“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გიორგი გახარიას გადადგომას და ნიკა მელიას დაკავების გადადებას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ - კვირის პალიტრა

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გიორგი გახარიას გადადგომას და ნიკა მელიას დაკავების გადადებას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ

"ნაციონალური მოძრაობის ოფისში" ნიკა მელიას საქმეზე შსს-ს მიერ დაგეგმილი ღონისძიების დროებით გადადებას ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ.

"ნიკა" ,"გაუმარჯოს", - ამ შეძახილებით შეხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და აქტივისტები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ისინი ასევე ტაშით შეხვდნენ ნიკა მელიას, რომელიც მედიასთან კომენტარს აკეთებს.

გიორგი გახარიას გადადგომას კი ტაშით შეხვდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებდნენ "საქართველოს გაუმარჯოს", " ეს არის ეროვნული მოძრაობა".

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეკრებილებმა ეზოში საქართველოს დროშები გაშალეს. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას აღნიშნავენ და აცხადებენ, რომ ამ ფაქტით გახარაიმ ხელისუფლების მოსალოდნელ ქმედებებზე პასუხისმგებლობა არ აიღო.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. ამის შესახებ გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

"ინტერპრესნიუსი"