"მოპარული და ხერხით გადაჭრილი სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური საფარი" - თბილისის მერი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს - კვირის პალიტრა

"მოპარული და ხერხით გადაჭრილი სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური საფარი" - თბილისის მერი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს მიმართა, რომ თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან მისი თქმით, ეს საცობს წარმოშობს, რაც საზოგადოებას პრობლემებს უქმნის.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"დედაქალაქში გათოვდა. შესაბამისად, გუშინ ღამიდან მოყოლებული "თბილსერვისის" ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა გზებზე და გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად, გამგეობები ჩაერთვებიან უკვე შიდა საუბნო გზების გაწმენდაში. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ პრობლემა არ მოგვარდება. ასევე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც საცობები შეიქმნა იმის გამო, რომ გზა ავტომობილის გამო ჩაიხერგა.

მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას. პირველ რიგში ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას უნდა გავუფრთხილდეთ. სამუშაოებს რაც შეეხება, ის დღის განმავლობაშიც გაგრძელდება",-განაცხადა კალაძემ.

"მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას",- როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ყვითელი მიკროავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია.

"თქვენ იცით რომ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი, მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და პრობლემას წარმოადგენს მგზავრებისთვის. ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს ამ მიკროავტობუსებს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწეყებულია, 300 ერთეული შესყიდულია, ამის პრეზენტაცია გვქონდა. 300 ერთეულიდან 120 მიკროავტობუსი უკვე ხაზზე იყო გაშვებული, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით არის აღჭურვილი, რაც მიკროავტობუსს სჭრიდება, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ავტობუსების ჩანაცვლება-განახლება დაწყებულია, წლის ბოლოს მთლიანად ჩანაცვლების პროცესი დასრულებული იქნება. შეყიდული გვაქვს ავტობუსები, ველოდებით მათ შემოსვლას და ყვითელი ავტობუსები აღარ ივლიან. პარალელუარდ მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, 300 ერთეული შეიძინა მერიამ",-აცხადებს კახა კალძე.

"გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას", - როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, ბოლო წლების განმავლობაში, ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზა ძალიან დაიტვირთა.

"გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დაიტვირთა ბაგები-წყნეთის მიმართულებით საავტომობილო გზა.

ამ პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, გარკვეულწილად გავაჩინოთ ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე გადავისროლოთ ნაკადი, ადამიანებს ჰქონდეთ რამდენიმე ალტერნატივა კონკრეტული გზის საშუალებით.

იცით, არსებული საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტირებაც ჩავატარეთ, ამ ხიდის გასწვრივ, უნივერსიტეტის მე-11 კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის გამავალ გზას დააკავშირებს ბაგებში, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან.

ძალიან მნიშვნელოვნი პროექტია, ტენდერი გამოცხადებულია, ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას",-აცხადებს კალაძე.

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, როდესაც პარკებსა და სკვერებში, ვანდალიზმის ფაქტს დააფიქსირებენ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2020 წელს თბილისის 168 მისამართზე ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები აღირიცხა.

"მოპარული სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური საფარი, ხერხით გადაჭრილი სკამები, განადგურებული უსაფრთხოების კამერები - ესაა ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომელიც დედაქალაქში ფიქსირდება და განსაკუთრებით ეს ყველაფერი ხდება იმ პარკებში, იმ სკვერებში, რომლებიც ახლად რეაბილიტირებულია.

"ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ 2020 წელს 168 მისამართზე ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები აღირიცხა, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. მინდა საზოგადოებას დახმარება ვთხოვო, მხარდაჭერა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ არის შემთხვევები ადამიანები პირდაპირ უყურებენ, თუ როგორ ამტვრევს მოზარდი ატრაქციონს, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ყურადღებას არ აქცევენ და ეს ძალიან ცუდია. საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო. არასწორია და არაა მისასალმებელი, რომ ახლად რეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში, რომელიც ჩვენი შვილებისა და ახალი თაობისთვის კეთდება, არ უნდა დავაზიანოთ და არ უნდა გავანადგუროთ! ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად თანადგომა გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით და გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს", - განაცხადა კალაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით