"ბატონმა ბიძინამ მითხრა, შენ დაგნიშნავ ჩემს თანაშემწედო..." - კვირის პალიტრა

"ბატონმა ბიძინამ მითხრა, შენ დაგნიშნავ ჩემს თანაშემწედო..."

"ბატონმა ბიძინამ მითხრა, შენ დაგნიშნავ ჩემს თანაშემწედო..." - როგორ მოხვდა "ოცნებაში" და რას ამბობს გავრცელებულ ვიდეოზე აზერბაიჯანელი დეპუტატი?

მოიკრიბა ძალები და "ვეფხისტყაოსანი" ბოლომდე წაიკითხა, ცოტა გაუჭირდა, ბევრი დრო მოანდომა, მაგრამ თავი გაართვა. მინდოდა ჩავწვდომოდი ჩვენს სავიზიტო ბარათს და სირცხვილი იქნებოდა, ეს არ მცოდნოდაო, - მეუბნება. მანამდე, წლების წინ, აზერბაიჯანელმა სკოლის მოსწავლემ პარალელურად დაიწყო ქართული ენის შესწავლა, ქართულად ჩააბარა და ისწავლა უნივერსიტეტში. კონსპექტების ქართულად ჩაწერას რომ ვერ ასწრებდა, მისი ლექტორები ლექციას დიქტოფონზე უწერდნენ, თუმცა მეორე კურსიდან მათი "წვალება" აღარ დასჭირვებია. ასე, თავდაუზოგავი შრომით მივიდა მიზნამდე...

"როცა მეკითხებოდნენ, როგორ მიაღწიე ამდენს, პირდაპირ ვეუბნებოდი - იმიტომ, რომ ქართული ენა ვიცი, სახელმწიფოებრივად ვაზროვნებ და ჩემი სამშობლო მიყვარს. მეტი შენგან ამ ქვეყანაში არავის არაფერი უნდა". არ მალავს, რომ ჰქონდა და აქვს პოლიტიკური ამბიციები და ცდილობს, თანამემამულე აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დააჯეროს იმაში, რომ თუ მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ და მიაღწევენ. პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სავალან მირზოევი ჩვენთან საუბარს, როგორც ყველა, ბავშვობიდან იწყებს:

ბავშვობა

- გარდაბნის რაიონში დავიბადე, მამა თერაპევტია, მაგრამ მუდმივად პოლიტიკაში იყო ჩართული. ის წლების განმავლობაში დმანისში მუშაობდა, საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ, მერე გარდაბანში გადაიყვანეს. სოფელ ყარათაქლიას სკოლაში შემიყვანეს, მეხუთე კლასიდან რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში გადავედი. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი პოლიტიკურ პროცესებს და ჩემი ასაკის მიუხედავად, მამა ჩემთან რაღაც თემებს გადიოდა, აინტერესებდა ჩემი აზრი, ალბათ ხედავდა, ანალიზის უნარი რომ მქონდა. ჩემი უფროსი ძმა სულ ბრაზობდა, ცალკე ამდენს რას ლაპარაკობთო. მერე გადავწყვიტე სახელმწიფო ენა მესწავლა. აზერბაიჯანული სკოლა დავამთავრე, მაგრამ პარალელურად, მე-9 კლასიდან კერძო მასწავლებელთან ქართულ ენის შესწავლა დავიწყე. დედ-მამა სულ იმას მინერგავდა, სადაც ცხოვრობ, ის ენა უნდა იცოდე, არსად წასვლას არ ვაპირებთ საცხოვრებლად, მთელი ოჯახის რესურსი საქართველოში იყო ჩადებული და სხვაგან გადასახლება ოჯახში არც განიხილებოდა. მამას უნდოდა, მე და ჩემი ძმა მის, ექიმის პროფესიას დავუფლებოდით, ჩვენ კი სხვა გზა ავირჩიეთ. როცა ნახა, რომ შინაგანად არ ვიყავით ამ პროფესიისთვის მზად, "შეგვეშვა". თუ მოწოდებით არ ხარ, ისე ექიმი ვერ გახდები, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი და ცდებს ხომ არ ჩაატარებ? საბოლოოდ, ჩემმა ძმამ ეკონომიურზე ჩააბარა, მე კი - იურიდიულზე.

