას აპირებენ, როგორმე გავანეიტრალოთ. ამას მთელი მსოფლიო ხედავს. პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა მათ პარლამენტის დატოვების ნებართვა არ მივეცით, კარი ღია დავუტოვეთ, ვერ წარმოიდგენთ, ამან რამდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა დანარჩენ მსოფლიოზე. ეს იმის დასტურია, რომ საქართველოს სურს, დემოკრატიული განვითარების გზა შეინარჩუნოს და ეს ლიტონი სიტყვა არ არის. ეს არის რთული, მაგრამ მართალი გზა.

ჩვენ ყველა თაობაში გვყავს უამრავი მხარდამჭერი. გვეუბნებოდნენ, რას ელოლიავებით, ალიყური მოსცხეთო! მაგრამ არ შეიძლება, დემოკრატია სწორედ ამის თმენას ნიშნავს. ჩვენ დიდ საზღაურს ვიხდით. მხცოვანი ერი ვართ, მაგრამ ამ ახალი ფორმატის დემოკრატიას ჩვენ ახლა ვსწავლობთ, ეს კი თმენის ვალდებულებაზე გადის. მე, როგორც ექიმს, ეს ძალიან მიადვილდება. მთავარია სიჯანსაღე, ჯანსაღი ოპოზიციური აზრი, ძალით, რევოლუციით, აყალმაყალით, სოციალური აფეთქებით, მომაკვდინებელი სიტყვებით ვერაფერს იზამ, ეს არ ვარგა. იყოს უმწვავესი დებატები, მაგრამ არა - ღირსების შლახვის ხარჯზე. სწორი "დიაგნოზია" საჭირო.

- დღევანდელ ოპოზიციას გაერთიანებული კი ჰქვია, მაგრამ ვხედავთ, რომ შიდა დაპირისპირებები ხშირად იჩენს თავს, იმდენი პარტიაა ერთად თავმოყრილი, რომ ბუნებრივია, ყველა ერთ აზრზე და ერთ პოზიციაზე ვერ იქნება... თქვენი აზრით, როგორ გამოიყურება დღეს ოპოზიცია? რამდენად ჯანსაღია? თუ დაკნინებული ჩანს, თავისი დესტრუქციულობიდან გამომდინარე?

- მთავარი ისაა, თუ რა მიზნისთვის ერთიანდები. ასე მგლის ხროვაც ერთიანდება, რომ ვიღაცას თავს დაესხას და შეჭამოს... პოლიტიკურ ველზე არის ისეთი ძალები, რომელსაც სურს, ვიღაც დაანგრიოს, მოსპოს, როცა დესტრუქციისთვის ერთიანდები, ესაა ცუდი, შიგნით დესტრუქტორებიც ერთმანეთს ვერ გაუძლებენ და რთული პროცესია. ხოლო, როცა კონსტრუქციისთვის ერთიანდები, ძალიან კარგია და იმ ფლანგზე, კონსტრუქციული ნაწილიცაა. ამიტომაა, რომ როგორც კი კონსტრუქციული აზრი გამოჩნდება, იმ წუთასვე მისი დაკორტნა იწყება, დამცირება, იგნორი, შეურაცხყოფა...

პოლიტიკური დუღილი და წრთობა მიდის, ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც თავის გამოჩენა უნდა, ოღონდ ეს კონსტრუქციულად უნდა მოახერხოს, თორემ გინების დროს, სიტყვები თავისით ლაგდება, ტვინის გადაწყვეტილებას არ ელოდება, ენა უსწრებს, არადა, ჯერ ტვინმა უნდა დაალაგოს აზრი. ვფიქრობ, ოპოზიციური ფრთა ახლა ძალიან აღელვებულია და ტვინი შესუსტებულია, ენაა წამყვანი, ენა კი ყველაფერს იტყვის, მთავარი ტვინი ჩაერთოს, რომ გონიერი გადაწყვეტილებები მიიღოს. ოპოზიციაში რღვევის პროცესი მიდის, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას ვამბობ როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, რომელსაც მართლა მინდა, რომ ყველაფერი დალაგდეს. კინკლაობა საღი აზრისთვის არ ტოვებს შანსს.

