ოპოზიცია აქციებს აანონსებს - რას ამბობენ "ნაციონალურ მოძრაობაში"? - კვირის პალიტრა

ოპოზიცია აქციებს აანონსებს - რას ამბობენ "ნაციონალურ მოძრაობაში"?

25 თებერვალს, თბილისსა და ბათუმში, ოპოზიცია მშვიდობიანი აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი აქცია 31 მარტსაც არის დაგეგმილი.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს, დღეს, როცა 100 წლის წინ ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება მოახერხეს, ეს ყველაფერი მშვიდობიანი მსვლელობა მანიფესტაციით გავაპროტესტოთ. 100 წლის თავზე საქართველო კვლავ იმავე გამოწვევის წინაშე დგას, როცა მტრულად განწყობილი, ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები იგივე საფრთხის შემცვლელები არიან, რა საფრთხის წინაშეც 100 წლის წინ ვიდექით. სამწუხაროდ, მაშინ ამ საფრთხის განეიტრალება ვერ მოხერხდა. იგივე შეცდომა კვლავ რომ არ დავუშვათ და პრობლემა გადავჭრათ, რომლის წინაშეც ვდგავართ, თბილისსა და ბათუმში გაიმართება მშვიდობიანი მსვლელობა- მანიფესტაცია. ამავე დროს ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება 31 მარტს, ასევე მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს ისტორიაში" , - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ მისი საქმის შესახებაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამორიცხულია, კალაძემ, კობახიძემ, მურუსიძემ, გავრილოვმა, ივანიშვილმა და ვინც დღეს "ქართულ ოცნებაში", მისი დაჭერა მოახერხონ.

"ამის საფუძველი არ აქვთ. ეს არის ჩემი ძალიან ჩამოყალიბებული პოზიცია, რომლის მჯერა. თუ ვინმეს არ სჯერა, რამდენიმე დღის წინანდელი ჩემი განცხადება გაიხსენონ, როცა ვამბობდი, რომ არ გადავიხდი გირაოს და "ქართული ოცნება" ამბობდა რომ გადაიხდისო, ხომ არ გადავიხადე?! ახლა "ქართულ ოცნებას" ვეუბნები კვლავ საპირისპიროს, ნუ იყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში", - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"