თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი 16 საათზე ჩაინიშნა - კვირის პალიტრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი 16 საათზე ჩაინიშნა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროპორციული ღონისძიებაა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დასაბუთებულია, უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს გარდა პატიმრობის გამოყენებისა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა,ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს",- განაცხადა სადრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე უარი თქვა. პროკურატურას მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

"ინტერპრესნიუსი"