"უზურპატორი მთავრობის პრემიერი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლის ღვრასა და მასობრივ დარბევაზე" - კვირის პალიტრა

"უზურპატორი მთავრობის პრემიერი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლის ღვრასა და მასობრივ დარბევაზე"

"დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლის ღვრასა და ხალხის მასობრივ დარბევაზე", - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა.

როგორც სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ქართველი ხალხის და ოპოზიციური ერთობის მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებია.

"დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრასა და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს ოპოზიციური ერთობის, ნიკა მელიას და საერთოდ, ქართველი ხალხის მართლაც დიდი გამარჯვებაა. ახლა მნიშვნელოვანია, არ შევასუსტოთ ერთობა, პირიქით, გავაფართოვოთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის, ოპოზიციური ერთობის მთავარი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები, ქართველი ხალხისთვის მათი ნების დაბრუნება, რომელიც მათ გასული წლის ოქტომბერში მოპარეს, მოპარა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა.

ახლა, ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა ერთი მხრივ, სიფხიზლე იმიტომ, რომ თავგაცხელებული ადამიანები საკმარისზე მეტია, შეიძლება მაინც ჩაიდინონ რაღაც უმსგავსობები და მეორე მხრივ, დროზე მივაღწიოთ შეთანხმებას დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებზე, ახალი საარჩევნო კომისიით და საერთაშორისო დამკვირვებლებით. მინდა ასევე მიმართო უცხოურ დილომატიურ კორპუსს, დიდი მადლობა ევროკავშირის ელჩს გუშინდელი ძალიან სწორი განცხადებისთვის. აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადებაც სწორი იყო, მაგრამ ახლა უნდა ვთქვათ, ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი სიტუაცია შეიქმნებოდა, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა და არის ღრმა კრიზისი ხელისუფლების უზურპატორ კოალიციაში, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. საქართველო რითია ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ნაკლები, თუ თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ სრულფასოვანი ქვეყანა ვართ, თუ აღიარებთ, რომ საქართველო მართულია ერთი ოლიგარქის მიერ ფორმალურად, მაშინ არჩევნები არ არის საჭირო, ამიტომ, ახლა თქვენ უნდა აირჩიოთ",-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

"ინტერპრესნიუსი"