"პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი, უკანონობას არც ნიკა და არც ოპოზიცია არ ვემორჩილებით" - კვირის პალიტრა

"პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი, უკანონობას არც ნიკა და არც ოპოზიცია არ ვემორჩილებით"

ელენე ხოშტარია - პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი, რაც ვერანაირად ვერ გატეხავს იმ ძალიან პრინციპულ პოზიციას, რომ უკანონობას არც ნიკა და არც ოპოზიცია არ ვემორჩილებით

ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ნიკა მელიას გვერდით, როგორც არ უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, ჩვენ არ ვაპირებთ უკანონო კანონებზე დამორჩილებას, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას შეფასებით, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურია.

"დღეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა "ქართულ ოცნებას" ღიად დაუკვეთა, ჯერ კიდევ ლავროვმა, მერე გავრილოვმა და რა თქმა უნდა, პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოიჭრა უბრალოდ თავი. ეს ვერანაირად ვერ გატეხავს იმ ძალიან პრინციპულ პოზიციას, რომ უკანონობას არც ნიკა და არც ჩვენ, ოპოზიცია არ ვემორჩილებით. აბსოლუტურად არასაინტერესოა რა მორიგ უკანონობას გეგმავს "ქართული ოცნება", ჩვენ ვიცით, ჩვენ რას ვგეგმავთ - არ დავემორჩილოთ უკანონო კანონებს. "ქართული ოცნება" არის უკვე დამარცხებული. თითოეული ის ადამიანი, რომელმაც ხელი მიაჭირა აბსოლუტური რუსული ინსტრუქციის ქვეშ, უკვე არიან დამარცხებულები, ნიკა მელია არის ნამდვილად გამარჯვებული ამ სიტუაციაში", - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.