"დასავლეთის სპეცსამსახურებზე კარგად, თურმე, უგულავამ იცის, რომ რუსეთის აგენტი ვარ. სადმე, როცა შემხვდება, ჩემს სათქმელს ვეტყვი" - კვირის პალიტრა

"დასავლეთის სპეცსამსახურებზე კარგად, თურმე, უგულავამ იცის, რომ რუსეთის აგენტი ვარ. სადმე, როცა შემხვდება, ჩემს სათქმელს ვეტყვი"

"კუდები მოაბეს - სტენტი უფასოდ გაუკეთეს და ამიტომ იცავს ნიკასო. ეს ხომ სისულელეა"

"ევროპელი სოციალისტი" დავით ზილფიმიანი პოლიტიკაში ახალი სახეა. პროფესიით რადიოფიზიკოსი გახლავთ, არა ერთი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის, კოსმოსური პროექტისა და ერთი საერთაშორისო პატენტის თანაავტორი. იგი საქართველოში პირველი კერძო ციფრული მულტიპლექს ოპერატორის - "სტერეო პლუსის" დამფუძნებელია, 2014 წლიდან კი საქართველოს კოსმოსურ ცენტრს ხელმძღვანელობს. დავით ზილფიმიანს პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებსა და დღევანდელ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ.

- საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

- ცხოვრების საკმაოდ დიდი გზა განვვლე. 35 წლის განმავლობაში მეცნიერულ საქმიანობას ვეწეოდი საზღვარგარეთ. მერე ინტელექტტევადი ბიზნესით დავინტერესდი - მეცნიერს ეს უფრო ეხერხება, ვიდრე ჩვეულებრივი გაყიდე-იყიდე. წლების განმავლობაში ვმუშაობდი დასავლეთის მოწინავე კომპანიებში, სააგენტოებში, უნივერსიტეტებში. როდესაც ჩემს ქვეყანას დასჭირდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, ჩემმა კომპანიამ უზრუნველყო. მეცნიერი ვარ და მიყვარს ჩემი საქმის კეთება. რაც შეეხება, პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებსა და მიზანს - ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, პოლიტიკა პოლიტიკას არ ჰგავს, ერთმანეთთან კინკლაობის მეტს არაფერს აკეთებენ. გადავწყვიტე, ეს წლები დამეთმო ჩემი ქვეყნისა და შვილების უკეთესი მომავლისთვის. ყოველთვის მხარს ვუჭერდი "პატრიოტებს", რა თქმა უნდა, ე.წ. პრორუსულ ასპექტს არ ვგულისხმობ. ისინი ნამდვილად პატრიოტები არიან, ძალიან უყვართ ქვეყანა, თან არასდროს ყოფილან ხელისუფლებაში და ამ ნიშნით ავირჩიე ეს პარტია. როდესაც პარლამენტში შეუსვლელობა გადაწყვიტეს, კეთილშობილურად შემოგვთავაზეს, ჩვენ არ შევდივართ და თქვენ ხომ არ შეხვალთო. გადაწყვეტილება მივიღე და უარი არ ვთქვი დეპუტატის მანდატზე, რადგან ჩავთვალე, ჩვენი ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. დასავლელ პარტნიორებსაც ველაპარაკე ამ თემაზე და ყველამ მხარი დამიჭირა. ვიმუშავებ მეცნიერებისა და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. განათლების სისტემაში აუცილებლად გვჭირდება რეფორმა. განათლებული ახალგაზრდობა კი მოდის, თუმცა ამდენი "პოლიტიკანის" ზეგავლენით, ცოტა არ იყოს, ენაბილწები გახდნენ. ერთმანეთს ისე გალანძღავენ, ისეთ რამეს ჩაიდენენ, დეპუტატისთვის ნაგვის თავზე დაყრის არ იყოს, რომ გაგიკვირდება. რასაც ხედავენ პოლიტიკოსებისგან, ისე იქცევა ახალგაზრდობაც.

- პარლამენტში შესვლის გამო კრიტიკის ადრესატი თქვენც ხომ არ გახდით?

