"ბევრს უკვირდა ეს ამბავი. ისიც კი მითხრეს, საპატარძლო კაბის ჩაცმა არ გეუხერხულებაო?" - 11-ჯერ დაქორწინებული წყვილი - კვირის პალიტრა

"ბევრს უკვირდა ეს ამბავი. ისიც კი მითხრეს, საპატარძლო კაბის ჩაცმა არ გეუხერხულებაო?" - 11-ჯერ დაქორწინებული წყვილი

"ეს ყველაფერი იმხელა სიამოვნებას გვანიჭებს, რომ რამდენიმე თვე ამ დადებითი ემოციებით ვცხოვრობთ"

ლიკა ბერიძე და თემურ წიკლაური 11 წლის წინ, 24 იანვარს დაქორწინდნენ და მას შემდეგ ყოველ წელს ქორწილით აღნიშნავენ ამ დღეს. 12 წელია, რაც ლიკა ექიმ-სტომატოლოგად მუშაობს, თემური - ტექნიკოსად. წყვილს 3 შვილი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთულები არიან სამსახურშიც და სახლშიც, მაინც ახერხებენ ერთმანეთის სიურპრიზებით განებივრებას.

- ექიმების გარემოცვაში გავიზარდე და ბევრი არ მიფიქრია არჩევნის გაკეთებაზე. თანდაყოლილი მანკით დავიბადე და პაპა ხშირად მეუბნებოდა, შენც ექიმი უნდა გამოხვიდე, რომ სხვებს დაეხმაროო. ეს რომ მესმოდა პატარაობიდან, ეტყობა, პროფესიული არჩევანი ამანაც განაპირობა. მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. მუშაობის დროს სულ ვიღიმი და ვღიღინებ. ჩემმა პაციენტებმა იციან, რომ როცა ლიკა ექიმი ამღერდება, ესე იგი, პროცედურები სრულდება და თანაც წარმატებით.

- მიამბეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი? - შეიძლება ითქვას, სამსახურებრივი რომანი გვქონდა. ერთად ვმუშაობდით, მალევე შეგვიყვარდა ერთმანეთი და 8 თვეში შევუღლდით კიდეც. ეს იყო 2010 წლის 24 იანვარს. ის 8 თვე სხვების 2-წლიან ურთიერთობას უდრიდა, რადგან მთელი დღე ერთად ვიყავით და ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ.

- მთავარი რა არის თქვენს ურთიერთობაში? - ჩვენს ურთიერთობას დიდი სიყვარული აცოცხლებს. როდესაც მე ბედნიერი ვარ და ვიღიმი, ამ დროს თემურიც უზომოდ კმაყოფილი და გახარებულია. ჩემი ბედნიერება მას აბედნიერებს, სულერთი არ არის მისთვის, როგორ ვიქნები. ჩემი სჯერა, მენდობა და ყოველთვის მოსწონს ჩემი ვარცხნილობა, თმის ფერი, ზედმეტი კილოგრამებიც კი (იცინის). მოკლედ, მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ. მე უფრო ხისტი გახლავართ. ის მთიულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის მამშვიდებს და მაბალანსებს. ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მეც ყოველთვის პატივს ვცემ მის არჩევანსა და გადაწყვეტილებას. იშვიათად ვკამათობთ.

- რატომ გაგიჩნდათ სურვილი, ყოველ წელს გქონოდათ ქორწილი?

