"მეყველე მარკუს რასინი საქართველოში გადადის" - რას წერს შვეიცარიული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"მეყველე მარკუს რასინი საქართველოში გადადის" - რას წერს შვეიცარიული გამოცემა?

შვეიცარიის რეგიონულ გაზეთ "პრეტიგაუერ უნდ ჰერშეფტლერში" (Prättigauer und Herrschäftler) საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "მეყველე მარკუს რასინი საქართველოში გადადის" (ავტორი - ჰაიდი ვაისი. გაზეთის ოფისი მდებარეობს შირსის კომუნაში, გრაუბინდენის კანტონის პრეტიგრაუ-დავოსის ოკრუგში).

"ამ გაზაფხულზე საქართველოში მუშაობას იწყებს "კავკასიის შვეიცარიული სასოფლო-სამეურნეო სკოლა", რომელიც მთიან სოფელ სარკინეთში მდებარეობს. სკოლას აქვს თავისი ფერმა, ყველის ქარხანა და საძოვრები. 62 წლის ცნობილი მეწარმე მარკუს რასინი, რომელმაც 20 წლის წინათ შვეიცარიის პრეტიგაუს ხეობაში საფუძველი ჩაუყარა ცხვრისა და თხის რძისგან ყველის წარმოების ძველი ტრადიციის აღდგენას, ახლა კავკასიაში იქნება პასუხისმგებელი ყველის წარმოებაზე - იგი გახდება ყველის ქარხნის მმართველი და თან ინსტრუქტორის ფუნქციასაც შეასრულებს", - ნათქვამია სტატიაში. მასში ჩამოთვლილია ის შვეიცარიელი სპეციალისტები, რომლებიც სკოლაში სტუდენტებს მოამზადებენ და "რა თქმა უნდა, ქარხანაში და სკოლაში ქართველი სპეციალისტებიც იქნებიან მიწვეულნი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობაც".

სტატიაში ლაპარაკია "კავკასიის შვეიცარიული სასოფლო-სამეურნეო სკოლის" (SASC) დაარსების ისტორიაზეც, რომელიც აპრილში პირველ ათ სტუდენტს მიიღებს. სკოლის მოდელი შვეიცარიის სახელგანთქმული აგრარული სასწავლებლის Plantahof-ის 200-წლიან გამოცდილებას ეყრდნობა. პროექტის ორგანიზატორი იყო მიხეილ სვიმონიშვილი, რომელიც შვეიცარიაში სწავლობდა. როცა იგი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა, მიზნად დაისახა შვეიცარიული გამოცდილების საქართველოში დანერგვა. წლების განმავლობაში თანამშრომლობამ თანდათან თავისი ნაყოფი გამოიღო", - ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში როლფ ჰანიმანი, გრაუბინდენის კანტონის ყოფილი მთავარი ვეტერინარი, რომელიც მარკუს რასინთან ერთად საქართველოში უნდა ჩავიდეს.

"დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში სკოლა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით იმუშავებს. სკოლის კომპლექსში შედის სასწავლო კოლეჯი, სასტუმრო მოწვეული პედაგოგებისთვის და ფერმა, რომელშიც შვეიცარიიდან ჩამოყვანილი პირუტყვი (ძროხები) მოთავსდება", - ნათქვამია სტატიაში, - "სარკინეთში ნაყოფიერი მიწა და საძოვრებია".

სტატიაში საუბარია, აგრეთვე, შვეიცარიელებისა და ქართველების ისტორიულ ურთიერთობაზე, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. "სწორედ იქ, სადაც ახლა სკოლა შენდება, დაახლოებით 150 წლის წინათ შვეიცარიელი სპეციალისტები წარმატებით მუშაობდნენ, არსებობდა შვეიცარიელთა დიდი დასახლება. ემიგრანტებმა საქართველოში თავიანთი პირუტყვიც ჩაიყვანეს", - ამბობს როლფ ჰანიმანი, - სამწუხაროდ, იმდროინდელი ნაგებობებიდან უკვე არაფერი არის დარჩენილი, დმანისში შვეიცარიული გვარის მქონე ადამიანებსაც ვერ შეხვდებით, რადგან სოციალიზმის ეპოქაში ყველაფერი დაიკარგა".

მარკუს რასინი დარწმუნებულია, რომ საქართველოში შვეიცარიული სასოფლო-სამეურნეო და საგანმანათლებლო პროექტი წარმატებით იქნება რეალიზებული. იგი მოხარულია, რომ კავკასიური ქვეყნის მოსახლეობას თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს. "2018-2019 წლებში საქართველოში ოთხი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი და ადგილობრივ მთიელ ფერმერებთან ერთად ალპურ ყველს ვამზადებდი. კარგად გავიცანი მოსახლეობა. ისინი სტუმართმოყვარე და საქმისადმი ერთგული ადამიანები არიან. ყველგან კარს მიღებდნენ და პატივს მცემდნენ, იქ უკვე მეგობრებიც მყავს. ჩემთვის საქართველო ძალიან ძვირფასი გახდა", - ამბობს მეყველე მარკუს რასინი, რომელმაც ჯერ არ იცის, თუ რამდენი ხნით მიემგზავრება შვეიცარიიდან, - თუ სკოლის ყველის ქარხანაში მუშაობა მომეწონება, სრულიად შესაძლებელია, რომ ფესვები კავკასიაშიც გავიდგა". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