"მე და გიგი უგულავა საკუთარი ფეხით, ჩვენი ნებით ციხეში თავისუფლად მივედით, ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ" - კვირის პალიტრა

"მე და გიგი უგულავა საკუთარი ფეხით, ჩვენი ნებით ციხეში თავისუფლად მივედით, ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ"

"შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა საკუთარი ფეხით, ჩვენი ნებით ციხეში თავისუფლად მივედით ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ", - ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას პოლიციას ფიზიკურად არ გაატანენ.

"ვემზადებით უგუნური გადაწყვეტილებისთვის, იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება? ეს ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ შევხვდებით ადეკვატურად. შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა საკუთარი ფეხით, ჩვენი ნებით ციხეში თავისუფლად მივედით ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად არ გავატანთ. კანონი თქვენთვისაც და ჩემთვისაც კანონი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც გებრძვიან ნაჯახით და შენგან კანონმორჩილებას გულუბრყვილობით ითხოვენ, ასეთ მორჩილებას აღარ ვაპირებთ, თორემ, კანონმორჩილებას ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ვერ გვასწავლის", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ნიკა მელიას ოფისშივე დააკავებენ სამართალდამცავები, თუ სასამართლო მისი დაკავების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, ოქრუაშვილი ასე პასუხობს: "ივანიშვილის უგუნურებას საზღვარი არ აქვს. ეს ჩვენ ვნახეთ 20 ივნისს, ასევე პროპორციული არჩევნების დაპირების წაღების შემდეგ".

"ინტერპრესნიუსი"