- 11 წლის წინ ქორწილი რომ გვქონდა, კაბა ვიქირავე. მთელი ბავშვობა თეთრი კაბის ჩაცმაზე ვოცნებობდი, ხომ იცით, გოგონების ამბავი. 2 წლისთავი რომ შეგვისრულდა, მაშინ გადავწყვიტეთ, აღგვენიშნა, რაკი თეთრი კაბა ძალიან მიყვარდა და ის რამდენიმე საათი, რაც ქორწილში მეცვა, მეცოტავა. ჩვენი ჩანაფიქრი მეჯვარეებსაც გავუმხილეთ, მხარი აგვიბეს და მას შემდეგ ისინიც ჩამოდიან ხოლმე. მაყარი კი ყოველ წელს იცვლება - დედმამიშვილები, მეგობრები, ნათესავები, ვინც მოახერხებს მოსვლას. რაკი წელს პანდემია იყო, მეჯვარეებმა ვერ შეძლეს რუსთავში ჩამოსვლა და ეს დღე თემურის მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ბევრს უკვირდა ეს ამბავი. ისიც კი მითხრეს, საპატარძლო კაბის ჩაცმა არ გეუხერხულებაო? ახლა ყველა მოუთმენლად ელის ყოველ 24 იანვარს, სამზადისში აქტიურად მონაწილეობენ ჩემი მშობლებიც, თემურის მშობლებიც - ალბათ სიამოვნებთ, შვილებს ასეთ ბედნიერებს რომ ხედავენ.

- რამე განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ ქორწილში? - რა თქმა უნდა, საქორწინო თეთრ კაბას ვიცვამ, მაკიაჟს ვიკეთებ, გვაქვს ერთი ტრადიცია - აუცილებლად უნდა შევასრულოთ "დაისი". ეს ყველაფერი იმხელა სიამოვნებას გვანიჭებს, რომ რამდენიმე თვე ამ დადებითი ემოციებით ვცხოვრობთ - ვიდეოებს ვუყურებთ, ფოტოებს ვათვალიერებთ და ასე გადის დრო შემდეგ ქორწილამდე. ეს ტრადიცია ერთმა ფაქტმაც გაამყარა - ჩვენი პირველი შვილი დათუნა აუტისტია. ამან ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და იმდენად დატვირთული გახადა მასზე მზრუნველობით, რომ ჩვენთვის ნაკლებად ვიცლიდით, განტვირთვისთვის დრო აღარ გვრჩებოდა. უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ასეთი დღესასწაულის მოწყობა წელიწადში ერთხელ მნიშვნელოვანი იქნებოდა. დათუნას დიდი ყურადღება სჭირდება. ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს მასთან. ამიტომ დღისით მე ვმუშაობ, თემური კი მერე მიდის სამსახურში, ლაბორატორიის გასაღები აქვს და ღამითაც მუშაობს. კლინიკა მაქსიმალურად უწყობს ხელს. შარშან ივლისში ჩვენი მესამე შვილი გულის თანდაყოლილი მანკით დაიბადა. ცხოვრება რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი გვაძლიერებს და კიდევ უფრო გვაკავშირებს ერთმანეთთან.

- ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები მაინცდამაინც რომანტიკულები არ არიან. ხომ არ გაგიჭირდა თემურის დათანხმება?

- არა, თანაც თემური ნამდვილად რომანტიკოსია. 2-3 წლის წინ, 14 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ნაკლებად მიყვარს, ღამით ეზოში გულის ფორმის ცეცხლი დაანთო სანთლებით, ძალიან ლამაზი იყო. როდესაც ზამთარი დგება, უკვე მეკითხება, რას ვაპირებთ 24 იანვრისთვისო? ნოემბრიდანვე ვიწყებთ ფიქრსა და მზადებას ამ დღისთვის, ვგეგმავთ ყველაფერს - როგორ გავაკეთებთ, რას ჩავიცვამთ, ვის მოვიწვევთ. ზოგჯერ კაბას ვიკერავ, ზოგჯერ გადავაკეთებ ხოლმე. მაგალითად, წელს ასე მოვიქეცი. ჩემთვის საპატარძლო კაბა მართლა ჯადოსნური რამეა, ყველანაირ პრობლემებს მავიწყებს. არ არსებობს ამ დღეს სხვა არაფერი, დედოფლად ვგრძნობ თავს და ეს შეგრძნება მაბედნიერებს. ამიტომ სადამდეც ეს ემოციები გვექნება, ტრადიციაც გაგრძელდება...

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"