"მშვიდად ვიდგებით ერთად და გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას" - კვირის პალიტრა

"მშვიდად ვიდგებით ერთად და გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას"

ჩვენ ამას არ ვემორჩილებით სიმშვიდით, სიმტკიცით, პრინციპულობით და ერთიანობით - პირობას ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", რომ ეს უკანონობა ვერ იარსებებს, რადგან ხალხი განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომავალს და არა თქვენი მონა პარლამენტარები, მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განაცხადა, რითაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისინი "მშვიდად გაისტუმრებენ" მოქმედ ხელისუფლებას.

"2019 წელს ჩვენ ვიხილეთ "ქართული ოცნების" თავხედობა, როცა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, თუმცა, იმავე წამს იმავე დროს, ჩვენ ვიხილეთ ერთ მუშტად შეკრული საქართველო, რომელმაც უთხრა, რომ საქართველოს მოქალაქე არ იღებს ამ შეურაცხყოფას, არ დაისვამს თავზე გავრილოვს და გავრილოვი გავაბუნძულეთ იქიდან, ჩვენ ვიყავით ამაყი ერი სწორედ ერთი წლის წინ. დღეს "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ განაჩენი გამოუტანოს საქართველოს დემოკრატიას, თავისუფლებას და მომავალს და ზუსტად ასევე დღეს, ერთ მუშტად შეკრულები, ჩვენ ვიძახით, რომ ეს არ მოხდება ასე, ჩვენ ამას არ ვემორჩილებით სიმშვიდით, სიმტკიცით, პრინციპულობით და ერთიანობით.

პირობას ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", რომ ეს უკანონობა ვერ იარსებებს, რადგან ხალხი განსაზღვრავს ამ ქვეყანის მომავალს და არა თქვენი მონა პარლამენტარები, მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, არაფერი არ მოხდება, მშვიდად ვიდგებით ერთად და გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას,"- განაცხადა ხოშტარიამ.

"ინტერპრესნიუსი"