"ვნა­ნობ თუ არა ამას? ალ­ბათ, ვნა­ნობ" - როგორი იყო ნანა იოსელიანის "სიყვარულის პარტია" - კვირის პალიტრა

"ვნა­ნობ თუ არა ამას? ალ­ბათ, ვნა­ნობ" - როგორი იყო ნანა იოსელიანის "სიყვარულის პარტია"

ბავშვობიდანვე ყოველთვის აღმაფრთოვანებდა. მამას უყვარდა ჭადრაკი, მასწავლიდა კიდეც და ოჯახში სპორტის ამ სახეობას ფეხბურთის შემდეგ პირველი ადგილი ეკავა. ჩემგან მოჭადრაკე არ გამოვიდა, უმალ ფეხბურთს უფრო ვითამაშებდი, მაგრამ ჭადრაკის დიდ გულშემატკივრად დავრჩი... ჩვენი, ფაქტობრივად, დაუმარცხებელი (მხოლოდ ერთმანეთთან თუ დამარცხდებოდნენ) მოჭადრაკე ქალბატონების "გადამკიდე". მისით კი მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი. საოცრად ნათელი ადამიანი ჩანდა, გულწრფელი ღიმილით. ახლახან, 12 თებერვალს დავურეკე, თურმე, დაბადების დღე ჰქონდა. მაინცდამაინც იმ დღეს მოვინდომე ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ... გაუთავებლად ულოცავდნენ და არაფერი გამოგვივიდოდა, სამაგიეროდ, მეორე დღეს ვისაუბრეთ ხანგრძლივად. გავიხარე, რომ სწორედ ისეთ ადამიანს ველაპარაკებოდი, როგორიც წარმომედგინა, რომ იყო. უამრავი ტიტულის მქონე ნანა იოსელიანი მართლაც არასდროს ყოფილა მხოლოდ ძალიან ძლიერი მოჭადრაკე, იგი დღემდე ხალხის საყვარელი მოჭადრაკეც გახლავთ:

- მშობლები მეცნიერები იყვნენ, ფიზიკოსები და, ალბათ, ჰქონდათ რაღაც გეგმები ჩემი მომავლის შესახებ. პატარა რომ ვიყავი, ცოტას ვავადმყოფობდი, თუმცა, როგორც ამბობენ, გამორჩეული ნიჭის ბავშვი ვიყავი. სკოლამდელ ასაკში უკვე ვიცოდი ალგებრული შეკრება-გამოკლება. იმ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სკოლაში კარგად სწავლას. ეს ვალდებულებაც კი იყო და გმირობად ნამდვილად არ მიიჩნეოდა. გარდა ამისა, ჩემი თანატოლების მსგავსად, მეც დავდიოდი ინგლისურსა და მუსიკაზე, თუმცა ფორტეპიანო სასტიკად არ მიყვარდა.

მაშინ ჭადრაკიც ძალიან პოპულარული იყო. მამა მოყვარული იყო და ხშირად თამაშობდა. ჭადრაკის სვლები მეც შინ ვისწავლე, ყურებით, მაგრამ ჩემი ჭადრაკზე მიყვანა მშობლების გეგმაში ნამდვილად არ შედიოდა. თუმცა თავად ვიყავი ძალიან აქტიური ბავშვი: ყველა წრეზე დავდიოდი, მათ შორის - ტანვარჯიშზეც, ძალიან მონდომებული ვიყავი და სკოლის სიმღერის გუნდშიც ვმღეროდი, არადა, მუსიკალური სმენა საერთოდ არ მქონდა (იცინის). გვიან მივხვდი, რომ ეტყობა, სიმღერის მასწავლებელმა ასეთი მოწადინება რომ შემატყო, კი არ გამომიშვა, - არ გაქვს შვილო სიმღერის უნარიო, ერთადერთს მეხვეწებოდა: ხმადაბლა იმღერეო. დაწყებით კლასებში ვსწავლობდი, როდესაც ერთ დღეს კლასში მასწავლებელი შემოვიდა და იკითხა, ჭადრაკის თამაში ვინ იცისო? მე, როგორც ძალიან აქტიურმა, ხელი ავწიე...

მოკლედ, რამდენიმე წაგვიყვანეს და საჭადრაკო შეჯიბრება სკოლაშივე ჩატარდა. გამარჯვებულებიდან 1 ბიჭს და 2 გოგონას ჭადრაკის წრეზე წაიყვანდნენ. ჩემმა მეზობელმა გოგონამ მომიგო და, შესაბამისად, წრეზე ვერ მიმიღებდნენ. ძალიან განვიცადე, ხმამაღლა ავტირდი და ჩვენმა სასწავლო ნაწილის გამგემ იკითხა, რატომ ატირებთ ამ ბავშვს, წაიყვანეთ, სინდისი არ გაქვთო? და წამიყვანეს. ის ქალი კი, ნინო თევდორაძე, სულ მიყვარდა, რადგან ბავშვობიდან დამამახსოვრდა, რომ სწორედ მან გადამარჩინა. ასე აღმოვჩნდი "პლეხანოვზე", კლუბ "განთიადში", სადაც საჭადრაკო მწვრთნელი გახლდათ ოთარ ალხანიშვილი, ღმერთმა აცხონოს მისი სული.

იქაც შეჯიბრება მოეწყო და... კვლავ წავაგე, და... კვლავ ძალიან ბევრი ვიტირე. წამომიყვანეს იქიდან დამარცხებული, მაგრამ იმ მწვრთნელმა - ბატონმა ოთარმა საოცრად იაქტიურა, სკოლაშიც მოვიდა, დედაჩემსაც შეხვდა და უთხრა, ჭადრაკზე უნდა ატაროთო. თამაში არ ვიცოდი, ჩემთვის მართლა არავის უსწავლებია, მაგრამ ვფიქრობ, მწვრთნელი იმით დაინტერესდა, რომ შეამჩნია, ჩემთვის წაგება და მოგება სულერთი არ იყო. ეს თვისება სპორტსმენს აუცილებლად სჭირდება.

დედა ძალიან წინააღმდეგი იყო, რადგან მშობლები მუშაობდნენ და ვერაფრით მოახერხებდნენ ჩემს "პლეხანოვზე" ტარებას, მე კი 8 წლის ვიყავი და მარტოს ვერ გამიშვებდნენ. ძალიან გავჯიუტდი და რაღას იზამდნენ? გადაწყვიტეს, ჩემზე 2 წლით უფროსი ძმაც მიეყვანათ ჭადრაკზე, თანაც იძულებით. მას შემდეგ დიღმიდან ერთად დავდიოდით ხოლმე "პლეხანოვზე". ძმამ მალევე დაანება თავი, მე კი მწვრთნელმა პირველი ტურნირი 4 თვის მერე მათამაშა ჩემზე უფროსებთან და უფრო გამოცდილებთან. მხოლოდ ერთი პარტია მოვიგე, დანარჩენი წავაგე და ამჯერადაც ბევრი ვიტირე. ზოგადად, მტირალა არ ვიყავი, მაგრამ საშინლად ვერ ვეგუებოდი დამარცხებას. შემდეგ წრეზე სხვასთან უნდა მეთამაშა, მაგრამ, ალბათ, შემიცოდეს და ისევ იმ გოგონას შემახვედრეს, ვისაც პირველად მოვუგე. და მეორედაც გავიმარჯვე. გააგრძელეთ კითხვა