ვხედავთ, რომ პარტიებს პირველი კაცები, ლიდერები ტოვებენ, თანაც გაბრაზებულები მიდიან, ერთმანეთზე განაწყენებულები, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებულები. პარტია არ დარჩენილა, რომელმაც ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენა შიგნით და თავი არ მოიჭრა გარეთ.

საქართველოში რესურსი დიდია და ამომრჩეველმა იცის, რომ სხვა პარტიებიც არსებობენ და მომდევნო არჩევნებზე, კიდევ გამოჩნდებიან სხვები. საარჩევნო კოდექსზე სერიოზულად ვმუშაობთ. ამ ოპოზიციას უკვე ხალხი ხმას აღარ მისცემს, ამდენჯერ გაუცრუეს იმედი და მათ ფლანგზე, შიდა რღვევის გარდა, ტოტალური უნდობლობა წავა. სხვა პარტიები კი გაძლიერდებიან.

- გაგონილი გექნებათ, რამდენიმე დაბალპროცენტიან პარტიაზე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისინი წინასაარჩევნოდ შექმნა, დააფინანსა და ასე გაიყვანა ფორმალურად პარლამენტში. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- (იცინის) ყველა ჭორს თავისი სათავე აქვს და ვინ როგორ გაავრცელებს ამ პოლიტ-ფეიკების ეპოქაში, ვინ უწყის. ამას ვერ შეაჩერებ, ყოველთვის იქნება.

მე ბიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ, ვიცი, რა ქარტეხილები გამოიარა, რამხელა მსხვერპლშეწირვა გააკეთა თავისი ერისა და მამულისათვის. ფრანგები წერენ ბიძინა ივანიშვილზე, მის ღვაწლს ხედავენ, აღნიშნავენ და ქართველების ნაწილი, ამას ვერ ხედავს. თუმცა, ბევრი აფასებს.

ამიტომ, ამ ინფორმაციას მე არავითარ შემთხვევაში არ დავადასტურებ. ბიძინა ივანიშვილმა ერთი ყველაზე დიდი რამე გაუკეთა მთელ ოპოზიციას, ბარიერი რამდენად დაუწია - აჰა, ბურთი და მოედანი, დანარჩენი თქვენს მარიფათზეა, მოდით და ვიპაექროთო. ეს ნამდვილად გააკეთა.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას თქვენ როგორ შეხვდით და როგორ შეაფასეთ?

- ეს დიდი ნაბიჯი იყო. ასეთი შედარება გავაკეთე: მე გამზარდა ძალიან დიდმა კაცმა - მიხეილ გიგინეიშვილმა, მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის გამგემ და 70 წლის ასაკში მან თქვა - ახლა დროა კათედრა ჩაიბაროს ახალგაზრდა თაობამო. აგერ არის საოპერაციო, სამშობიარო ბლოკი, დიაგნოსტიკური განყოფილება, ყველაფერი გააკეთეთ, მე კი აქ ვიქნები თქვენთან, როგორც დიდი გულშემატკივარიო და გული არ მატკინოთო. აი, მისი ეს სიტყვები ყოველთვის მახსოვს.

ბიძინას ეს ნაბიჯიც ამას შევადარე. მან თავი დადო ზუსტად იმ დროს, როცა ეს ფიზიკური საფრთხის შემცველი იყო მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის - 2011 წელს, მაგრამ ყველაფერი გააკეთა თავისი ერისთვის. ცხოვრებამ ასწავლა მას, როგორ გათვალოს სვლები წინსწრებით... აღარაფერს ვამბობ მის უდიდეს სიქველეზე, ის ბევრს დაეხმარა და ეს იმ ხალხმა იცის, აფასებენ და სიყვარულით უბრუნებენ ამ მადლს. მან თავისი გასაკეთებელი გააკეთა და წავიდა. დატოვა ახალგაზრდები, რომლებიც არიან მტკიცენი ხასიათში, აქვთ კარგი მსჯელობის, რისკების გათვლის უნარი, ლოგიკა, განათლება და ა.შ. ბიძინამ კარგი საქმე გააკეთა, რომ მათ თავი მოუყარა და გააერთიანა. პარტიაში არის ჯანსაღი და ღირსეული ურთიერთოებები. ის რომ რამეს იტყვის, აუცილებლად გააკეთებს, სიტყვის კაცია. ამ ყველაფერს მე არა ვარდისფრად, რეალისტურად გიყვებით, მე ვიცი, რა ხდება შიგნით.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)