"ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს, ხალხს უყვარს, თუ რა?" - კვირის პალიტრა

"ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს, ხალხს უყვარს, თუ რა?"

"ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს, ხალხს უყვარს, თუ რა? ციხეში არავის დაჭერა მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან",- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, თუ სასულიერო პირები არჩევნებზე მხარს რომელიმე კონკრეტულ ძალას დაუჭერენ, "დღეს არსებული მეორე ძალა მთავარი ოპოზიცია აღარ იქნება". მისივე თქმით, რაც საქართველოში ხდება, ქვეყნის მტრობაა და "არც პარლამენტი გვაქვს, არც არაფერი".

"ოპოზიციას პოლიტიკოსობის ვერაფერს ვატყობ. ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ? ხელისუფლება ყოველთვის იღებს ხოლმე ხმების რაღაც რაოდენობას, სადღაც 30%-მდე შეუძლია აიღოს. გადახედეთ კარგად, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდებით. ეს მეორე ძალაა, რომელიც ახლა მთავარი ოპოზიციაა, აღარ იქნება მთავარი ოპოზიცია. თუ მხარს დავუჭერთ ვინმეს, დღეს მოქმედს არავის. როცა საჭირო იქნება, საქართველოს ასე უფსკრულში არავის გადავაჩეხინებთ.

ხალხის გამომყვანი ოპოზიცია არაა. რამდენი ხანია წვალობენ, ჯახირობენ. 20 ივნისის ღამე რომ ავიღოთ, ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ბავშვებს, უფროსებსაც თვალები დაეთხარათ და არცერთ პოლიტიკოსს არაფერი მოსვლია. ყველას პასუხისმგებლობაა. "ოცნებას" როგორც ელაპარაკებიან, მასე გავაბედინებთ იმათ ლაპარაკს? თავიანთ ადგილს ვანახებთ ყველას",- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, "საუბრობენ, რომ პატრიარქი პრორუსულმა მღვდელმთავრებმა უნდა გადააყენონ".

"ეჭვი ვისზე აქვთ? უკვე რამდენი სინოდია, ერთიანობას გამოვხატავთ, ვისზე ამბობენ? პრორუსულები კი არა, რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს, თვითონ არიან",- განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"