"გახარიას გადადგომა დროული და სწორია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ის, რაც "ნაცმოძრაობის" ოფისთან ხდება, აბსოლუტური უგუნურებაა" - კვირის პალიტრა

"გახარიას გადადგომა დროული და სწორია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ის, რაც "ნაცმოძრაობის" ოფისთან ხდება, აბსოლუტური უგუნურებაა"

გახარიას გადადგომა დღეს არის დროული და სწორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხდება, არის აბსოლუტური უგუნურება და სახელმწიფოსთვის საზიანო,- ამის შესახებ მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

"ეს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში სწორი და დროულია, იმ მთავარი მიზნისთვის, რაც ახლა უნდა გვქონდეს ყველას - ესაა ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაცია - პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა. თუ გავითვალისწინებთ აშშ-ს საელჩოს დღევანდელ განცხადებას, გახარია ასევე დაიმსახურებს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორების მხარდაჭერასა და მოწონებას. ამასთან, ეს განცხადება ძალიან მაგონებს, 2001 წელს, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომას. იმ წელს იყო ძალიან სერიოზული კრიზისი, გამოსვლები ქუჩაში, ხალხი ითხოვდა მაშინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის გადადგომას. ამ კრიზისის განსამუხტად გადადგა თანამდებობიდან ზურაბ ჟვანია, რომელსაც პირდაპირ ეს საკითხი არ ეხებოდა. ამით მან საზოგადოების ყურადღება გადაიტანა თავის თავზე, კრიზისი განმუხტა და რამდენიმე თვით და წლით გადაწია "ვარდების რევოლუცია". სამწუხაროდ, ჟვანიას გადადგომის სიგნალი მაშინდელმა ხელისუფლებამ და პირადად ედუარდ შევარდნაძემ ვერ გაიგო და ვერც ვერაფერი შეცვალა",- აღნიშნავს ანა დოლიძე სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც შესაძლოა ედოს საფუძვლად გიორგი გახარიას გადადგომას.

"ჩემი აზრით, აქ არის ორი შესაძლებლობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გახარია იყო ნომინალური პრემიერი, მაღალრეიტინგული კაპიტალის მქონე პოლიტიკოსი, რომელსაც არ ჰქონდა ძალაუფლება. მას არ ჰქონდა საშუალება დაენიშნა ან მოეხსნა თუნდაც ერთი მინისტრი. წარმოიდგინეთ, ძალიან ძვირფასი კაპიტალი, რომელიც არსებობს და ვერ იყენებ, თუ გადავიტანთ ქონებრივ ლექსიკონში მაგ. პრეზიდენტის სასახლე შესაბამისად, ახლა რა მოხდებოდა - მელიას დაჭერის უგუნურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც მთელი პასუხისმგებლობა იქნებოდა პრემიერისკენ მიმართული. რომ არ გადამდგარიყო გახარია მას მოუწევდა ამ თემაზე თავის მართლება და მთავარი სახე იქნებოდა მაშინ, როდესაც, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მისი მიღებული არც კი ყოფილიყო. ანუ გახარია მიხვდა, რომ მორიგი ტალღის მთელი პასუხისმგებლობა მიდიოდა მისკენ. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, სიტუაციის დეესკალაციისთვის. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ შესაძლოა პრემიერის დღევანდელი გადადგომა იყოს განხორციელება სცენარისა - "ქართული ოცნების" გუნდიდან ვინც დამოუკიდებლად რეიტინგული იყო, თავადვე გამოეყოფა მმართველ გუნდს და შემდეგი არჩევნებისთვის გააკეთებს ოპოზიციურ გუნდს. სწორედ ასე მოხდა სმკ-ს დროს, როდესაც ცალკე გავიდნენ სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის შერჩეულები იყვნენ. მეორე გზა, რომელიც გახარიამ აირჩია, შესაძლოა სწორედ ეს გზაა, რაც უახლოეს მომავალში გამოჩნდება", - აცხადებს ანა დოლიძე.

"ინტერპრესნიუსი"