- ძალიან ბევრი კრიტიკა იყო, ძალიან… თმენის ვალდებულება კი მაქვს, მაგრამ პასუხის გაუცემლობის ვალდებულება - არა. აი, მაგალითად, ავიღოთ ისეთი ვიგინდარა, როგორიც გიგი უგულავაა. 35 წელი ყველაზე მოწინავე და საიდუმლო სამეცნიერო ორგანიზაციებში ვმუშაობდი და დასავლეთის სპეცსამსახურებზე კარგად, თურმე, უგულავამ იცის, რომ რუსეთის აგენტი ვარ. ადამიანზე როდესაც რამეს ამბობ, მის წარსულზე მაინც უნდა გაიგო რამე. უცხოეთის ნებისმიერ ქვეყანაში ამ სიტყვებისთვის ციხიდან მანამდე არ გამოუშვებდნენ, ვიდრე ფაქტებს არ დადებდა და არ დაამტკიცებდა. საქართველოში კი ისე მოგაკერებენ იარლიყებს, არც დაფიქრდებიან. უგულავა სადმე როცა შემხვდება, თმენის ვალდებულება ნამდვილად არ მაინტერესებს, ჩემს სათქმელს ვეტყვი. ოდესმე გადამეყრება, ისე როგორ იქნება… სამწუხაროდ, დღეს ცილისწამება ნორმად იქცა. თვითონ იმის მეასედიც არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის, რაც სხვას, ამგვარი ცილისწამება მისთვის თავის გამოჩენის ერთგვარი ფორმაა.

- "იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით ვერ დავუჭერო" - თქვენს ამ სიტყვებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. არა მგონია, მიზეზი ეს ყოფილიყო...

- ნამდვილად ვერ დავუჭერდი მხარს, რა თქმა უნდა, სტენტების გამო არა, ეს ხუმრობა იყო. სინამდვილეში, მაგ სიტყვებამდე ჯერ ის ვთქვი, რასაც ახლა გეტყვით, ხუმრობით გეტყვით-მეთქი, მაგრამ ეგ ნაწილი მოჭრილი იყო ვიდეოდან. მართლაც კარგი კაცია ანზორი და მართლაც მანდ გავიკეთე სტენტი, მაგრამ ამას კუდები მოაბეს - უფასოდ გაუკეთეს და ამიტომ იცავს ნიკასო. ეს ხომ სისულელეა. ვერ ვიტყვი, რომ უდანაშაულოა, ასე არ არის, რადგან საქმე სასამართლოშია, მაგრამ მთავარი საქმე არ გადაწყვეტილა, არც დადებითად და არც უარყოფითად, ანუ პირველ ქმედებას, პარლამენტში შეჭრის მცდელობას ვგულისხმობ. ეს დანარჩენი კი უკვე იმ პირველიდან წარმოებულია და მისი წონა უფრო ნაკლებია, ვიდრე - ძირითადისა. გამოდის, რომ 70.000-ის ნაცვლად 30.000 გადაიხადა და ამიტომ უნდა მოგვეხსნა იმუნიტეტი. ამიტომაც გადავწყვიტე მხარი არ დამეჭირა.

- რა მოლოდინი გაქვთ დღეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? - ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ რაც ხდება, ეს არის რეაქციულ-დესტრუქციული ქმედებები. ვერავინ იტყვის, რომ რეაქციული ოპოზიცია არ ცდილობს საბოტაჟსა და დესტრუქციას, რასაც არ ვამართლებ, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილების ღირსი ყველაა. ამ საქმეში მთავარი დამნაშავე სასამართლოა, რომელმაც წელიწადი და 8 თვე გაწელა ეს ამბავი, რად უნდოდა ამხელა დრო სასამართლოს? აქამდე ხომ არ მივიდოდა საქმე? პროკურატურამაც რა ქნას? - დაავალეს და ასრულებენ. რთულია სამართლიანობის აღდგენა იმის გამო, რომ სასამართლოში კვლავაც არიან ადეიშვილის მოსამართლეები, მათი ბოლომდე შეცვლა ვერ მოხერხდა. ამას ყველას არ ვაკადრებ, მაგრამ ის რაოდენობა ძალიან აფუჭებს საქმეს. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მოხდება - როგორც პროკურატურის წარმომადგენლებმა თქვეს, თურმე, ანონიმურადაც შეიძლება თანხის გადახდა. მგონი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანი ამბობს, ციხე მირჩევნია გირაოს გადახდასო. ეს არის წმინდა წყლის დესტრუქცია, ზოგის თვალში, ალბათ, გმირად წარმოჩინდება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ის ხომ ნიკანორია, ის ხომ მელიაა, საქართველოს შვილია და ამიტომ სამართლიანობა მნიშვნელოვანია, გენოფონდს უნდა გავუფრთხილდეთ.

- როგორ ფიქრობთ, ღირსეულ ოპონირებას გაუწევთ მმართველ გუნდს, თქვენ ხომ უმცირესობაში ხართ? - რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენსას ვეცდებით. რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია, ანუ პროდუქტიულობა არ არის დამოკიდებული რაოდენობაზე. მე-9 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არ გასულა ოპოზიციის მხრიდან, მხოლოდ კინკლაობასა და ჩხუბს უნდებოდნენ, ჩვენ კი უკვე ვიმუშავეთ 2 საკანონმდებლო ინიციატივაზე და იმედი მაქვს, ბოლომდე მივიყვანთ და ბევრ რამეს შევცვლით, როდემდე შეიძლება საქართველო იდგეს ერთ ადგილზე…

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)