"სპეცრაზმელებს დედები და მამები არ ჰყავთ? ყველასთან უნდა მივიდეთ, დედასთან, მამასთან, აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავისი შვილები" - კვირის პალიტრა

"სპეცრაზმელებს დედები და მამები არ ჰყავთ? ყველასთან უნდა მივიდეთ, დედასთან, მამასთან, აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავისი შვილები"

ახლა ერთადერთი გზა არის ძალმომრეობის შეკავება, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველასთან, პოლიციასთან, სპეცრაზმთან, აპარატის შიგნით ხალხთან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოწმობს, რომ ყველა ბიძინა ივანიშვილს ემსახურება.

"ახლა ერთადერთი გზა არის ძალმომრეობის შეკავება, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველასთან, პოლიციასთან, სპეცრაზმთან, აპარატის შიგნით ხალხთან. უკაცრავად, ამ სპეცრაზმელებს დედები და მამები არ ჰყავთ? ყველასთან უნდა მივიდეთ, დედასთან, მამასთან, აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავისი შვილები. ისინი ხომ ემსახურებიან საქართველოს დანგრევას და განადგურებას?! ისინი არა მხოლოდ საქართველოს აღარ იცავენ უკვე, მათი ლოზუნგი "ვემსახურებით საქართველოს" უკვე სასაცილოდაც ჟღერს. ისინი ანგრევენ, ანადგურებენ საქართველოს და ემსახურებიან მხოლოდ ერთს - "გაზპრომის" მთავარ აქციონერ-ივანიშვილს. უნდა ველაპარაკოთ მათ დედებს, მამებს, მასწავლებლებს. უნდა მივიდეთ მათ სახლებში, თითოეულის მისამართი უნდა იყოს ცნობილი. ახლა უკვე ვმუშაობთ, რომ თითოეულის მისამართი გამოვაქვეყნოთ. ყველასთან უნდა ვიმუშაოთ და ვილაპარაკოთ",-განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მათი ბრძოლა საბოლოოდ გამარჯვებით დასრულდება.

"გეგმა არის მხოლოდ ერთი - ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე, არჩევნების შედეგების ქართველი ხალხის დაბრუნებისთვის, საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, სამართლიანობისთვის, თითოეული ქართველის სამართლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ჭაობიდან თავის დაღწევისთვის. ჩვენ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ",-განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

"ინტერპრესნიუსი"