შსს ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

შსს ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნიკა მელიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ და ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პოლიციის მიერ ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.