"ჩემი შვი­ლის მოქ­მე­დე­ბას მე ვა­მარ­თლებ და მინ­და "ქო­ცებს" მივ­მარ­თო" - ანზორ მელიას ემოციური მიმართვა - კვირის პალიტრა

"ჩემი შვი­ლის მოქ­მე­დე­ბას მე ვა­მარ­თლებ და მინ­და "ქო­ცებს" მივ­მარ­თო" - ანზორ მელიას ემოციური მიმართვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ვაჟის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახი მას სრულ მხარდაჭრას უცხადებს.

"მე და ჩემმა მეუღლემ გუშინ გვიან ღამით ვისაუბრეთ და ერთმანეთი გავამხნევეთ და ერთმანეთს ვუთხარით, რომ ჩვენ გავზარდეთ შვილი სწორად, ჯანმრთელად... კაცი, რომელიც საქართველოს ემსახურება. იჭერენ არა იმისთის, რომ ქურდობდა, ანდა ქრთამებს იღებდა, არამედ იმიტომ, რომ საქართველო ასე უყვარს. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით.

გამსახურდია იყო ციხეში და მერაბ კოსტავა და კიდევ ბევრი პატრიოტი, ჩემი შვილი გამონაკლისი არ იქნება. მე ჩემს შვილს ყოველთვის დავუდგები გვერდით და მის ოჯახს მივხედავ, ვიდრე ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს. თუ არადა ბევრი მეგობარი ჰყავს და ყველაფერი კარგად იქნება.

ჩემი შვილის მოქმედებას მე ვამართლებ და მინდა "ქოცებს" მივმართო, რომ გრცხვენოდეთ, აი, ამ სპექტაკლისთვის, რაც დღეს დადგით, გრცხვენოდეთ, რომ ასეთი დაჩაქარებული მეთოდით ნიკას გასამართლება გინდათ, ვითომდა დიდი ტერორისტი იყოს... თვითონ ტერორისტებს მიხედეთ, საზღვარი რომ ტრასამდე ჩამოვიდა, იმას მიხედეთ, იმაზე ინერვიულეთ და არა ნიკას ასეთ კაცობაზე", - განაცხადა ანზორ მელიამ.