"ხელისუფლება ხალხს ვერ სთავაზობს პურს და სთავაზობს მხოლოდ სანახაობას" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ხალხს ვერ სთავაზობს პურს და სთავაზობს მხოლოდ სანახაობას"

"ეს არის ხელისუფლების სტრატეგია, რომელიც, რომაული გაგებით, ვერ სთავაზობს პურს და სთავაზობს მხოლოდ სანახაობას"- ასე აფასებს იურისტი, პარტიის - "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ნიკა მელიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას.

ანა დოლიძე თავის შეხედულებას kvirispalitra.ge-სთან აფიქსირებს.

- ნიკა მელიას ამ ამბავმა ძალიან აღმაშფოთა, ეს არის ხელისუფლების სტრატეგია, რომელიც, რომაული გაგებით, ვერ სთავაზობს პურს და სთავაზობს მხოლოდ სანახაობას. ეს მათ კარგა ხნის წინ მოიფიქრეს, პირველად არ ხდება, ამ სცენარის განხორციელება მუდმივად მიმდინარეობს.

როგორც ჩანს, ახლა ყველა მხრიდან ძალიან უჭირს - სახელმწიფო თავზე გვექცევა და ამჯერად, მორიგი ეპიზოდი შექმნეს, რომლის მიხედვითაც, მთელი ყურადღება, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან, ამ დაკავება-არდაკავების საკითხზე გადავიდა.

ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია, რომ ამხელა პარტიის ლიდერს რომ მოჰკიდებ ხელს, მთელი მანქანა ამუშავდება, ტელევიზიები...

50 ათასი კაცი გერმანიაში რომ მირბის პირველივე დღეს, ანუ, აქ ვერ იპოვა სამუშაო... ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გაგვეტარებინა ასეთი ამბების, შეუქმნელი სამუშაო ადგილების, კომენდანტის საათის, ქობულეთის შემთხვევის და სხვათა გამო. ამათ ბევრი პრობლემა უგროვდებათ, რაც აუცილებლად გამძაფრდება მარტში, ამის პარალელურად, ეს სცენარი აქვთ მოფიქრებული. ეს არის ორპოლუსიანობის გაძლიერება და პრობლემებიდან, დღის წესრიგის გადატანა რომელიმე ოპოზიციონერზე. შარშან მარტში ეს იყო გიგი უგულავა, ახლა კი - ნიკა მელია, რომლის სასამართლო პროცესი წელიწადნახევარია არ დაწყებულა, ეს თემა შეიძლება კიდევ 3-4 წელიწადს ატრიალონ.

ეს არის ხელისუფლების ძალიან სამარცხვინო ტაქტიკის ნაწილი.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)