"ლექტორები დიქტოფონზე მიწერდნენ ლექციებს"

- ვაკეში, უნივერსიტეტის მე-9 კორპუსში ვსწავლობდი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ქართველებთან ერთად. კონსპექტების ჩაწერას ვერ ვასწრებდი ქართულად, ცოტა მიჭირდა. მახსოვს, 61 ლარად ვიყიდე დიქტოფონი და მთელი ლექციის განმავლობაში ლექტორებს ხელში ეჭირათ ჩემი დიქტოფონი, ლექცია რომ ჩაეწერათ და მერე ის რვეულში გადმომეტანა. სწრაფად ვერ ვწერდი, მერე მოკლედ ვინიშნავდი ფრაზებს. ძალიან გამიჭირდა, თუმცა ლექტორებიც და თანაკურსელებიც მხარში ამომიდგნენ. რომ არა მათი ასეთი დამოკიდებულება, ალბათ მოტივაცია დამეკარგებოდა და სწავლას ვერ გავაგრძელებდი. მერე ბევრი ვეცადე, რომ მეორე კურსიდან ლექტორებს ჩემი დიქტოფონი აღარ სჭეროდათ ხელში და ჩემს გამო აღარ შეწუხებულიყვნენ. აბა, როგორია, საათნახევარი ჩემს დიქტოფონს დაატარებდნენ და ისე კითხულობდნენ ლექციებს. ჯგუფელებიც სულ მამხნევებდნენ, არ ინერვიულო, ჩვენც ვერ ვასწრებთ ჩაწერასო, ზოგი სპეციალურად არ წერდა, რომ მეფიქრა, სხვებიც ჩემს დღეში იყვნენ, მაგრამ ვხვდებოდი, ამას ჩემს გასამხნევებლად აკეთებდნენ. მეორე კურსიდან დიქტოფონი აღარ დამჭირვებია.

"გამგებელი ვერ გავხდი, მაგრამ..."

- მამა თავიდანვე ხვდებოდა, რომ პოლიტიკის გზას გავუყვებოდი, რადგან მუდმივად გაზეთებს ვკითხულობდი, ვუსმენდი თოქ-შოუებს, პოლიტიკურ გადაცემებს... მამაც ხელს არ მიშლიდა. პატარაობისას, სახლში ჩემთვის, ფურცელზე ხშირად ვწერდი გამგებლის სახელზე განცხადებას, ჩვენს სოფელში გამგებლად დამნიშნეთ, სოფელს მივხედავ-თქო. სოფლის კრებებსაც ვესწრებოდი და სიტყვითაც გამოვდიოდი. იმ პერიოდში, სოფლის მოსახლეობა ჩვენი ფულით სკოლას ვაშენებდით... გამგებელი ვერ გავხდი, მაგრამ გამგეობაში კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურში სპეციალისტად დავიწყე მუშაობა, მერე გამგეობის აპარატში გადავედი მთავარ სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში, აპარატის ხელმძღვანელიც გავხდი, 2009 წელს კი რეინტეგრაციის სამინისტროში დავიწყე მუშაობა. კონკურსი იყო გამოცხადებული და ამ საქმეში ელენე თევდორაძე დამეხმარა. 2008 წლის დეკემბერში ის გარდაბანში ჩამოვიდა, საზღვრისპირა სოფლებში ჰქონდათ შეხვედრები. იმხანად, 22 წლის ბიჭი გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი და მე მომიწია ამ შეხვედრაზე მათთან ერთად გასვლა. ქალბატონ ელენეს რომ დაველაპარაკე, გაუხარდა, აზერბაიჯანელი ხარ და რა კარგი ქართული იცი, კონკურსი გვაქვს გამოცხადებული, აზერბაიჯანელი მინისტრის მრჩეველი გვინდაო და შიდა გასაუბრებაზე დამიბარა. დავთანხმდი, რადგან მინდოდა რაიონიდან ქალაქში გადავსულიყავი, ვიცოდი, ჩემს გეგმებს გარდაბნიდან ვერ განვახორციელებდი და ასე უფრო დავეხმარებოდი ჩემს რაიონს. კონკურის მონაწილეებიდან ზოგი ასაკიანი იყო, ზოგმა ქართული არ იცოდა. ვიღაცას რეკომენდაცია ჰქონდა და სახელმწიფო მინისტრის მრჩევლად მათი გაყვანა უნდოდათ. მომისმინეს, ჩემი ხედვები მოეწონათ და ამიყვანეს კიდეც მინისტრის მრჩევლად. გააგრძელეთ კითხვა